20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული მუხრან ფანგანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული მუხრან ფანგანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული მუხრან ფანგანი გაათავისუფლა.

მუხრან ფანგანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 2 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მუხრან ფანგანმა ბრალი აღიარა. ფანგანის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დაყენა, რასაც ბრალდების მხარეც დაეთანხმა.

„ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა იმ ნაწილში ცნო დამნაშავედ თავი, რაც წარდგენილი აქვს და რაც მან ჩაიდინა. მის ბრალდების დადგენილებაში არაფერი წერია ხელისუფლების დამხობაზე ან პოლიტიკურ გადატრიალებაზე“, – განაცხადა ადვოკატმა კახაბერ ხვისტანმა.

საქმის პროკურორის თქმით, მას შემდეგ რაც ბრალდებულმა ბრალი აღიარა, მოიკლო გარკვეულმა საფრთხეებმა მოწმეების ზემოქმედების კუთხით.

„ბრალდებულის უფლება არის ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის გამოძიების ეტაპი იქნება თუ სასამრთლო ეტაპი, თავი ცნოს დამნაშავედ ან არ ცნოს დამნაშავედ, ან გამოიყენოს დუმილის უფლება. ბრალდებულის პოზიციაა, რომ მან სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. დაადასტურა ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები ცნო უდავოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ არ მოხდება მტკიცებულებების გამოკვლევა სასამართლო სხდომაზე უშუალოდ და ზეპირად არ დაიკითხებიან მოწმეები. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ მისი პოზიციის გათვალისწინებით მოიკლო გარკვეულმა საფრთხეებმა, კერძოდ, მოწმეების ზემოქმედების საფრთხემ, რაც საფუძვლად დაედო აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და დავეთანხმეთ გირაოს“, – განაცხადა პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა.