პროტესტის ნიშნად, მეშახტეთა ნაწილი მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებიდან ამოსვლაზე უარს აცხადებს
პროტესტის ნიშნად, მეშახტეთა ნაწილი მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებიდან ამოსვლაზე უარს აცხადებს

ტყიბულში დღეს დილიდან მეშახტეთა პროტესტი განახლდა. მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, 15-მდე მეშახტე მინდელის, ხოლო ამდენივე ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდნენ და უარს ამბობენ ამოსვლაზე, სანამ მიმდინარე ხელფასების გაცემა და ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით მეშახტეების სრული ინფორმირება არ მოხდება.

პროფკავშირები განმარტავს, რომ მეშახტეებს, შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანიამ ისინი სასწავლო წლის დაწყების დროს თანხის გარეშე დატოვა და კომპანიის წარმომადგენლები ვერც ეხლა ამბობენ, როდის დაირიცხება ხელფასები.

„მეშახტეები მოკლებული არიან შესაძლებლობას, შეასრულონ საბანკო და კომუნალური ვალდებულებები, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს – მათ ყოველდღიურად ეკისრებათ საბანკო ჯარიმები სესხის პროცენტის გადახდის ვადაგადაცილების გამო და იზრდება შანსი, რომ მათ, როგორც აბონენტებს, შეუწყდეთ ბუნებრივი აირისა და ელ ეელქტროენერგიის მიწოდება“, – ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს ბანკს, ,,ენერგო პრო ჯორჯიას” და ,,სოკარ გაზს”,  გაითვალისწინონ შექმნილი მდგომარეობა და კიდევ უფრო არ დაამძიმონ ტყიბულელთა სოციალური მდგომარეობა. ასევე, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ მოხდეს თანხების აკუმულირება ტყიბულელთა შრომის ანაზღაურების გასაცემად და ასევე, მეშახტეების ინფორმირება, რა გეგმა გააჩნია მთავრობას და კომპანიას ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით.

„საქმე იმაშია, რომ შახტებზე რისკებისა და საფრთხეების შეფასებას, დარღვევების იდენტიფიცირებას, პრევენციული სამუშაოების განხორციელებას და იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე მეშახტეების შრომის ანაზღაურებით უზრუნველყოფას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და დარგობრივი პროფკავშირი რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდა, თუმცა მთავრობის მხრიდან ეს მოთხოვნა ყოველ ჯერზე იგნორირებული იქნა, რის გამოც 2018 წლის აპრილის თვეში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ საკუთარი რესურსების გამოყენებით უკრაინიდან მოხდა შრომის უსაფრთხოების ექსპერტების მოწვევა, რომლებმაც განახორციელეს შახტების კვლევა და მოამზადეს 22 გვერდიანი კრიტიკული დასკვნა.

ამის შემდეგ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე დაყენებული იქნა მოთხოვნა საექსპერტო ჯგუფის მთავრობის ეგიდით მოწვევასთან დაკავშირებით, შესაბამისად, 2018 წლის 16 ივლისიდან ტყიბულში ნახშირმოპოვების პროცესი პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეჩერდა. შახტაში არსებული რისკების და საფრთხეების შეფასების მიზნით შემოყვანილი იქნა გერმანული საექსპერტო კომპანია DMT ჯგუფი, რომელმაც განახორციელა კვლევა და 2018 წლის დეკემბრის თვეში დასკვნაც მოამზადა, რომელიც სოციალური პარტნიორებისთვის მთავრობას დღემდე არ მიუწოდებია და არც რამე სახის გეგმა გაუმჟღავნებია შახტების მუშაობასთან დაკავშირებით“, – აცხადებს საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი.