გიორგი ჭანტურიას დის დაკითხვა დასრულდა
გიორგი ჭანტურიას დის დაკითხვა დასრულდა

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას დის, მარიამ ჭანტურიას დაკითხვა დასრულდა.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, მარიამ ჭანტურია აცხადებს, რომ დაკითხვის პროცესი ნორმალურ პირობებში მიმდინარეობდა, მასზე ზეწოლა არ ყოფილა. გამოძიება დაინტერესდა დეტალებით, თუ რას აკეთებდა ის მკვლელობის დღეს, სად იმყოფებოდა და გადაადგილდებოდა.

ამასთანავე, გამომძიებლები დაინტერესდნენ, რა ურთიერთობა ჰქონდა გარდაცვლილთან მის ძმას, გიორგი ჭანტურიას. მარიამ ჭანტურია კვლავ აცხადებს, რომ მის ძმას კონფლიქტი არავისთან ჰქონია.

ცოტა ხნის წინ, გამოიკითხა გიორგი ჭანტურიას მეუღლე ანი ხურციაც. ​როგორც სამართალდამცველებთან გასაუბრების შემდეგ ანი ხურციამ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებამ მას კითხვები იმის შესახებ დაუსვა, თუ რა ურთიერთობა ჰქონდა მის მეუღლეს მოკლულ გენერალთან, ჰქონდათ თუ არა მათ კონფლიქტი.

ანი ხურცია აცხადებს, რომ აქვს მოლოდინი, დაკითხვის შემდეგ მის მეუღლეს გაათავისუფლებენ და განმეორებით არ დააკავებენ.

სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში განმეორებით დაკითხვაზე რჩება.

შსს-ს ინფორმაციით, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე 18 იანვარს გათავისუფლდა.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.