გიორგი ჭანტურია და მისი და განმეორებით დაკითხვაზე იმყოფებიან
გიორგი ჭანტურია და მისი და განმეორებით დაკითხვაზე იმყოფებიან

სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია და მისი და მარიამ ჭანტურია ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში განმეორებით დაკითხვაზე იმყოფებიან.

როგორც  გიორგი ჭანტურიამ ჟურნალისტებს განუცხადა, არ იცის, კიდევ რა კითხვები ექნებათ გამომძიებლებს. მისი თქმით, არსად გაქცევას არ აპირებდა, ამიტომ გაუგებარია, რატომ დაიბარეს დაკითხვაზე განმეორებით.

გიორგი ჭანტურიასთან ერთად, დაკითხვაზე იმყოფება მისი და მარიამ ჭანტურია. მისი თქმით, გამომძიებლებმა გაუთქმელობის შეთანხმებას მოაწერინეს ხელი, ამიტომ ჩხრეკის დროს ამოღებულ ნივთებზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს.

როგორც მარიამ ჭანტურიამ აღნიშნა, კარგი მოლოდინი აქვს და დარწმუნებულია, რომ თავის ძმას მკვლელობას არ დააბრალებენ. მისივე თქმით, დღეს მამამისის დასაკითხად გამომძიებლები კლინიკაში იმყოფებოდნენ, სადაც ზურაბ ჭანტურია დღეს გადაიყვანეს.   თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ზურაბ ჭანტურიამ გამოძიების შეკითხვებს ვერ უპასუხა.

რუსთავსა და თბილისში გიორგი ჭანტურიასა და მისი მეუღლის სახლებში ჩხრეკა განმეორებით ჩაატარეს.

რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე გიორგი ჭანტურიას სახლი გაჩხრიკეს. როგორც გამომძიებელმა განაცხადა, სახლიდან მართლსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოუღიათ. მისი განმარტებით, ამოღებული ნივთები ექსპერტიზაზე გადაიგზავნება.

ადვოკატის ინფორმაციით, ჩხრეკა მშვიდად ჩატარდა, ამოღებულია გიორგი ჭანტურიას თანსაცმელი და პირადი ნივთები. მისი განცხადებით, სახლის გარდა, დღეს პირველად გაჩხრიკეს ჭანტურიას ავტომობილი.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი ჭანტურიას ხელახალ დაკავებას გამორიცხავს.

დღეს სამართადამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს თბილისში, მცხეთის ქუჩაზე ჭანტურიას მეუღლის სახლში, საიდანაც რამდენიმე ნივთი ამოიღეს.

რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე გიორგი ჭანტურიას სახლი პირველად 16 იანვარს გაჩხრიკეს, ადვოკატის ინფორმაციით, ამოიღეს იარაღის ტყვიები.

ამას გარდა, 17 იანვარს ჩხრეკა ჩატარდა თბილისში, მცხეთის ქუჩაზე ჭანტურიას მეუღლის სახლში, საიდანაც ადვოკატის თქმით, აკრძალული ნივთი არ ამოუღიათ.

შსს-ს ინფორმაციით, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე 18 იანვარს გათავისუფლდა.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.