20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებული ექვსი პირის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართება
20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებული ექვსი პირის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებული ექვსი პირის სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესზე ადვოკატები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.

სამი დაკავებულის, ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილისა და ლევან ჯიქურის ადვოკატის განცხადებით, შესავალი სიტყვის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, შესაძლოა, მტკიცებულებების გამოკვლევაც მოხდეს. ვახტან იაშვილის თქმით, ის ვარაუდობს, რომ ლევან ჯიქური, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, შესაძლოა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს.

„აქციის მონაწილე ექვსი ბრალდებული პირის მიმართ განიხილება დღეს საქმე. ადვოკატებს, ვისაც შესავალი სიტყვა დარჩათ, ისინი წარმოთქვამენ ამ სიტყვას და შემდგომი ეტაპი უკვე მტკიცებულებების გამოკვლევაა. როგორც წერილობითი, ისე ვიდეომტკიცებულებების და რა თქმა უნდა, მოწმეთა დაკითხვები. იმის მიხედვით, თუ დაცვის მხარის შესავალი სიტყვა რამდენად ვრცელი იქნება, მოსამართლე გადაწყვეტს მოესწრება თუ არა მოწმეთა დაკითხვები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ბესიკ თამლიანი, ზურაბ ბუდაღაშვილი და ლევან ჯიქური არიან. ამ სასამართლო პროცესზე არსებითად არაფერი შეიცვლება სასამართლო განხილვის ეტაპიდან გამომდინარე. შესაბამისად, განსაკუთრებული მოლოდინი არ გვაქვს. ერთადერთი ვვარაუდობ, რომ შესაძლოა, თუ ეყოფა სასამართლოს და გადაწყვეტილების მიმღებთ ჭკუა და გონება, რომ ლევან ჯიქური, რომელიც მიჯაჭვულია სამედიცინო სავარძელს, შესაძლოა, გაათავისუფლონ გირაოთი. დარჩენილი შესავალი სიტყვის წარმოთქმა იქნება და თუ დარჩება დრო, მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება“, – განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა.

დაკავებულებს გამოძიება 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.