გიორგი სულაშვილი - ჩვენი ბრძოლა მხოლოდ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებით არ მთავრდება
გიორგი სულაშვილი - ჩვენი ბრძოლა მხოლოდ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებით არ მთავრდება

20-21 ივნისის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი გიორგი სულაშვილი აცხადებს, რომ მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებით ბრძოლას არ ასრულებს. მას იმედი აქვს, რომ პროკურატურა საქმის სრულ მასალებს გააცნობს.

„როგორც იქნა, მომანიჭეს დაზარალებულის სტატუსი. დაგვიანებული იყო თუ არა – რა თქმა უნდა, დაგვიანებული იყო. უფრო მოკლე ვადებშიც იყო შესაძლებელი ამ ყველაფრის გაკეთება. ალბათ, რაღაც მიზეზების გამო დაგვიანდა, ზუსტად არ ვიცი, რა მიზეზების გამო. საქმის მასალებს რომ ჩავიბარებ, ალბათ იქ ეწერება. ვიმედოვნებ, რომ საქმის სრულ მასალებს გადმომცემენ და არა ისე სანახევროდ, როგორც ეს მაკო გომურის შემთხვევაში მოხდა. რა თქმა უნდა, ჩვენი ბრძოლა მხოლოდ სტატუსის მინიჭებით არ არის დამთავრებული. რაღაც ფორმალობის მიცემა არ არის გამოსავალი.

უნდა მივიდეთ იმ დონემდე, რომ დაისაჯოს თითოეული ის ადამიანი, ვისაც ჩვენს დამახინჯებაში მიუძღვის რაღაც წვლილი, თუნდაც ერთი სიტყვით. არა მარტო ჩემი, მაკო გომურის და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანის საქმეზე, რომლებიც ფიზიკურად დამახინჯდნენ. არ მგონია, რომ არავინ არის დამნაშავე, ყოველთვის ვიღაც არის დამნაშავე. დიდია თუ პატარა, არ ვიცი. ფაქტი ის არის, რომ მთელი ცხოვრება მომიწევს ცალი თვალით ყოფნა, თვალს რომ თავი დავანებოთ, ძვლებიც კი აღარ მაქვს სახეზე და არ მაქვს არც ქვედა ქუთუთო. მე მგონი, ძალიან ცუდი სანახავია, ყოველ დილით, როდესაც იღვიძებ და სარკეში ხედავ ამ ყველაფერს. ძალიან რთულია ამ ყველაფრის გადატანა მორალურად და ფსიქოლოგიურად. იმედია, სამართლიანობა აღდგება ჩვენს ქვეყანაში და მივაღწევთ იმას, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია, საქართველო გახდება განვითარებული და ევროპულ ქვეყნებთან მიახლოებული“, – აცხადებს გიორგი სულაშვილი.

გენერალური პროკურატურის ცნობით, 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, დაზარალებულად იქნა ცნობილი გიორგი სულაშვილი. „გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედება – გამოკითხულია 700-ზე მეტი პირი, მათ შორის სამართალდამცავები. გამოკვლეულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი შესაბამისი ვიდეომასალა. დანიშნულია ექსპერტიზები. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია“, – აცხადებენ პროკურატურაში.