გიორგი ჭანტურიამ პოლიციის შენობა დატოვა
გიორგი ჭანტურიამ პოლიციის შენობა დატოვა

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას განმეორებითი დაკითხვა დასრულდა. მან რამდენიმე წუთის წინ პოლიციის შენობა დატოვა.

როგორც გიორგი ჭანტურიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცველებს საქმის ირგვლივ დამატებითი კითხვები ჰქონდათ.

„დამატებითი შეკითხვები ქონდათ და ვუპასუხე იმ შეკითხვებს. ქონდათ კითხვები გამოძიებასთან დაკავშირებით, რაღაც დეტალები, წვრილმანები და გავეცი პასუხი. გამოძიებაა – მე არ მაქვს უფლება, გიპასუხოთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ჭანტურიამ.

გიორგი ჭანტურიას ადვოკატი არ გამორიცხავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციაში კვლავ დაიბარონ.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ძირითადი კითხვები ეხებოდა 15 იანვარს მომხდარ ფაქტს, როდესაც სოსო ქუთათელაძე გარდაცვლილი თავის კაბინეტში იპოვეს. ოღონდ, ამ შემთხვევაში, იყო უფრო დეტალური შეკითხვები, რაზეც ბატონმა გიორგიმ ძალიან დეტალურად, სრულფასოვნად გასცა პასუხი.

რა თქმა უნდა, როგორც აქამდე, მან დღესაც ითანამშრომლა გამოძიებასთან და თუ რაიმე კითხვა ექნება გამოძიებას, კვლავ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ.

თუმცა, ერთი თხოვნა, მოთხოვნა მექნება შსს-სთან და პროკურატურასთან, რომ როგორც დღეს მოხდა, მიადგნენ უმწეო მდგომარეობაში მყოფ მამამისს – მოგეხსენებათ, საავადმყოფოში იმყოფებოდა, იმედია, ეს აღარ განმეორდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ასე მარტივად არ ჩაივლის“, – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

რამდენიმე საათის წინ კი გიორგი ჭანტურიას დის, მარიამ ჭანტურიას დაკითხვა დასრულდა. მარიამ ჭანტურია აცხადებს, რომ დაკითხვის პროცესი ნორმალურ პირობებში მიმდინარეობდა, მასზე ზეწოლა არ ყოფილა. გამოძიება დაინტერესდა დეტალებით, თუ რას აკეთებდა ის მკვლელობის დღეს, სად იმყოფებოდა და გადაადგილდებოდა.

ამასთანავე, გამომძიებლები დაინტერესდნენ, რა ურთიერთობა ჰქონდა გარდაცვლილთან მის ძმას, გიორგი ჭანტურიას. მარიამ ჭანტურია კვლავ აცხადებს, რომ მის ძმას კონფლიქტი არავისთან ჰქონია.

გამოიკითხა გიორგი ჭანტურიას მეუღლე ანი ხურციაც​როგორც სამართალდამცველებთან გასაუბრების შემდეგ ანი ხურციამ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებამ მას კითხვები იმის შესახებ დაუსვა, თუ რა ურთიერთობა ჰქონდა მის მეუღლეს მოკლულ გენერალთან, ჰქონდათ თუ არა მათ კონფლიქტი.

შსს-ს ინფორმაციით, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე 18 იანვარს გათავისუფლდა.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.