ადვოკატის ინფორმაციით, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის მეუღლის სახლში ჩხრეკა დასრულდა
ადვოკატის ინფორმაციით, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის მეუღლის სახლში ჩხრეკა დასრულდა

თბილისში, მცხეთის ქუჩაზე სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გ.ჭ-ს მეუღლის სახლში ჩხრეკა დასრულდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა ანი კეკენაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჩხრეკის შედეგად სახლიდან აკრძალული ნივთი არ ამოუღიათ.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენიათ, ველოდებით, ბრალს წარადგენენ თუ საქმეზე გამოძიებას შეწყვეტენ. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს, რადგან დანაშაული მისი ჩადენილი არ არის“, – განაცხადა ანი კეკენაძემ.

ადვოკატების თქმით, გუშინ, რუსთავში, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებული ვაზნები დაკავებულის მამას ეკუთვნის.

ადვოკატების თქმით, გ.ჭ. ადასტურებს, რომ მკვლელობის დღეს სოსო ქუთათელაძეს შეხვდა, თუმცა დანაშაულთან კავშირს უარყოფს.

შსს-ში  აცხადებენ, რომ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში ერთი პირია დაკავებული.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ქუთათელაძის ცხედარი 15 იანვარს დაცვის თანამშრომელმა ნახა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე კონკრეტულ შედეგებს უახლოესი დღეებისთვის ელოდება.