გოგა ხაინდრავა - მოვითხოვ 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე ჩემს დაკითხვას, ეს დანაშაული ჩაიდინეს მიხეილ სააკაშვილმა, ვანო მერაბიშვილმა, ზურაბ ადეიშვილმა, ზაზა გოგავამ
გოგა ხაინდრავა - მოვითხოვ 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე ჩემს დაკითხვას, ეს დანაშაული ჩაიდინეს მიხეილ სააკაშვილმა, ვანო მერაბიშვილმა, ზურაბ ადეიშვილმა, ზაზა გოგავამ

მოვითხოვ, 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე ჩვენების მისაცემად სასამართლოში გამომიძახონ, მივმართავ პროკურატურას და სასამართლოს, ყველა მასალა, რომელიც ადასტურებს სააკაშვილის მხრიდან პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთას, წარმოდგენილი იყოს სასამართლო პროცესზე, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„20 ნოემბერს  მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს წინაშე მისცა ჩვენება, სადაც ბადრი პატარკაციშვილი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში დაადანაშაულა. ბადრი პატარკაციშვილი გარდაცვლილია და მას არ აქვს შესაძლებლობა, ამ ცილისწამებაზე პასუხი გასცეს, ამიტომ ამას მე გავაკეთებ.

მივმართავ საქართველოს პროკურატურას და სასამართლოს კოლეგიას, რომელიც იძიებს ამ საქმეს, ოფიციალურად ვაცხადებ, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციების ორგანიზატორები ვიყავით: მე, გიორგი ხაინდრავა, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი – ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამჟამად საქართველოს პრეზიდენტი, დავით უსუფაშვილი – საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ზვიად ძიძიგური – პარლამენტის ყოფილი წევრი, თინათინ ხიდაშელი – თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გუბაზ სანიკიძე – კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია – იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან და დავით ბერძენიშვილები – „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერები, ლევან გაჩეჩილაძე – პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი. შალვა ნათელაშვილი – „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი.

მოვითხოვ, ამ საქმეზე ჩვენების მისაცემად სასამართლოში გამომიძახონ. უნდა გაირკვეს, ვინ არის დამნაშავე 7 ნოემბრის საქმეში. ეს დანაშაული ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გზით ჩაიდინეს მიხეილ სააკაშვილმა, ვანო მერაბიშვილმა, ზურაბ ადეიშვილმა, ზაზა გოგავამ, რომელმაც კანონის სრული დარღვევით სამხედრო ძალები გამოიყენა მშვიდობიანი აქციის მხეცურ დარბევაში.ასევე, პროკურორის მოადგილე ნიკოლოზ გვარამია, რომელმაც სისხლის სამართლის საქმეები აღძრა გადატრიალების მუხლით და დაგვადანაშაულეს ჩვენ, ყველა. განცხადებები მაშინ გააკეთეს მაშინდელმა პარლამენტის წევრმა, გივი თარგამაძემ, ასევე გიგა ბოკერიამ და დაგვადანაშაულეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ამასთან, გოგა ხაინდრავამ აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანსაც მიმართა.

„მივმართავ ელჩს, დაადასტუროს ან უარყოს სასამართლო პროცესზე სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც საუბარია, რომ სახელმწიფო გადატრიალების მომზადების შესახებ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ გამოგზავნილი იქნა წერილი საქართველოში, სადაც აღნიშნული ფაქტი იყო დასახელებული. მოვითხოვ, ელჩმა ან დაადასტუროს, ან უარყოს მსგავსი წერილის არსებობა. მივმართავ აშშ-ის ყოფილ ელჩს, ტეფტს, რომელიც იმ დროს იყო საქართველოში აშშ-ის ელჩი, მანაც ან დაადასტუროს, ან უარყოს, რადგან ფედერალური ბიუროს ოფიციალური წერილი არ შეიძლება, არ ყოფილიყო დაფიქსირებული როგორც საელჩოში, ასევე საქართველოს ხელისუფლებაში.

მე დამაპატიმრეს 7 ნოემბერს, დილით, შემდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, სადაც დასახელებული ვიყავით ჩვენ, როგორც სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორები. ამის შემდეგ შეიქმნა ცილისმწამებლური ფილმი „ნოემბრიდან ნოემბრამდე“, რომლის ავტორი და წამყვანი იყო პროკურორის მოადგილე ნიკოლოზ გვარამია. გვამხელდნენ ჯაშუშობაში, ღალატსა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. თუ პატარკაციშვილი, რომელიც ფლობდა ტელეკომპანია „იმედს“, გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორი იყო, მაშინ მისი თანამოაზრეები და მონაწილეები აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ გიორგი თარგამაძე და ინგა გრიგოლიაც, რომლებიც ამ დროს წარმოადგენენ „იმედს“. გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ მაშინდელმა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და შს ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეუკვეთა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა ტერორისტული აქტით და ახსნა, რომ ის უნდა აგვეფეთქებინა მანქანაში და მოგვეკლა ისე, როგორც მოკლეს ლიბანის პრემიერ-მინისტრი რაფიკ ჰარირი. ტერორისტული აქტის მცდელობა დაადასტურა კანონიერმა ქურდმა მამარდაშვილმაც, რომლის ჩანაწერიც მე გამაჩნია. ის პირდაპირ ეუბნება მამარდაშვილს, რომ უნდა მოხდეს ბადრის ლიკვიდაცია, რადგან ის რეჟიმისთვის საშიშროებას წარმოადგენდა.

მივმართავ პროკურატურას და სასამართლოს, ყველა ეს მასალა იყოს განხილული და წარმოდგენილი სასამართლო პროცესზე. ჩვენ, ყველა უნდა დაგვკითხონ, რათა გაირკვეს ის მავნებლური მოქმედება, რომელსაც ახორციელებდა პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი გარემოცვა. სამწუხაროდ, არცერთი ჩვენგანი არ დაკითხულა და ეს ჩემთვის გასაკვირია, როგორ შეიძლება, ტარდებოდეს გამოძიება 7 ნოემბერზე და აქციების ორგანიზატორები არ ვიყოთ დაკითხული? ორჯერ ვიყავი დაპატიმრებული ამ ბრალდებით და მაშინ მხოლოდ იმიტომ გამათავისუფლეს, რომ საფრანგეთის საგარეო უწყებამ გააკეთა განცხადება და მოითხოვა ჩემი გათავისუფლება, რადგან მე არავინ ისე არ გამომიშვებდა. პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილი  უნდა დაიკითხოს და ჩვენ, ყველამ უნდა დავადასტუროთ ან უარვყოთ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში მონაწილეობა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.