გიორგი ჭანტურია და მისი და სამართალდამცველებს თვალთვალში ადანაშაულებენ [ფოტო]
გიორგი ჭანტურია და მისი და სამართალდამცველებს თვალთვალში ადანაშაულებენ [ფოტო]

ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე მოკლული ყოფილი დეპუტატის, გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია და მისი და, მარიამ ჭანტურია სამართალდამცველებს თვალთვალში ადანაშაულებენ.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება, ჭანტურია და მისი და ამ წუთებში რუსთავის პოლიციის მესამე განყოფილებაში იმყოფებიან.

როგორც მარიამ ჭანტურიამ განაცხადა, პოლიციაში ის არა სოსო ქუთათელაძის მკვლელობის, არამედ სხვა საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს, თუმცა პოლიციის განყოფილებაში მისვლის შემდეგ, ეჭვი გაუჩნდა, რომ პოლიციაში მისი დაბარება სწორედ ქუთათელაძის საქმესთან იყო კავშირში.

„პოლიციაში რომ შევდიოდი, არაადეკვატურ კითხვებს მისვამდნენ, მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე, ამიტომ მაშინვე გარეთ გამოვიქეცი და დავინახე, ჩემს მანქანასთან იდგნენ პროკურატურის თანამშრომლები და ჩხრეკდნენ ავტომობილს. საჭის ქვედა ნაწილი იყო ჩამოშლილი. ავტომობილი დავკეტე, თუმცა რომ გამოვედი, კარი ღია დამხვდა“, – განაცხადა მარიამ ჭანტურიამ.

გიორგი ჭანტურია ამტკიცებს, რომ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ავტომობილიდან მოსასმენი აპარატურის ამოღებას ცდილობდნენ, რომელიც მისი დისა და მამამისის ავტომობილებში ცოტა ხნის წინ დაამონტაჟეს.

კერძოდ, ჭანტურია ამბობს, რომ მამამისისა და მისი დის ავტომობილი სანომრე ნიშნების დაკარგვის გამო, საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს, რა დროსაც მოსასმენი აპარატურა დაუმონტაჟეს და ახლა სწორედ ამ აპარატურის უკან ამოღებას ცდილობდნენ სამართალდამცველები.

„ცოტა ხნისთ წინ, მამაჩემისა და ჩემი დის ავტომობილზე, ერთმანეთის მიყოლებით, სანომრე ნიშნები დაიკარგა. ამის გამო ავტმობილები გადაიყვანეს საჯარიმო სადგომზე. ვფიქრობთ, წსორედ ამ დროს დააყენეს მოსასმენი აპარატურა. დღეს ამ აპარატის ამოღება უნდოდათ, თუმცა ვერ მოასწრეს“, – განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

ოჯახის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეზე გენერალურ ინსპექციას მიმართავენ.

გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე 18 იანვარს გათავისუფლდა. რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს. მკვლელობის საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.