უძველესმა ადამიანებმა ხმელთაშუა ზღვა შეიძლება ჯერ კიდევ 450 000 წლის წინ გადაცურეს — #1tvმეცნიერება
უძველესმა ადამიანებმა ხმელთაშუა ზღვა შეიძლება ჯერ კიდევ 450 000 წლის წინ გადაცურეს — #1tvმეცნიერება

არქაულმა ადამიანებმა შეიძლება ჯერ კიდევ ნახევარი მილიონი წლის წინ იცოდნენ, როგორ გადაეცურათ ზღვა ახალ მიწებამდე მისაღწევად.

შუა პლეისტოცენის ხანის (ჩიბანური) სანაპირო ზოლების ახალი ანალიზის მიხედვით, უძველეს ჰომინინებს სხვანაირი გზა უბრალოდ არ ჰქონდათ თანამედროვე ეგეოსის კუნძულებზე მოსახვედრად. ამ კუნძულებზე არქეოლოგებს აღმოჩენილი აქვთ უძველესი არტეფაქტები, რომლებიც უფრო ძველია, ვიდრე ჰომო საპიენსის იქ გამოჩენის ჩვენთვის ცნობილი უძველესი თარიღები.

ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ უძველეს ადამიანებს დიდი წყალსატევების გადაკვეთის გზა უნდა სცოდნოდათ. თუკი ხმელეთის „ხიდები“ აუცილებელი არ იყო ადამიანების მიგრაციისთვის, ამას დიდი გავლენა უნდა ჰქონოდა ჩვენი წინაპრებისა და თანამედროვე ადამიანების მთელ მსოფლიოში გავრცელების გზებზე.

ძნელია, პასუხი გასცე კითხვას, როდის დაიწყეს ჰომინინებმა ზღვაოსნობა. მთელი ისტორიის განმავლობაში, ნავებს ხისგან ამზადებდნენ და როგორც წესი, ეს მასალა დროს კარგად ვერ უძლებს, ათობით ათას წელიწადსაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ ასობით ათას წელიწადზე. შესაბამისად, არ არსებობს იმის არანაირი იმედი, რომ ოკეანეებში ამ პირველი ნავების რაიმე ნაშთებს ვიპოვით.

სამაგიეროდ, გვაქვს დღემდე მოღწეული სხვა სახის არტეფაქტები და ძვლები — მაგალითად, ქვის იარაღები, რომლებიც არ იხრწნება. ამ ხელსაწყოთა ანალიზები საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, როგორ იცვლებოდა მსოფლიო ათასწლეულების განმავლობაში. საბერძნეთის პატრას უნივერსიტეტის გეოლოგის, გეორგ ფერენტინოს ხელმძღვანელობით ჩატარებულ კვლევაში, მეცნიერებმა სწორედ ამ სახის ახალია ანალიზების ჩატარება შეძლეს.

დღევანდელი ეგეოსის კუნძულები მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ადგილად მიიჩნევა. შედგება ასობით პატარა კუნძულისგან, რომლებიც ეგეოსის ზღვაში არქიპელაგს წარმოქმნის თურქეთს, საბერძნეთსა და კუნძულ კრეტას შორის. დასახლებულია უძველესი დროიდან; იქ აღმოჩენილი ზოგიერთი არტეფაქტი პოტენციურად 476 000 წლის წინანდელია.

გარდა ამისა, კუნძულ ლესბოსზე, მილოსსა და ნაქსოსზე აღმოჩენილი ქვის იარაღები აშელის კულტურის სტილისაა, რომელიც დაახლოებით 1,76 მილიონი წლის იდგა; ეს კულტურა აფრიკასა და აზიაში ჰომო ერექტუსთან არის დაკავშირებული. თურქეთში, საბერძნეთსა და კრეტაზე აღმოჩენილი რამდენიმე ასეთი იარაღი 1,2 მილიონი წლის წინანდელია და შესაბამისად, მათი გამოჩენა ახლომდებარე არქიპელაგზე, საკმაოდ მნიშვნელოვანია.

წინა კვლევები მიუთითებდა, რომ ამ კუნძულებზე ადამიანებმა ფეხი გამყინვარების პერიოდებში დადგეს. როდესაც მსოფლიო იყინება, ეცემა ზღვის დონე და ადამიანებს შეუძლიათ გადაკვეთონ ის ადგილები, რომლებიც იქამდე წყლით იყო დაფარული.

იმის დასადგენად, არის თუ არა ეს შესაძლებელი, ფერენტინოსმა და მისმა კოლეგებმა რეგიონის გეოგრაფიის რეკონსტრუქცია მოახდინეს, მათ შორის, აღადგინეს ეგეოსის კუნძულების 450 000 წლის წინანდელი სანაპირო ზოლები. ამისათვის გამოიყენეს უძველეს მდინარეთა დელტები, რისი გამოყენებაც შესაძლებელია ზღვის დონისა და ტექტონიკური აქტივობით გამოწვეული ჩაძირვის მაჩვენებლების დასადგენად.

გაარკვიეს, რომ წინა რეკონსტრუქციები არასწორი იყო. გასული 450 000 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ წერტილში, ზღვის დონე დღევანდელზე დაახლოებით 225 მეტრით დაბალი იყო.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მართალია, ზღვის დონის დაწევისას ეგეოსის ზოგიერთი კუნძული ერთმანეთთან დაკავშირებული ხდებოდა, ისინი მაინც იზოლირებული რჩებოდა მიმდებარე ხმელეთის მასებისგან. ზღვის დონის ყველაზე დაბალ წერტილში, მაინც უნდა ყოფილიყო რამდენიმე კილომეტრიანი ღია წყალი, რომლის გადაკვეთაც იქნებოდა საჭირო ეგეოსის კუნძულებამდე მისაღწევად.

მკვლევართა განცხადებით, სხვა მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ეს არ გახლდათ ზღვის უძველესი გადაკვეთა. მიჩნეულია, რომ დაახლოებით 700 000 წლიდან მილიონი წლის წინანდელ პერიოდში, არქაული ადამიანები ინდონეზიისა და ფილიპინების გარშემო ზღვებში მოგზაურობდნენ.

ეს კი მიუთითებს, რომ ზღვაში მოგზაურობის უნარი განვითარებული იყო არა მხოლოდ ჰომო საპიენსებში, არამედ ადამიანთა უფრო ადრეულ წინაპრებსა და ნათესავებშიც.

„ამას გარდა, იმის გათვალისწინებით, რომ არქაულმა ჰომინინებმა შეძლეს ეგეოსის ზღვის გადალახვა, მათ გიბრალტარის სრუტის გადაკვეთაც უნდა შესძლებოდათ“, — წერენ მკვლევრები.

მათი განცხადებით, ეს საშუალებას გვაძლევს გადავხედოთ ზოგადად მიღებულ ხედვას, რომლის მიხედვითაც, სამხრეთ-დასავლეთ ევროპის დასახლება მოხდა სინას ნახევარკუნძულის და ლევანტის დაბლობების, შემდეგ კი ანატოლიის სანაპირო ზოლისა და ბოსფორის ხმელეთის ხიდის გავლით შუა და გვიანდელ პლეისტოცენში.

კვლევა Quaternary International-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.