გიორგი ჭანტურია და მისი და დაკითხვაზე განმეორებით დაიბარეს
გიორგი ჭანტურია და მისი და დაკითხვაზე განმეორებით დაიბარეს

სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია და მისი და მარიამ ჭანტურია დაკითხვაზე განმეორებით დაიბარეს. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ჭანტურიასა და მის დას საგამოძიებო უწყებაში დღეს 17:30 საათზე ელოდებიან.

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის შეფასებით, გამოძიება ჩიხშია შესული. მისი თქმით, პროკურატურას სურს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წაიყვანოს.

როგორც კობაიძე ამბობს, საქმეში იკვეთება საეჭვო გარემოებები, კერძოდ, ის რომ გარდაცვლილს ჰქონდა კონფლიქტი სხვა პირებთან, თუმცა ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარე ამ მიმართულებით არ მუშაობს.

კობაიძე აცხადებს, რომ დაცვის მხარე გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

რაც შეეხება ჩხრეკას, რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე გიორგი ჭანტურიას სახლში ჩხრეკა დასრულდა. როგორც გამომძიებელმა განაცხადა, სახლიდან მართლსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოუღიათ. მისი განმარტებით, ამოღებული ნივთები ექსპერტიზაზე გადაიგზავნება.

ადვოკატის ინფორმაციით, ჩხრეკა მშვიდად ჩატარდა, ამოღებულია გიორგი ჭანტურიას თანსაცმელი და პირადი ნივთები. მისი განცხადებით, სახლის გარდა, დღეს პირველად გაჩხრიკეს ჭანტურიას ავტომობილი.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი ჭანტურიას ხელახალ დაკავებას გამორიცხავს.

დღეს სამართადამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს თბილისში, მცხეთის ქუჩაზე ჭანტურიას მეუღლის სახლში, საიდანაც რამდენიმე ნივთი ამოიღეს.

რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე გიორგი ჭანტურიას სახლი პირველად 16 იანვარს გაჩხრიკეს, ადვოკატის ინფორმაციით, ამოიღეს იარაღის ტყვიები.

ამას გარდა, 17 იანვარს ჩხრეკა ჩატარდა თბილისში, მცხეთის ქუჩაზე ჭანტურიას მეუღლის სახლში, საიდანაც ადვოკატის თქმით, აკრძალული ნივთი არ ამოუღიათ.

შსს-ს ინფორმაციით, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე 18 იანვარს გათავისუფლდა.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.