პროკურატურა - გიორგი დგებუაძე ადასტურებს, რომ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადება მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული [ვიდეო]

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე (მასტერა) ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრთან საუბარში ადასტურებს, რომ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებული იყო საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, – ამის შესახებ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტის გახსნასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, საუბარია 2007  წლის 4 თებერვლის ჩანაწერზე.

„2007  წლის 4 თებერვლის ჩანაწერში  კუდ-ის მაღალჩინოსანი გ.დ. ესაუბრება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადმობირებას ცდილობს.  საუბრისას გ.დ. ადასტურებს, რომ მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებულია საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, რადგან ბადრი პატარკაციშვილი  მათი პოლიტიკური ოპონენტი და ხელისუფლების დაუძინებელი მტერია. ჩანაწერის მიხედვით, ასევე დგინდება, რომ ლიკვიდაცია კუდ-მა უნდა განახორციელოს“, – აღნიშნულია მთავარი პროკურატირის ინფორმაციაში.

ჩანაწერში დგებუაძე დაცვის თანამშრომელს დახმარებას სთხოვს და ეუბნება, რომ საკითხი მიხელ სააკაშვილის დონეზეა გადაწყვეტილი:

გიორგი დგებუაძე (მასტერა): – დახმარება მჭირდება რა (სახელი) შიგნიდან. გადაწყვეტილია სააკაშვილის დონეზე რა. ოღონდ კაროჩე,  შენ უნდა, შენ იცი რა ჩაიკალი თავში ეგა. თორემ დაკარგავ თავს ჩემთან ერთად. მეც დამაკარგვინებ თავს და შენც რა. ამიტომ მაქვს ჩათვალე, სამსახური შენ გაქვს დროებით. ცოტა ხანში აღარ გექნება უკვე. სამსახურზე მე ვიზრუნებ შენზე, რომ კაი ხელფასიანი სამსახური და ხოშიან ადგილზე იქნები ისეთზე, რომ კაროჩე კმაყოფილი იქნები რა. პროსტა მთავარი ის არის, შენ რას შეძლებ რა. აი, რას შეძლებ შიგნით რის გამოტანას, ან რის გაკეთებას. პირველ რიგში მაინტერესებს პოვრები მაგისი რამ ვინ არიან პოვრები და დაცვის სისტემა მთლიანად. მერე შეგხვდები რა.

დაცვის თანამშრომელი: ოოო,  გიო რაღაცა მეშინია.

გიორგი დგებუაძე (მასტერა): – რისი გეშინია? კარგი რა ჩემი, ბიჭო, მასე შეჩემა მე აქამდე ცხრაჯერ ის უნდა ვიყო ტო, რას ამბობ ტო, გადაირიე? ეე, ძმაო აბა ცხოვრება თუ გინდა, ეგრეა. ატვეჩაი ვარ, რომ შენ პრობლემა არ გექნება. ჩემთან რა პრობლემა გექნება, ხო იცი, არა? მე, მე არ ვიცი, ჯერ ახლა.

დაცვის თანამშრომელი: არა რას ლაპარაკობ.

გიორგი დგებუაძე (მასტერა): – იცი შენ, ვიცი მე რა. გავიდა? ჩათვალე, რომ ან შენგან გავიდა, ან ჩემგან, ორი ადამიანისგან. ეს ისეთი ამბავია, შენ რომ იძახი მეშინია, მე უფრო მეშინია, მაგრამ ახლა წარმოიდგინე, მე მაქვს დავალებული რაღაც ღონისძიების ჩატარება რა. რომელიც მოდის საიდანაც.

დაცვის თანამშრომელი: ბადრისთან დაკავშირებით?

გიორგი დგებუაძე (მასტერა): – ხო ბადრისთან დაკავშირებით. მაგრამ ჩასატარებელია, ეხლა ვინ იქნება იქ პროსტა. მე ერთ რამეს გირჩევ, შანსი არ გაუშვა ჩათვალე, რომ აი, ამ სა… ეს საქმე გაკეთდება რა, ასე იქნება.

თუ ისე გაკეთდება. რა საქმეზეც არის საუბარი, ახლა არ აქვს მნიშვნელობა და შენ მონაწილეობით საქმეს იწყობ. მაგრამ პირობას 100%-იან გარანტიას გაძლევ ერთხელ და საბოლოოდ იქნები კაროჩე კაცი. თან შენგან არაფერი არ იქნება საჭირო რა, ელემენტარული ინფორმაცია, რა, რაც ხდება შიგნით რა, მეტი არაფერი.

ახლა შენ, თუ ვთქვათ, სახლთან ახლოს ხარ, ხო! მე მაინტერესებს, მე რაც გითხარი, რა კაროჩე, პოვრები მაგისი, განლაგება დაცვის, კამერები სათვალთვალო, სად აყენია, ყველაფერი კაროჩე და შესვლა როგორ შეიძლება შიგნით. ყველაფერი რა იმაში, ოქროყანაში ოღონდ დეტალურად რა, ეს ყველაფერი, აი, შენ რომ მოინდომო შეხვიდე, როგორ შეხვალ შიგნით.

დაცვის თანამშრომელი: ვერ შეხვალ შიგნით.

გიორგი დგებუაძე (მასტერა): – კაი, რა.

დაცვის თანამშრომელი: არა ნუ, ახლა დაგაფიქსირებს კამერა.

გიორგი დგებუაძე (მასტერა): – ყველაფერი შეიძლება, გავაფუჭებ იმ კამერას.

დაცვის თანამშრომელი: რომ გასკდეს საქმე, მერე?

გიორგი დგებუაძე (მასტერა): – რა საქმე უნდა გასკდეს ბიჭო? (იცინის) სახელმწიფო ვართ ჩვენ. ჩვენა ვინ ვართ? შენ ახლა დაჩაგრული ხარ ტო. შენ პროსტა ისა გაქ, რო ბადრის დაცვაში, ვინ ჩემი ყ.. ბადრი ბიჭო. მაგის დედას შ… მე ტო. სახელმწიფო ვინ არის? ჩვენ ვართ ხო? შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენპროკურატურა“.

საქართველოს პროკურატურამ დღეს განაცხადა, რომ გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი. ასევე, მთავარმა საგამოძიებო უწყებამ გიორგი დგებუაძის (მასტერა) და ბადრი პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომლის ჩანაწერი გამოაქვეყნა.