უძველესი ადამიანები ცეცხლს ჯერ კიდევ მილიონი წლის წინ დაეუფლნენ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
უძველესი ადამიანები ცეცხლს ჯერ კიდევ მილიონი წლის წინ დაეუფლნენ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ცეცხლის დაუფლებამ ადრეულ ადამიანებს სრულიად ახალი სამყაროსკენ გაუხსნა გზა — მომზადების შედეგად შესაძლებელი გახდა უფრო მეტი საკვები ნივთიერებების მიღება, ბნელი საათების სასარგებლოდ გამოყენება, მკაცრ კლიმატში მიგრაციების დროს გადარჩენა.

თუმცა, დროში დაიკარგა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის და როგორ დაეუფლა ადამიანი ცეცხლს; როგორც დამწვარი მასალების ფრაგმენტები მიუთითებს, ეს პროცესი დაახლოებით 1,5 მილიონი წლის წინ უნდა დაწყებულიყო. ახლახან, მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სცადეს კოცონების დამალულ მინიშნებათა პოვნა ისრაელში, დაახლოებით მილიონი წლის წინანდელ ქვედა პალეოლითის ეპოქის ძეგლზე.

არქეოლოგიურ ძეგლებზე ცეცხლის იდენტიფიცირება ძირითადად ეფუძნება ვიზუალურ მინიშნებებს, მაგალითად, ნიადაგის გაწითლებას, შეფერილობის შეცვლას, დეფორმირებას, დაბზარვას და მასალების შეკუმშვას.

ახალ კვლევაში, მეცნიერებმა გამოიყენეს სპექტროსკოპიული „თერმომეტრი“, რომელსაც შეუძლია დააფიქსიროს მცირე ქიმიური ცვლილებები და ისინი ღრმა დასწავლის ალგორითმებით შეისწავლოს, რის შედეგადაც, შესაძლებელია ქვებსა და ნიადაგზე სითბოს ზემოქმედების შეფასება.

ისრაელის არქეოლოგიური ცენტრის არქეოლოგმა ზანე სტეპკამ და მისმა კოლეგებმა ეს „თერმომეტრი“ ისრაელის ერთ-ერთ, 1 – 0,8 მილიონი წლის წინანდელ ძეგლზე აღმოჩენილ კაჟის არტეფაქტებზე გამოიყენეს.

არტეფაქტებს ცხოველთა ნამარხებთან ერთად მიაგნეს, მოყვითალო-რუხ ქვიშაში, რომლის ქვეშაც წითელი თიხნარი ფენა იყო. ამ ადგილას ცეცხლის კვალის რაიმე ვიზუალური ნიშანი აშკარად არ იყო.

თუმცა, ხელოვნური ინტელექტის „თერმომეტრმა“ გამოავლინა მცირე ქიმიური ხელწერები, რაც მიუთითებდა, რომ რამდენიმე ქვის იარაღი და ეშვის ნატეხები სხვადასხვა ტემპერატურებზე იყო გაცხელებული, ზოგიერთი 400 გრადუს ცელსიუსზე მაღალ ტემპერატურაზეც. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მათ ცეცხლთან ჰქონდათ კონტაქტი.

მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ მათ სრულებით არ შეუძლიათ გამორიცხონ ამ ადგილას თავად გაჩენილი ხანძარი, რადგან ძეგლი ღია ადგილასაა, მაგრამ როგორც ხელსაწყოებისა და ძვლების შეჯგუფება მიუთითებს, ადრეულ ჰომინინებს ნამდვილად უნდა ჰქონოდათ ცეცხლის კონტროლის უნარი.

აქამდე მიიჩნეოდა, რომ 150 000 წელიწადზე უფრო შორეულ წარსულში ჰომინინების მიერ ცეცხლის გამოყენებას მხოლოდ ოპორტუნისტული, შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა, ავსტრალიურ მტაცებელთა მსგავსად, რომლებიც ცეცხლის ალს განზრახ ავრცელებენ ბუჩქებიდან მსხვერპლის გამოსადევნად. მაგრამ თუკი ეს ცეცხლები მართლაც საბანაკო ადგილებით შემოიფარგლება, ეს სულ სხვა რამეზე მიუთითებს.

მხოლოდ რამდენიმე არქეოლოგიურ ძეგლზე გვხვდება ადრეული ადამიანების ამ ასაკის არტეფაქტები და ცეცხლის მტკიცებულება; ახალი აღმოჩენა წონას მატებს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, ჩვენს წინაპრებს ჯერ კიდევ მაშინ შეეძლოთ ამ მძლავრი ტექნოლოგიის გამოყენება.

მკვლევართა განცხადებით, ამ ახალი მეთოდის შემდეგმა გამოყენებამ შეიძლება კიდევ უფრო მეტი ცნობა მოგვცეს იმის შესახებ, როდის და როგორ დავეუფლეთ პირველად ცეცხლს.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.