20-21 ივნისის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი გიორგი სულაშვილის ადვოკატი საქმის სრული მასალების გაცნობას ითხოვს
20-21 ივნისის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი გიორგი სულაშვილის ადვოკატი საქმის სრული მასალების გაცნობას ითხოვს

20-21 ივნისის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი გიორგი სულაშვილის უფლებების დამცველი, საია-ს იურისტი რევაზ აჭარაძე აცხადებს, რომ მისთვის პროკურატურის მიერ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება დაგვიანებული ქმედებაა.

„არ იყო აუცილებელი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რადგან კოდექსში პირდაპირ წერია, რომ ადამიანი თუ დაკარგავს სხეულის ორგანოს, ეს ნიშნავს, რომ არის მძიმე დაზიანება და უკვე უპირობოდ ითვლებოდა, რომ ამ ადამიანს მიადგა ასეთი დაზიანება. რაიმე სხვა დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება, თუ ვინ მიაყენა ეს ზიანი, მეეჭვება რომ იდოს საქმეში. შესაბამისად, გამოძიება ფაქტობრივად სპეციალურად გააჭიანურეს და არ მიანიჭეს აქამდე ეს სტატუსი.

რაც შეეხება, რას ველოდებით მასალებისგან – გუშინწინ გავეცანით მაკო გომურის საქმეს, სადაც არანაირი ინფორმაცია არ დევს, თუ ვის შეიძლება ჩაედინა დანაშაული. მიგვაჩნია, რომ რეალურად არც არის ჩატარებული გამოძიება იმ ორ ტომთან დაკავშირებით. დიდი იმედი არ გვაქვს, რომ გიორგი სულაშვილის ნაწილშიც რაიმე მნიშვნელოვანი იყოს. თუმცა, აქვე გავნვმარტავთ, რომ გვაქვს იმედი, სრული საქმის მასალებს გავეცნობით და თვითონ არ ამოკრეფს გამოძიება, რასაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ“, – აცხადებს რევაზ აჭარაძე.

მისი თქმით, მაკო გომურის საქმისგან განსხვავებული მასალები არ იქნება გიორგი სულაშვილის შემთხვევაშიც.

„საპროცესო კოდექსის მიხედვით, დაზარალებულს აქვს უფლება, გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს სრულად, არანაირი მითითება არ არის, რომ გამოძიებას შეუძლია შეუზღუდოს რაღაც ნაწილები. ერთი შემთხვევა არის, სადაც შეუძლიათ დადგენილება გამოსცეს პროკურორმა, რომ უარს გეუბნები მასალების გაცნობაზე და ეს უნდა იყოს დასაბუთებული. არანაირი დადგენილება ჩვენ არ გადმოგვცემია, რომ მასალებს არ გაგვაცნობდნენ და უარი არავის არ უთქვამს. გვითხრეს მობრძანდით და გაეცანით მასალებსო, თუმცა რომ მივედით დაგვხვდა მათ მიერ ამოკრეფილი რაღაც ნაწილები. თვითონ როგორც ამბობენ, ეს იყო მხოლოდ მნიშვნელოვანი ჩვენთვის. თუმცა, ჩვენ გვჭირდება სრული მასალების გაცნობა, რომ გავიგოთ, რა არის მნიშვნელოვანი, რა არ არის და არის თუ არა რომელიმე პოლიციის მუშაკი გამოკითხული, რადგან მაკოს მასალებში, ერთი ადამიანიც არ არის პოლიციიდან გამოკითხული.

გიორგის სატელეფონო საუბრისას განუმარტეს, რომ ერთი კვირის განმავლობაში უკვე მისი მასალები დამუშავდება, რისი გაცნობაც შეუძლია. ერთი კვირა კი იმისთვის სჭირდებათ ალბათ, რომ ამოკრიფონ იმ 48 ტომიდან გიორგისთან დაკავშირებული მასალები, დააქსეროქსონ და ის გაგვაცნონ. დარღვევაა არის, რომ არ გვაცნობენ სრულად მასალებს, რადგან ამ 48 ტომში, რომელიმე პირის გამოკითხვაში შეიძლება ფიგურირებდეს ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც დაგვჭირდება მაკოს, გიორგის ან თუნდაც სხვა 23 ადამიანის უფლებების დასაცავად, ვისაც ჩვენ ვიცავთ“, – აცხადებს რევა აჭარაძე.

გენერალური პროკურატურის ცნობით, 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, დაზარალებულად იქნა ცნობილი გიორგი სულაშვილი. „გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედება – გამოკითხულია 700-ზე მეტი პირი, მათ შორის სამართალდამცავები. გამოკვლეულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი შესაბამისი ვიდეომასალა. დანიშნულია ექსპერტიზები. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია“, – აცხადებენ პროკურატურაში.