პროკურორი - ზურაბ ბუდაღაშვილის განცხადებაზე, რომ მელიას, ოქრუაშვილისა და უგულავას წინააღმდეგ ჩვენებას სთხოვდნენ, გამოძიება დაიწყო
პროკურორი - ზურაბ ბუდაღაშვილის განცხადებაზე, რომ მელიას, ოქრუაშვილისა და უგულავას წინააღმდეგ ჩვენებას სთხოვდნენ, გამოძიება დაიწყო

20-21 ივნისის აქციაზე დაკავებულების საქმის პროკურორის, ვაჟა თოდუას თქმით, ბრალდებულ ზურაბ ბუდაღაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მას პენიტენციურ დაწესებულებაში სთხოვდნენ, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენება მიეცა, გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ პროკურორმა ვაჟა თოდუამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ზურაბ ბუდაღაშვილთან გამომძიებლები იყვნენ შესულები, თუმცა, ბრალდებულმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, ვინაიდან სურდა ამ პროცესს მისი ადვოკატი დასწრებოდა.

„აღნიშნულზე დაწყებულია გამოძიება და ბრალდებულთან ციხეზე იყო გამომძიებელი მისი დაკითხვის მიზნით, თუმცა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რადგან სურდა დაკითხვას დასწრებოდა მისი ადვოკატი“, – განაცხადა პროკურორმა ვაჟა თოდუამ.

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე გამართულ ბოლო სხდომაზე ზურაბ ბუდაღაშვილმა განაცხადა, რომ მასზე უცნობი პირების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა. იგი ზეწოლის მიზეზად ოპოზიციის ლიდერების, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას ასახელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებული ოთხი პირის ზურაბ ბუდაღაშვილის, ბესიკ თამლიანის, კახაბერ კუპრეიშვილისა და ცოტნე სოსელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან.