არა, ჩემთან! – მრავლისმთქმელი ღიმილით მიპასუხა და კიდევ ერთხელ შეაფასა ჩემი წვეტიანი ცხვირი, სქელი ტუჩები და ალბათ შავი თვალებიც, – ჩემთან უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ამჯერად უფრო სწორი იქნება თუ შენთან წავალთ! იქნებ არ გინდა?

  როგორ არ მინდა! პირიქით ძააან მინდა! – ამოვილუღლუღე და შევადარე ანანოს სახე და კისერი, სოლომონის “ქებათა – ქებას”:

“…შენი თვალები ორი მტრედია შენს პირბადის ქვეშ.

შენი თმა არვეა თხათა, გალაადის მთიდან დაშვებული.

შენი კბილები გაპარსული ცხვარია, საბანელით ამომავალი, თითოეული ტყუბ-ტყუბად მსხმელი და ბერწი არ არის მათ შორის.

შენი ბაგეები ძოწის ძაფია და შენი პირი – საამური.

შენი ღაწვები ბროწეულის ლებნებია შენს პირბადის ქვეშ.

შენი ყელი დავითის გოდოლია, აგებული საჭურველთათვის…”

და ჩემი მხრიდან,“ უხ შენი ჭირიმე”- დავამატე.

 კარგი,  წავიდეთ ჩემთან! – ზედმეტი პათეტიკის გარეშე ვთქვი, მაგრამ აზრზე არ ვიყავი რა უნდა გვეკეთებინა ჩემთან. ორ, მარტოდ მარტო მყოფ გოგო-ბიჭს… “უ მ ა გ ა რ ე ს” ანანოს და მე. ჩემს სახლში… საერთოდ როგორ უნდა მოვქცეულიყავი? რეალურად არ ვიცოდი რას აკეთებდნენ ამ დროს?! მიუხედავად იმისა, რომ ამაზე მილიონი კინოა გადაღებული, უფრო მეტი წიგნია დაწერილი… არაფერი ვიცოდით. ბავშვები რომ ვყოფილიყავით ვიცი რასაც გავაკეთებდი. ვითამაშებდით – კუბიკებს. ქალაქობანას. სახლობანას. დახუჭობანას. დაჭერობანას. მაგრამ ახლა… არ ვართ ბავშვები…

 ხოჩეშ ვიიგრაწ? ნე სუეტის ი ვრემია სამო უკაჟეტ ჩტოპ დელატ! (გამარჯვება თუ გინდა, ნუ ხვანცალებ, დრო ყველკაზე კარგად გიჩვენებს რა უნდა ქნა!) – “ანჟელიკა ანგელოზების მარკიზას” რომანიდან ამოკითხულმა და გონემაში დროულად ამოტივტივებულმა ამ ფრაზამ, ცოტა დამამშვიდა და სხვა მიმართულებით წარმართა ჩემი დარეტიანებული აზროვნება.

კარტის თამაში შევთვაზო თუ დომინოს?..

უცებ წარმოვიდგინე:

“ მე და ანანო როგორ ვუტყაპუნებთ დომინოს:

სე იაქე!

 შაშუ ბეში!

დუ იაქე! დაწერე ეს ათიც და პარტიაა! – ხარხარებს ანანო…” 

…და თავის მოკვლა მომინდა.

სახლამდე გზას თხუთმეტი – ოცი  წუთი უნდოდა. ჩვენ საათი მოვუნდით. ანანომ გზაში ორი ნაყინი შეჭამა, ნაღები და კაკაო…

მერე მზესუმზირა მაყიდინა, რითაც ოცი წუთი მტრედებს ვანაყრებდით.

მერე ათი, თუ თხუთმეტი წუთი ბნელ სადარბაზოში ვიდექით და ვიღაცას ვემალებოდით. იმ ვიღაცის ანანოს “ძალლიან” ეშინოდა. იმდენად ძალიან, რომ მთელი ძალით მიჭერდა გაოფლილ ხელს, ლამის მომამტვრია თითები, მაგრამ მე არ და ვერ  ვგრძნობდი ტკივილს. პირიქით, ეს დისკომფორტი დიდ სიამოვნებას მანიჭებდა და რაღაცნაირად მმატებდა ძალას.

იცით, მისი ხელის შეხებით მის გულის ძგერას ვგრძნობდი… ალბათ ეს ჩემი გულისძგერა იყო, მაგრამ მაშინ მისი მეგონა. თაფლისფერი თვალები ჰქონდა, რომლებიც მომენტებში მოლურჯო ნისლის ფერით ეფარებოდა და უსაზღვრო, უკიდეგანო უხდებოდა.

 როცა მათ სიღრმეში ვიხედებოდი და ვიძირებოდი, ბედნიერი ვიყავი თუ არა?

 – არ ვიცი… მაგრამ მისი დროით და მისი სურვილებით, რომ ვცხოვრობდი იმ მომენტში, ეს ფაქტია… და ამის გამო არც დისკომფორტს და არც შინაგან პროტესტს ვგრძნობდი…

…როცა სამზარეულოდან წყლიანი ჭიქა შემოვუტანე, ტახტზე იყო ნახევრად წამოწოლილი და ოთახს დიდი ცნობისმოყვარეობით ათვალირებდა.

აი!

მადლობა, – მოსვა ყლუპი და დაამატა, – რა ცივი წყალია?!

  ჰოო! ონკანიდან მოდის!

 ონკანიდან მოდის ასეთი ცივი და გემრიელი წყალი?! – ისე გაიკვირვა თითქოს ცივილიზებულ ქვეყანაში პირველად მოხვდა.

  ჰოო! ცხელი წყალიც გვაქვს! გინდა იმასაც გაგასინჯებ?

  შენ რა მაიმუნი ყოფილხარ! – გადაიხარხარა და კედელზე გაკრულ პლაკატს მიაშტერდა, – ნამყოფი ხარ?

 მაროკოში?

 ეს მაროკოა? თურქეთი მეგონა!

  მაროკოა! ქალაქი – უჯდა.

  მართლა?

ჰოო! – დავუქნიე თავი და ჩემს ტვინში ნათურა აინთო “წკაპ”. იდეა გამიჩნდა და ეგრევე საქმეზე გადავედი.  თვალებში ჩავხედე, სერიოზული სახით დავიწყე:

 – რაკი უკვე გამოაშკარავდა ჩვენი ამბავი, ახლა რასაც გეტყვი დაიმახსოვრე და გულში დაიმარხე. მპირდები?

  სად დავიმარხო?

 გულში.

  მეკაიფები? – თვალები მოჭუტა.

 არა! მპირდები, რომ დაიმარხავ?

  ალბათ! – მხრები აიჩეჩა

ამოვიოხრე. ჩამოვჯექი და თვალები დავხუჭე:

  მძიმე ფიქრები მომეძალა!

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14