ადვოკატის ინფორმაციით, 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურებას გეგმავს
ადვოკატის ინფორმაციით, 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურებას გეგმავს.
როგორც სპეცრაზმელის ადვოკატმა, ზაზა არჩვაძემ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ქმედება სასჯელზეც იქონიებს გავლენას.
„დაზარალებულებს საქმეში ჩანს, რომ მიყენებული აქვთ ზიანი. ჩვენ ვაპირებთ, ეს ზიანი მათ აუნაზღაურდეთ, ვინაიდან ბრალდებულმა თავი სრულად ცნო დამნაშავედ. თუ ზიანი ანაზღაურებულია, ეს სასჯელზე ახდენს გავლენას“, – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა, ზაზა არჩვაძემ.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორ ლაშა ცქვიტარიას თქმით, ამ ეტაპზე ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს.
„ამ ეტაპზე საპროცესი შეთანხმების გაფორმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს. სახელმწიფო ბრალდებისთვის მნიშვნელოვანია დაზარალებულის პოზიცია. თუ რეალურად ბრალდებული აუნაზღაურებს ზიანს, ამის შემდეგ დაიწყება ყველა სახის შემსუბუქებაზე საუბარი“, – განაცხადა პროკურორმა.
გამოძიება გიორგი ესიაშვილს პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას, იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი წარდგენილ ბრალს აღიარებს.
გიორგი ესიაშვილი ივლისში დააკავეს და მას სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.