„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ - მინდელის შახტში მომხდარის გამო, მთავრობის ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს
მინდელის შახტში მომხდარის გამო, პოლიტიკური გუნდისა და დიმიტრი ქუმსიშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, – ამის შესახებ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორმა ლინა ღვინიანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფომ არ შექმნა შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა, რომელიც სულ მცირე, დააზღვევდა ისეთ შემთხვევებს, როგორიც ტყიბულში მოხდა.
„ჩვენ ძალიან დიდი ხანია, ვსაუბრობთ იმაზე, რომ სახელმწიფოს აქამდე უნდა შეექმნა შრომის უსაფრთხოების სისტემა, თუმცა არ გააკეთა. სახელმწიფომ არ შექმნა კანონმდებლობა, რომელიც მინიმუმ დააზღვევდა მაინც ასეთ შემთხვევებს. მთავარი პასუხისმგებლობა იმაში, რომ დღეს ამ მასშტაბის შემთხვევები ისევ ხდება, არის ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობა და იმ ეკონომიკური პოლიტიკის პასუხისმგებლობა, რომელიც გამორიცხავს ადამიანს და გამორიცხავს ყველაფერს, გარდა კერძო კომპანიის მოგებისა.
ამდენად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავრობამ არამხოლოდ უნდა გადაიაზროს ეკონომიკური პოლიტიკა და თქვას, რომ ხვალიდან ეს ასე აღარ გაგრძელდება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დადგეს პოლიტიკური გუნდის, მათ შორის, დიმიტრი ქუმსიშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. ეს იქნება პირველი მოთხოვნა, რომელიც დღეს გაჟღერდება“, – განაცხადა ლინა ღვინიანიძემ.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორის თქმით, საწარმოს წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები მიუთითებს, რომ ადმინისტრაცია ცდილობს, მინდელის შახტში მომხდარი მთლიანად ბუნებრივ მოვლენებს დაუკავშიროს და ამით პასუხისმგებლობა გამორიცხოს.
„მეორე მხრივ, აქცენტი კეთდება მხოლოდ გამოძიებაზე, რაც, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი, თუმცა აქამდე ყველა შემთხვევა, დაღუპვა თუ დაშავება შახტში, გვარწმუნებს იმაში, რომ გამოძიება არასდროს ეფექტიანი არ არის და არასდროს არავინ არ ისჯება, მათ შორის, პირველ რიგში, არასდროს არ დგება საწარმოს პასუხისმგებლობის საკითხი. ამდენად, გამოძიება, როგორი შედეგიც არ უნდა აჩვენოს მან, არ არის ერთადერთი გამოსავალი“, – განაცხადა ლინა ღვინიანიძემ.
გარდა ამისა, ღვინიანიძე მიიჩნევს, რომ შრომის უსაფრთხოებას კანონპროექტის ამოქმედებამდე, უნდა შემოწმდეს ყველა ის ადგილი, სადაც ერთი უბედური შემთხვევა მაინც მომხდარა.
„ჩვენ ვერ დაველოდებით კანონპროექტის ამოქმედებას, რომელიც არც ვიცით რა შედეგებს გამოიღებს. ჩვენ ვითხოვთ, რომ ყველა ადგილი, სადაც ბოლო წლებში ერთი ასეთი შემთხვევა მაინც მომხდარა, საგანგებო რეჟიმით დაიწყოს სახელმწიფომ მისი მონიტორინგი და უახლოეს დღეებში დადოს შედეგები, რაც შეცვლის ვითარებას, მხოლოდ ერთეული შედეგების გამოძიება არასდროს ყოფილა გამოსავალი და არც ახლა იქნება“, – განაცხადა ლინა ღვინიანიძემ.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო საქართველოში დღეს გლოვის დღეა.