ადვოკატი - მერებაშვილს იჭერენ, რომ სააკაშვილის ორგანიზებით ჩაიდინა დანაშაული და სააკაშვილს ბრალი არ აქვს წარდგენილი
გიორგი მერებაშვილს იჭერენ, რომ სააკაშვილის ორგანიზებით ჩაიდინა დანაშაული და სააკაშვილს ბრალი არ აქვს წარდგენილი, – ამის შესახებ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულ გიორგი მერაბაშვილის ადვოკატმა კახა ხვისტანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კახა ხვისტანი აცხადებს, რომ 2016 წლის 4 ოქტომბერს ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე ინა გუდავაძე საქმეზე დაზარალებულად ცნეს. მისივე თქმით, 2016 წლის შემდეგ საქმეს არაფერი დაემატა და „მერებაშვილს არაფრის შემდეგ წაუყენეს ბრალი“.
„არც ერთი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ. პროკურატურა ასახელებს მოწმეებს, რომლებსაც ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა, უსმენენ და ამ ეჭვის გამო, კაცია დაჭერილი. გიორგი მერებაშვილის ქმედებაში დანაშაულის შესაძლო შემადგენლობასა და ნიშნებს ვერ ვხედავ. არ არის არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საკმარისი იქნებოდა მის პასუხისგებაში მისაცემად. მეტი რეზონანსული საქმე რა უნდა მოხდეს საქართველოში, რომ ასე მდარედ იქნება გამოძიებული. საგანგაშოა. მერებაშვილს იჭერენ, რომ სააკაშვილის ორგანიზებით ჩაიდინა დანაშაული და სააკაშვილს ბრალი არ აქვს წარდგენილი. სადაა ლოგიკა, რომ ორგანიზატორს არ აძლევდნენ პასუხისგებაში და რიგით შემსრულებელს იჭერდნენ. სხვა საქმეებზე მერებაშვილი დაკითხულია, თანამშრომლობდა გამოძიებასთან როგორც ყველა კანონმორჩილი ადამიანი, არასდროს დამალვია მართლმსაჯულებას. საქმეზე დღემდე არ ყოფილა დაკითხული, მაგრამ პროკურატურის მიერ წარმოებულ არაერთ საქმეზე იყო დაბარებული უწყებაში, ყოველთვის თანამშრომლობდა გამოძიებასთან“, – განაცხადა ხვისტანმა.
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ გიორგი მერებაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გაიხსნა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილი, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე ლევან ქარდავასა და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროს რევაზ შიუკაშვილს კი წარედგინათ ბრალდებები.
ამასთან, პროკურატურის
ინფორმაციით, გიორგი დგებუაძე ადასტურებს, რომ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საკითხი მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული.