ირაკლი პეტრიაშვილი - როგორც ვიცი, მეშახტეებისთვის ხელფასების გასტუმრება ორ-სამ დღეში მოხდება  
ირაკლი პეტრიაშვილი - როგორც ვიცი, მეშახტეებისთვის ხელფასების გასტუმრება ორ-სამ დღეში მოხდება  

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილის ინფორმაციით, მეშახტეების ხელფასების გასტუმრება ორ-სამ დღეში მოხდება.

როგორც პეტრიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია მან კომპანიისგან მიიღო.

ტყიბულთან დაკავშირებით რაც ვიცი, ეს არის, რომ ხდება სახელფასო ფონდის აკუმულირება, როგორც კომპანიამ და სახელმწიფომ მომაწოდა ინფორმაცია, უბრალოდ არც არავის გადაუწყვეტია, რომ მათთვის შეეწყვიტათ ხელფასების გადახდა. უბრალოდ, საერთო თანხა არ იყო დაგროვებული, რომ გაესტუმრებინათ ხელფასები და როგორც ამბობენ, ორ-სამ დღეში მოხდება ამ ხელფასების გასტუმრება, რომელსაც თვეების განმავლობაში იღებდნენ მეშახტეები. ამ კუთხით გასაგებია, რომ პრობლემა გადაწყდება“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, გაუგებარია შემდეგი პერსპექტივები შახტებთან დაკავშირებით.

„ჩემთვის გაუგებარია შემდეგი პერსპექტივები, რა ხდება ტყიბულთან დაკავშირებით, რადგან საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ ექსპერტიზა მოითხოვა, რომელიც დააკმაყოფილა სახელმწიფომ და გერმანელმა ექსპერტებმა დადეს დასკვნა, მაგრამ უკვე ერთი წელია, რაც ამ დასკვნას ლამის გრიფი „საიდუმლო“ დაედო და არ ასაჯაროებენ, არ ეუბნებიან არც მეშახტეებს და არც პროფკავშირებს, შრომის უსაფრთხოება საერთოდ შესაძლებელია თუ არა ტყიბულში, რომ ადამიანები არ იღუპებოდნენ შახტებში“, – აღნიშნა პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ.

მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, დღეს 15-მდე მეშახტე მინდელის, ხოლო 10 ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდნენ და უარს ამბობენ ამოსვლაზე, სანამ მიმდინარე ხელფასების გაცემა და ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით მეშახტეების სრული ინფორმირება არ მოხდება.