მერებაშვილმა პოლონური ენის გამოცდა ჩააბარა - პოლონეთში დარჩენა და მწვრთნელად ან მენეჯერად მუშაობა მსურს #1TVSPORT
მერებაშვილმა პოლონური ენის გამოცდა ჩააბარა - პოლონეთში დარჩენა და მწვრთნელად ან მენეჯერად მუშაობა მსურს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყოფილი შემტევი გიორგი მერებაშვილი, რომელიც ბიელსკო-ბიალასპოდბესკიძეში“ თამაშობს, პოლონეთში დარჩენას და მუშაობას აპირებს. ამის შესახებ კლუბის ვებ-გვერდი იუწყება, სადაც წერია, რომ 35 წლის ქართველმა შემტევმა ბიელსკო-ბიალას ეკონომიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პოლონური კულტურისა და ენის სასერტიფიკატო გამოცდა ჩააბარა, ქართველ ფეხბურთელს კი ინტერვიუ ჩამოართვა.

– წლებია ვთამაშობ და საქართველოს ნაკრებში გამოვდიოდი. რაც შეეხება პოლონეთს, ხუთი წელი პლოცკისვისლაში“ ვითამაშე და ამ ქვეყანაში ჩემი კარიერა ასე დაიწყო. მე ძალიან მომწონს ქვეყანა და ხალხი. ამ წლების შემდეგ აქ ბევრი მეგობარი მყავს და პოლონეთში თავს ისე ვგრძნობ, როგორც მეორე სახლში. ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პოლონური ენის შესწავლა და სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარება.

– რატომ დაგჭირდათ პოლონურში ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი?

– პოლონეთის მოქალაქეობის მიღება მინდა. მე ვარ ფეხბურთელი და არ ვიცი, როგორ განვითარდება ჩემი ცხოვრება და რა იქნება ჩემი სპორტული კარიერის შემდეგ. ახლა ერთი რამ ვიცი – მინდა აქ დავრჩე და მწვრთნელად ვიმუშაო, შესაძლოა მომავალში მენეჯერად. ამიტომ მაინტერესებს პოლონეთის მოქალაქეობის მიღება, რადგან მინდა ამ ქვეყანაში სამუდამოდ დავრჩე.

– პოლონეთში თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რამ მოახდინა?

– მართალია, ზამთარში ძალიან ცივა, განსაკუთრებით მთაში. საქართველოში კი, საიდანაც მე ვარ, წლის ამ დროს ტემპერატურა დადებითია. მაგრამ აქ ბევრი მეგობარი მყავს და პოლონეთი ძალიან მომწონს, განსაკუთრებით ბიელსკო-ბიალა, ძალიან ლამაზი ქალაქია, ამიტომ მინდა აქ დარჩენა. დაახლოებით რვა თვე ვიყავი ბიელსკო-ბიალაში, მანამდე კი პლოცკში ხუთი წელი ვითამაშე და თითქმის ექვსი წელია, პოლონეთში ვარ.

 

– შეგიძლიათ თქვათ, კიდევ რამდენ ხანს ითამაშებთ „პოდბესკიძეში“?

– არ ვიცი, რამდენ ხანს. ერთწლიანი კონტრაქტი მაქვს, მაგრამ არ ვიცი, სეზონის ბოლოს არ იქნება, რადგან ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ახლა აქ ვარ, ვთამაშობ და ჩვენი მიზანი ექსტრაკლასაში გადასვლაა. სწორედ ამაზე ვარ ძალიან ორიენტირებული, რომ მივაღწიოთ მიზანს და მერე ვნახოთ რა მოხდება.

– რა ეტაპზე გადაწყვიტეთ, რომ პოლონურში გამოცდის ჩაბარება გსურდათ?

– რაღაც მომენტში მივედი იმ დასკვნამდე, რომ პოლონური ენის გაკვეთილებზე დარეგისტრირება მჭირდებოდა და ზუსტად ერთი წლის წინ ბიელსკო-ბიალაში მასწავლებელი ვიპოვე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად ვსწავლობდი და უნდა ვაღიარო, რომ ეს წვალება მიღირდა, რადგან ერთი წლის შემდეგ მნიშვნელოვან პროგრესს ვგრძნობ – ახლა უფრო კარგად ვლაპარაკობ პოლონურად, ვიდრე ადრე. ვნახოთ რა იქნება გამოცდის შემდეგ, რადგან ახლა შედეგებს ველოდები. მაგრამ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

– გამოცდაზე რა იყო თქვენთვის ყველაზე რთული ასათვისებელი?

– წერითი ნაწილიც არ იყო მარტივი, მაგრამ რა თქმა უნდა ყველაზე რთული გრამატიკა იყო. მართალია რუსული, ინგლისური და ცოტა სერბულიც ვიცი, მაგრამ პოლონურის სწავლა ყველაზე რთული აღმოჩნდა. ვარშავაში მყავს მეგობარი, რომელმაც უკვე ჩააბარა პოლონური ენის სასერტიფიკაციო გამოცდა B1 დონეზე და ვნახოთ მეც შევუერთდები თუ არა.