ტყიბულელი მეშახტეები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ
ტყიბულელი მეშახტეები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ

ელიზბარ მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციის შენობაში კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა მეშახტეებმა განაცხადეს, მათ ვერ მიიღეს პასუხი შეკითხვებზე, ამიტომ აქციებს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე ხელფასი არ დაირიცხებათ.

„ადმინისტრაციის თქმით, ხელფასი 27-ში დაირიცხება, თუმცა არ ვწყვეტთ აქციებს. ხვალ 10:00 საათიდან შევიკრიბებით და მოვუწოდებთ ტყიბულის ყველა მოქალაქეს, ჩაერთოს აქციაში“, – განაცხადა გელა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი აცხადებს, რომ სახელფასო დავალიანების დაფარვა დაახლოებით ექვსი ან შვიდი დღის ვადაში მოხდება.

რაც შეეხება მეშახტეებს, რომლებიც დილით პროტესტის ნიშნად შახტში ჩავიდნენ, ჯაყელის ინფორმაციით, მათ ჯამრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება და მიეწოდებათ სასმელი წყალი და საჭმელი.

„ვაპირებდი შახტში ჩასვლას, თუმცა შეხვედრაზე მისულმა მეშახტეებმა განაცხადეს, რომ მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, მათი პოზიცია მივიტანო ხელისუფლებამდე, ვიდრე ჩავიდე შახტში, ვინაიდან იქ მყოფ მეშახტეებსაც იგივე პოზიცია აქვთ“, – განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.

მეშახტეები „საქნახშირისგან“ კუთვნილი ხელფასის დროულად დარიცხვას ითხოვენ. მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, დღეს 15-მდე მეშახტე მინდელის, ხოლო 10 ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდნენ და უარს ამბობენ ამოსვლაზე, სანამ მიმდინარე ხელფასების გაცემა და ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით მეშახტეების სრული ინფორმირება არ მოხდება.

დატოვე კომენტარი