დეტექტივ-გამომძიებელი - გიორგი ჭანტურიას ბინაში ჩხრეკის დროს რამდენიმე ნივთი ამოვიღეთ
დეტექტივ-გამომძიებელი - გიორგი ჭანტურიას ბინაში ჩხრეკის დროს რამდენიმე ნივთი ამოვიღეთ

გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას ბინაში ჩხრეკა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შსს-ს დეტექტივ-გამომძიებელმა ნუკრი მატუამ განუცხადა.

მისი თქმით, ბინიდან ამოღებულია კონკრეტული ნივთები, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ დაასახელებს, რა ნივთებზეა საუბარი.

„პირველი ჩხრეკის დროს არ იქნა ეს ნივთები ამოღებული, რადგან აღნიშნულ ნივთებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვქონდა. გამოძიების მიმდინარეობის დროს  ჩვენთვის ახლა გახდა ცნობილი ეს კონკრეტული ნივთები, რომელიც ამოვიღეთ“, – განაცხადა ნუკრი მატუამ.

შსს-ს დეტექტივ-გამომძიებლის თქმით, რა თქმა უნდა, გიორგი ჭანტურიას ბინაში დღევანდელი ჩხრეკა სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეს უკავშირდება.

თბილისის გარდა, ჩხრეკა მიმდინარეობს გიორგი ჭანტურიასა რუსთავში მდებარე ბინაშიც.

თბილისში, მცხეთის ქუჩაზე ჭანტურიას მეუღლის სახლში მისულმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა პირველ არხს დაუდასტურეს, რომ სახლს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში ჩხრეკენ.

რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე გიორგი ჭანტურიას სახლი პირველად 16 იანვარს გაჩხრიკეს, ადვოკატის ინფორმაციით, ამოიღეს იარაღის ტყვიები.

ამას გარდა, 17 იანვარს ჩხრეკა ჩატარდა თბილისში, მცხეთის ქუჩაზე ჭანტურიას მეუღლის სახლში, საიდანაც ადვოკატის თქმით, აკრძალული ნივთი არ ამოუღიათ.

შსს-ს ინფორმაციით, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე 18 იანვარს გათავისუფლდა.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.