ადამიანები ჯერ კიდევ 170 000 წლის წინ ჭამდნენ გიგანტურ ლოკოკინებს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ადამიანები ჯერ კიდევ 170 000 წლის წინ ჭამდნენ გიგანტურ ლოკოკინებს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

170 000 წლის წინ, ჰომო საპიენსი თავს ირჩენდა ერთი ცხიმიანი, ცილებით მდიდარი საკვებით: მიწის გიგანტური ლოკოკინების მოხარშული ხორცით.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ბორდერის მღვიმეში აღმოჩენილი ლოკოკინას ნიჟარების დეტალურად შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საკვები ნივთიერებებით მდიდარი ეს მოლუსკები 100 000 წლის განმავლობაში იკავებდა მნიშვნელოვან ადგილს ადამიანის კვების რაციონში.

ეს აღმოჩენა ნამარხებში არსებულ ერთ მნიშვნელოვან ხარვეზს აღმოფხვრის. ამ დრომდე, ადამიანთა მიერ ლოკოკინების ჭამის ყველაზე ძველი მტკიცებულება 49 000 წლის წინანდელი იყო, რას საკმაოდ უცნაურად ჩანდა, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად მარტივი და უსაფრთხოა მათი შეგროვება და საკვებად მომზადება; თანაც, ისინი საკვებ ნივთიერებათა ბრწყინვალე წყაროა.

თუმცა, სამხრეთ აფრიკის ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა არქეოლოგ მარინ ვოიჩიზაკის ხელმძღვანელობით, აჩვენა, რომ ლოკოკინებს ადამიანები საკვებად გაცილებით ადრეც იყენებდნენ.

ადამიანები და ადამიანთა წინაპრები ბორდერის მღვიმეში ძალიან დიდხანს ბინადრობდნენ. ამის ყველაზე ძველი მტკიცებულება 227 000 წლის წინანდელია, ყველაზე ახალი კი 600 წლის. ყველაფერი, რაც იქ ცხოვრობდა და კვდებოდა, მღვიმის ძირზე, დანალექებში იმარხებოდა, მაგრამ ასეთ „ჩანაწერებს“ ამოთხრა ესაჭიროება, თანაც ფრთხილად.

გათხრები მღვიმეში ბოლოს 2015-2019 წლებში მიმდინარეობდა და რაღაც საინტერესო აღმოაჩინეს: ლოკოკინას ნიჟარების ძალიან ბევრი ნატეხი, სხვადასხვა პერიოდში ჩამარხული, მრავალი შრეში. დადგინდა, რომ ნიჟარის ფრაგმენტები აქატინიდების (Achatinidae) ოჯახს ეკუთვნოდა — მიწის გიგანტურ ლოკოკინებს. უცნობი რჩებოდა, როგორ და რატომ მოხვდნენ ისინი მღვიმეში.

ვოიჩიზაკმა და მისმა კოლეგებმა შენიშნეს, რომ მნიშვნელოვნად სხვადასხვაგვარი იყო ფრაგმენტების ფერი. ფერთა ასეთი ცვალებადობა მაშინ ხდება, როდესაც ნიჟარები ცხელდება, მაგრამ გასარკვევი იყო, ამასთან გვქონდა თუ არა საქმე ბორდერის მღვიმის ნიჟარების შემთხვევაში.

მკვლევრებმა ლოკოკინა Metachatina kraussi-ის ნიჟარის ფრაგმენტები აიღეს, რადგან ის მღვიმეში აღმოჩენილი ნიჟარების „პატრონ“ ლოკოკინათა ოჯახს ეკუთვნის, შემდეგ კი სხვადასხვა ტემპერატურაზე გააცხელეს სხვადასხვა დროს, 200-დან 550 გრადუს ცელსიუსამდე.

ამის შემდეგ, როგორც არქეოლოგიური, ისე ექსპერიმენტული ნიჟარების ფრაგმენტები ფრთხილად შეისწავლეს ინფრაწითელი, რამანის და ელექტრონული მიკროსკოპით. სითბოს შედეგად ნიჟარის მინერალებში ცვლილებები მოხდა, რამაც დაადასტურა, რომ ბორდერის მღვიმის ნიჟარების ფრაგმენტები სწორედ სიცხის შედეგად იყო შეცვლილი და არა გარემოს ან დაშლის შედეგად. ცვლილებებს შორის იყო ფერისა და ბზინვარების შეცვლა, დაბზარვა, წყლისა და წონის დაკლება.

მღვიმეში აღმოჩენილ ფრაგმენტთა უმეტესობას გაცხელების ნიშნები ჰქონდა, სავარაუდოდ, ნაკვერჩხალზე მომზადების შედეგად. გამომდინარე იქიდან, რომ ნიჟარები თანაბრად ვერ გაცხელდებოდა, ამით შეიძლება აიხსნას, რომ ზოგიერთი ფრაგმენტი დაუმუშავებელი ჩანდა.

ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ბორდერის მღვიმეში მცხოვრები ადამიანები ლოკოკინებს აგროვებდნენ და სახლში მიჰქონდათ. ლოკოკინები ნელა დადიან და მათი შეგროვება უსაფრთხოა. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება სახიფათო პარაზიტებიც ჰყავდეთ, დამუშავება მათ გააუვნებელყოფს და თანაც, ეს არსებები მდიდარია მრავალი ვიტამინითა და მინერალით. როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, გიგანტური ლოკოკინები დღემდე პოპულარული საკვებია დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთი ადვილად მოსაპოვებელი და შესაჭმელი საკვებისთვის ადრეულ ადამიანებს გვერდი აევლოთ. ვოიჩიზაკისა და მისი ჯგუფის კვლევა ამ მოსაზრებას მხარს უჭერს.

ამას გარდა, ამ ადგილზე აღმოჩენილია სახამებლით მდიდარი ბოსტნეულის მომზადების მტკიცებულებებიც; საერთო ჯამში, ლოკოკინებთან ერთად, ამ ყველაფრით შეიძლება ხალხის საკმაოდ დიდი ჯგუფი იკვებებოდა.

კვლევა Quaternary Science Reviews-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.