მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა
მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მიმდინარე წლის 5 აპრილს ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულების სასამართლო პროცესი გამართა.

ხუთი დაკავებულის დაცვის მხარემ დაზარალებულების პოზიციის გამორკვევამდე, პროცესის გადადების შესახებ დააყენა შუამდგომლობა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

დღევანდელ პროცესზე შესავალი სიტყვა ბრალდების მხარემ და მეექვსე დაკავებულის, გოჩა ქასრაშვილის ადვოკატმა წარმოთქვეს.

შეგახსენებთ, ტყიბულში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, დაკავებულია კომპანია „საქნახშირის“ ექვსი თანამშრომელი: ტარიელ აბესაძე მინდელის სახელობის შახტის დირექტორის მოადგილე, მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე, თანაშემწე გოჩა ქასრაშვილი, უბნის უფროსი მურად აბულაძე, მენეჯერი
მამული კუბლაშვილი და დირექტორი აკაკი ახვლედიანი

დაკავებულებს გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240- ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს ექვსი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი, მძიმედ დაშავდა.

მომავალი სასამართლო პროცესი 19 დეკემბერს 12:00 საათზე ჩაინიშნა.