„საქნახშირის“ დირექტორი აცხადებს, რომ ტყიბულელი მეშახტეებისთვის ხელფასის გაცემა სავარაუდოდ პარასკევიდან იქნება შესაძლებელი
„საქნახშირის“ დირექტორი აცხადებს, რომ ტყიბულელი მეშახტეებისთვის ხელფასის გაცემა სავარაუდოდ პარასკევიდან იქნება შესაძლებელი

„საქნახშირის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ტყიბულელი მეშახტეებისთვის ხელფასის გაცემა სავარაუდოდ პარასკევიდან იქნება შესაძლებელი.

მისი თქმით, 13 თვის განმავლობაში კომპანიამ ხელფასი დროულად ჩარიცხა, თუმცა მე-14 თვეს, ფინანსური პრობლემები გამო, ეს ვერ მოხერხდა.

„ხვალ არის სამთავრობო სხდომა, სადაც მოგვარდება ხელფასების რეგულაციის საკითხი. თუ მოგვარდა, პარასკევიდან შესაძლებელი იქნება ხელფასების გაცემა. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკება ეკონომიკის სამინისტროსთან შახტების ამუშავების საკითხზე, მაგრამ დახურვის საშიშროება არ არსებობს და თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადაიდო შახტების ამუშავება, ხელფასები მაინც გაიცემა“, – განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.

დღეს დილიდან ტყიბულში მეშახტეები „საქნახშირისგან“ კუთვნილი ხელფასის დროულად დარიცხვის მოთხოვნით აქციას მართავენ.

მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, 15-მდე მეშახტე მინდელის, ხოლო 10 ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდნენ და უარს ამბობენ ამოსვლაზე, სანამ მიმდინარე ხელფასების გაცემა და ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით მეშახტეების სრული ინფორმირება არ მოხდება.

ამათან, ელიზბარ მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციის შენობაში გუშინ კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მეშახტეებმა განაცხადეს, რომ აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.