ადრეულმა ადამიანებმა ორ ფეხზე სიარული შეიძლება ჯერ კიდევ ხის კენწეროზე ისწავლეს — #1tvმეცნიერება
ადრეულმა ადამიანებმა ორ ფეხზე სიარული შეიძლება ჯერ კიდევ ხის კენწეროზე ისწავლეს — #1tvმეცნიერება

ბიპედალიზმი, ანუ წელში გამართულად, ორ ფეხზე სიარული, ადამიანის განმსაზღვრელი მახასიათებელია; მიჩნეულია, რომ ჩვენს უძველეს ნათესავებში ის მაშინ ჩამოყალიბდა, როდესაც ისინი ტყეებიდან ღია სივრცეებში გავიდნენ.

გარეული შიმპანზეების ქცევებზე ჩატარებული ახალი კვლევა მიუთითებს, რომ ბიპედალიზმის ევოლუცია შეიძლება წარმოადგენდა სტრატეგიას, რომელიც პირველად მაშინ გამოჩნდა, როცა ჩვენი შორეული ნათესავები ჯერ კიდევ ხის ტოტებზე დახტოდნენ.

მეცნიერებს უკვე დიდი ხანია აინტერესებთ, ჩვენს წინაპრებს ბიპედალიზმისკენ საცხოვრებელი გარემოს (ჰაბიტატი) შეცვლამ უბიძგა, თუ ორ ფეხზე სიარულის უნარი მათ ჯერ კიდევ ტყეებში ჩამოუყალიბდათ და შემდეგ ეს ღია მდელოებზე გასვლისასაც გამოადგათ.

„ამ დრომდე, ბიპედალიზმის ევოლუციის შესახებ არსებული მრავალი ჰიპოთეზა იზიარებდა იდეას, რომ ჰომინინები (ადამიანის წინაპრები) ხეებიდან დაბლა ჩამოვიდნენ და წელში გამართულად სიარული მიწაზე დაიწყეს, განსაკუთრებით უფრო მშრალ, ღია ჰაბიტატებში, სადაც არ იყო ტყის საფარი. თუმცა, ჩვენი მონაცემები ამას არ ეთანხმება“, — ამბობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ბიოლოგიური ანთროპოლოგი ფიონა სტიუარტი.

ძვლების სტრუქტურებში შემონახული მტკიცებულების გამოყენებით, მკვლევრებს შეუძლიათ დაადგინონ, როგორ მოძრაობდნენ ადრეული ჰომინინები კონკრეტულ გარემოში. თუმცა, ძვლებს არ შეუძლია იმის თქმა, რა პირდაპირი გავლენა შეიძლება იქონია გარემომ მოძრაობაზე.

ჯუჯა შიმპანზეები (Pan paniscus) და შიმპანზეები ჩვენი უახლოესი ცოცხალი ნათესავები არიან. იმის გაგება, თუ როგორ იცვლება მათუ ქცევა ჰაბიტატთან მიმართებაში, საუცხოო ახალ ცნობებს გვაწვდის ბიპედალიზმის ეკოლოგიური წარმმართველების შესახებ, რაც სხვაგვარად მხოლოდ ნამარხებით შეიძლება დავასკვნათ.

სტიუარტის და მისი კოლეგების განცხადებით, ეს გახლავთ ადამიანის მსგავს ცოცხალ მაიმუნებში ჩატარებული პირველი ტესტი იმ ჰიპოთეზის შესამოწმებლად, რომლის მიხედვითაც, სახმელეთო ბიპედალიზმის გამომწვევი იყო ტყიანი, სავანა ჰაბიტატები.

კვლევაში დოკუმენტურად აღწერეს გარეული აღმოსავლური შიმპანზეების (Pan troglodytes schweinfurthii) ქცევები დასავლეთ ტანზანიაში, ისას ხეობაში. ისას ხეობა აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზის ხეობაში მდებარე ტყე-სავანის მოზაიკის ტიპის რეგიონია, იმ გარემოს მსგავსი, სადაც ერთ დროს ადრეული ჰომინინები ბინადრობდნენ.

შიმპანზეების ისეთ გარემოში ცხოვრებამ, როგორშიც ჩვენი ადრეული ადამიანი წინაპრები, მეცნიერებს ბიპედალიზმის ეკოლოგიური წარმმართველების შესწავლის საშუალება მისცა. ისას ხეობის შიმპანზეების მოძრაობები და პოზები შეადარეს აფრიკის უღრანტყიან ზონებში მცხოვრებ შიმპანზეებზე ადრე ჩატარებული კვლევის მონაცემებს.

როდესაც ისას ხეობის შიმპანზეების ქცევები აფრიკის სხვა ნაწილებში, მთლიანად ტყიანი ზონების ბინადარი შიმპანზეებისას შეადარეს, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მიუხედავად მათი ტყე-სავანის მოზაიკური ჰაბიტატისა, ისას შიმპანზეები სულაც არ იყვნენ უფრო მიწაზე მოსიარულეები. ისინი ხეებზე ზუსტად იმდენივე დროს ატარებდნენ, რამდენსაც უღრანი ტყეების ბინადარი შიმპანზეები.

შიმპანზეთა ჯგუფებში ვარიაციების გასაზომად, მკვლევრები ისას ხეობაში 13 ზრდასრული შიმპანზის (6 მდედრი და 7 მამრი) პოზიციურ ქცევას დააკვირდნენ. მათ შორის იყო თითქმის 15 თვის განმავლობაში მიმდინარე 2850 დაკვირვება ცოცვაზე, სიარულზე, ჩამოკიდებაზე, ასევე ათასობით შენიშვნა პოზების შესახებ. თითო-საათიანი ყოველი დაკვირვების ბლოკის დროს, ისინი მონაცემებს ყოველ ორ წუთში აგროვებდნენ.

ბიპედალიზმზე ყოველი დაკვირვებისას, იწერდნენ შიმპანზეების მიმართებით მდებარეობას.

ისას ხეობის შიმპანზეებში ბიპედალიზმის დაკვირვებულ მოვლენათა 85 პროცენტი ხდებოდა ხეებზე, ძირითადად მაშინ, როდესაც შიმპანზეები საკვებს ეძებდნენ. ავტორთა განცხადებით, ეს აღმოჩენა მოულოდნელია, რადგან მიჩნეულია, რომ ბიპედალიზმის ევოლუციური წნეხი დაკავშირებული იყო სახმელეთო აქტივობასთან, მაგალითად, საგნების ტარებასთან ან მაღალ ბალახში სიარულთან.

„ჩვენი კვლევა მიუთითებს, რომ დაახლოებით ხუთი მილიონი წლის წინ, მიოცენ-პლიოცენის ეპოქაში ტყეების უკან დახევა და უფრო ღია სავანების ტიპის ჰაბიტატის გავრცელება სინამდვილეში სულაც არ იყო ბიპედალიზმის კატალიზატორი“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ბიოლოგიური ანთროპოლოგი ალექს პილი.

მისი განცხადებით, ამის ნაცვლად, სავარაუდოა, რომ ხეები გადამწყვეტი იყო ბიპედალიზმის ევოლუციაში — რადგან საკვების მომცემი ხეების ძებნა შეიძლება ამ თვისების წარმმართველი გახდა.

დამატებითი კვლევებია საჭირო იმის დასადგენად, იქცეოდნენ თუ არა სწორედ ასე ჩვენი წინაპრებიც და როგორ გადაიზარდა ტოტებზე ბარბაცით სიარული სავანებში სეირნობაში.

კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.