ივანე მაჭავარიანი - ჯერ კიდევ შესაძლებელია, ტყიბული ბიზნეს და ეკონომიკური კუთხით საინტერესო იყოს, არის დაინტერესება სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფიდან  
ივანე მაჭავარიანი - ჯერ კიდევ შესაძლებელია, ტყიბული ბიზნეს და ეკონომიკური კუთხით საინტერესო იყოს, არის დაინტერესება სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფიდან  

მიგვაჩნია, რომ ტყიბული ქვანახშირის მოპოვების სფეროში ჯერ კიდევ შესაძლებელია, ბიზნეს და ეკონომიკური კუთხით იყოს საინტერესო, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა ტყიბულში მაღარო სხვა კომპანიამ გადაიბაროს.

მისი თქმით, არის საუბრები იმაზე და შეიძლება რამდენიმე კომპანია არსებობდეს, რომელიც ამით დაინტერესდება.

„შეიძლება, ჩვენ ფასილიტატორის როლი ვითამაშოთ, მეტი კომფორტი შევუქმნათ პოტენციურ ინვესტორს, ვინც ამას აიღებს, უსაფრთხოების ნორმებს და სტანდარტებს დანერგვას და შესაბამისად, საწარმოს გახდის მომგებიანს. არის ამის რესურსი. ეს რესურსი არ არის გადაწურული. აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებ და მგონია, რომ ამ გზით განვითარდება სცენარი. ვნახოთ ქალბატონი მინისტრი რა ამბავს ჩამოიტანს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, დეტალების შესახებ ინფორმირებული არ არის და ეს საკითხი ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა.

„გულახდილად გეუბნებით, დეტალებს არ ვფლობ. ეს სრულად ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა და ვფიქრობ, ისინი გააკეთებენ კომენტარს. თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ არის დაინტერესება სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფებიდან. ეს უკვე არის კარგი სიმპტომი, კარგი ნიშანია, დაველოდოთ მოვლენებს. აქედან იქნება ჯანსაღი,  ჯანმრთელი, ეკონომიკურად გამართული გამოსავალი“, – განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე, ხომ არ არის საუბარი ბიზნესჯგუფზე, რომელიც „ჭიათურ მანგანუმს“ ფლობს, მაჭავარიანი მოცემულ ეტაპზე ინფორმაციას არ არ ადასტურებს.

„ვერაფერს დაგიდასტურებთ ამ ეტაპზე. თუნდაც ესენი იყვნენ, ნებისმიერი ბიზნეს ჯგუფი, რომელიც დაინტერესდება, ამუშავებს ამ მაღაროს და ჩათვლის, რომ მომგებიანი იქნება, ეს იქნება ძალიან კარგი ქვეყნისთვის. რა მნიშვნელობა აქვს რომელი ბიზნეს ჯგუფი იქნება, გამოჩნდება, არ დაიმალება, რატომ ნერვიულობთ“, – მიმართა ვანო მაჭავარიანმა ჟურნალისტებს.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს ტყიბულში ჩავა. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიუღებელია, რაც ტყიბულში ხდება და ყველა ინვესტორმა, დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ვალდებულია, შეასრულოს სახელფასო ვალდებულებები, შექმნას შესაბამისი სამუშაო პირობები.

ტყიბულელი მეშახტეები 24 სექტმბრიდან საპორტესო აქციებს მართავენ და სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ.

ამასთან, „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ტყიბულელი მეშახტეებისთვის ხელფასის გაცემა სავარაუდოდ პარასკევიდან იქნება შესაძლებელი.