#ტაიმაუტი | გიორგი მერებაშვილი - „პობესკიძე“ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, სადაც მითამაშია [ვიდეო] #1TVSPORT
#ტაიმაუტი | გიორგი მერებაშვილი - „პობესკიძე“ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, სადაც მითამაშია [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მერებაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ჩართვისას თავის ახალ კლუბზე, პოლონურ „პობესკიძეზე“ ელაპარაკა, სადაც ბოლო 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

35 წლის გამოცდილმა შემტევმა პოლონეთის პირველი ლიგის მე-10 ტურში ბელსკო-ბიალაშირესოვიას“ ლამაზი გოლი გაუტანა და მისმა გუნდმა 2:0 მოიგო.

„ჩემთვის და „პობესკიძესთვის“ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. გუნდი უმაღლეს ლიგაში ადგილის დასაბრუნებლად იბრძვის. აქედან გამომდინარე, თითოეული მატჩის შედეგი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. სასიამოვნოა, რომ ამ გამარჯვებებში დიდ როლს ვთამაშობ და ძალიან ლამაზი გოლიც გავიტანე. ვეცდებით, პირველი წრის დარჩენილი თამაშებიც კარგად ჩავატაროთ და უფრო და უფრო მაღლა ავიწიოთ. მიზანი მომავალ წელს ექსტრაკლასაში თამაშია“, – ამბობს „პობესკიძეს“ ქართველი ლეგიონერი.

პოლონური კლუბის ქართველმა ნახევარმცველმა გუნდთან ადაპტაციაზეც ილაპარაკა:

„შეკრება არ გამივლია და გუნდს ისე შვეუერთდი. რა თქმა უნდა, თავიდან ფიზიკურად გამიჭირდა, რადგან პოლონეთში ფიზიკურ მომზადებას დიდ ყურადღებას აქცევენ. თუმცა, ბოლო თამაშებში თავს უკვე კარგად ვგრძნობ, რადგან დამატებით ვვარჯიშობდი, ფორმაში მაქსიმალურად სწრაფად რომ შევსულიყავი. აქედან გამომდინარე, თამამად ვიტყვი, რომ 100 პროცენტით მზად ვარ, რომ თავიდან ბოლომდე დავიხარჯო“.

მერებაშვილი „პობესკიძეს“ მთავარი მწვრთნელის, პიოტრ იავნის ნდობით გახარებულია. როგორც გაირკვა, პოლონელთა ქართველ შემტევს უჩვეულო სათამაშო სქემასთან მორგება მოუხდა:

„ჩამოსვლის დღიდან სამწვრთნელო სტაფისგან ვიგრძენი, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი უნდა ვყოფილიყავი. ეს მეხმარება, უფრო მოტივირებული ვიყო და უფრო მოვინდომო, რომ ჩემი თამაშით გუნდს დავეხმარო. სხვათა შორის, ახალ პოზიციაზე მიწევს თამაში იქიდან გამომდინარე, რომ გუნდი უჩვეულო ტაქტიკით თამაშობს. მე ამ ტაქტიკით არასოდეს მითამაშია – თავდამსხმელის უკან ორი 10 ნომრით ვთამაშობთ. ხან მარცხნიდან ვუტევ, ხან – მარჯვნიდან, ძირითადად მაინც – ცენტრიდან. თავიდან შეგუება დამჭირდა, მაგრამ ამ პოზიციაზე თამაში მომწონს. წელს ახალი გუნდი შეიქმნა, მაგრამ კარგი ფეხბურთელები გვყავს და არის პოტენციალი, ექსტრაკლასაში გადავიდეთ“.

შეიცვლის თუ არა კლუბს? მერებაშვილს სამომავლო გეგმებზე ლაპარაკი გაუჭირდა:

„კლუბთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გავაფორმე. აქ მშვენიერი ატმოსფეროა, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, სადაც მითამაშია. მიხარია, ასეთ გარემოში რომ მოვხვდი. ფეხბურთელებს და მწვრთნელებს შორის ძალიან კარგი ურთიერთობაა. რთულია იმაზე ლაპარაკი, მომავალში რა იქნება, მაგრამ ახლა გადართული ვარ იმაზე, რომ კარგი სეზონი ჩავატარო, გუნდს მიზნების მიღწევაში დავეხმარო და ექსტრაკლასაში დავბრუნდეთ“.

დატოვე კომენტარი