ადვოკატი - სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის მიმართ გამოძიება ისევ 236-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს
თბილისში, მცხეთის ქუჩაზე სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გ.ჭ-ს მიმართ მუხლი არ შეცვლილა და გამოძიება კვლავ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, – ამის შესახებ გ.ჭ-ს ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დაცვის მხარე შიშობდა, რომ მუხლი შეიცვლებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.
„გადმოგვეცა მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ბრალი იგივე დარჩა. ვშიშობდით, რომ ბრალის შეცვლა შესაძლებელი იყო, მაგრამ არაფერი მოხდა. ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, ძირითადად, მოვაჭრეები არიან გამოკითხულნი, რომლებიც ე.წ. სტამბოლის ბაზარზე კერძო საქმიანობას ეწევიან“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, გ.ჭ-ს ფაქტობრივ საცხოვრებელში ჩხრეკა ჩატარდა, თუმცა პოლიციამ იქ ვერაფერი აღმოაჩინა.
„რაც შეეხება დაკავებულს, გ.ჭ. ძალიან დეპრესიულ მდგომარეობაშია. ადვოკატები ვცდილობთ, რომ მასთან კომუნიკაცია გვქონდეს. ორჯერ ვიყავი შესული სპეციალურად არა მარტო საადვოკატო საქმიანობის გამო, არამედ ფსიქოლოგიურად განწყობა რომ ამემაღლებინა. იმ მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რომელიც საქმეშია, არანაირად არ დასტურდება ჭანტურიას ბრალეულობა გარდაცვლილთან მიმართებაში, ამიტომ იმედს გამოვთქვამთ, რომ ბრალი არ შეიცვლება“, – განაცხადა კობაიძემ.
შსს-ში აცხადებენ, რომ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში ერთი პირია დაკავებული.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ქუთათელაძის ცხედარი 15 იანვარს დაცვის თანამშრომელმა ნახა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე კონკრეტულ შედეგებს უახლოესი დღეებისთვის ელოდება.