– “მართალი” – შეიძლება არ ყვირის, მაგრამ “მართლა მოტყუებული” ყვირის და არა მარტო ყვირის… ღრიალებს და ჭკუიდან გადადის!
ჩაინიკამ ნაფაზი დაარტყა და ღრმად ჩაფიქრდა:
– თუკი შენი მხრიდან გაჟიმვას ჰქონდა ადგილი, იმ დედამოხნულებმა ძაღლობაში რატომ არ განაცხადეს?
– აბა მე რა ვიცი! იმის პატიოსნებას და სახელის გატეხვას მოერიდნენ!
– მთელმა სკოლამ იცის ამბავი და აბა ეგ რაა?
– აბა, მე რა ვიცი?- მხრები ავიჩეჩე.
– ანანოს შეხვდი ან დაელაპარაკე?
– არა. არც სადმე ჩანს !
– ეეეჰ! – ხელი ჩაიქნია ჩაინიკამ, – წამო, გინდა ქურდთან მივიდეთ. მამაჩემის ძმაკაცია და… მაგას თუ ჩავრევთ უკეთესი იქნება?
– დამიჯერებს ვინმე?
– ქურდი დაგიჯერებს, თუმცა რა უნდა უთხრა?
– პირი რომ დავაღო და დავიწყო, თვითონ მახტებოდა მეთქი და არაფერი მიკადრებია მეთქი, არაკაცი მე თვითონ გამოვალ… ანუ…
– ანუ მატროსოვივით ყველა მხრიდან დარხეული გაქვს.
– ჰოო, უკნიდან ისვრიან, წინიდანაც! ამბრაზურას უნდა გადავეფარო და გმირულად მოვკვდე…რაა… და ეგ არი?
– ჰოო. იტყვი სიმართლეს არაკაცი და დამპალი ხარ. აღიარებ მათ ნათქვამს და გარეწარი და სექსოსტრადალეცი ხარ!..
– იცი, რა მაინტერესებს ანანოს “ჟენიხი”, ოცდახუთი წლის “სტარიკია” ხომ?
– მერე?
– იმას რაღა ჩემი ფეხები უნდა? ამხელა “ჩოყლაყია” და ვერ ხვდება ანანო რა “ფრუქტიცაა”?
– იმან შეიძლება ანანოზე მეტი იცის და ვაბშემც მაგის იდეაა ეს ამბავი! – “ჩაინიკას” უცებ გაუნათდა გონება.
– მერე ჩვენ რა?
– ხელი უნდა თხოვო და ცოლად უნდა მოიყვანო!
– ჰაჰაჰა! მაგარი სასაცილოა!
– მაგარი ტრაკიკომედიაა!
– სტრელზე სერიოზული ჩხუბი იქნება.
– “იასნია”! რაც უფრო გაუგებარი სიტუაციაა, მით უფრო “გნიდური” ბაზარი და ჩხუბია!
– მაგარი ბინძური და არაკაცური. იქ სიმართლე კი არ გაირკვევა, არამედ დაიმარხება… – ამ უსამართლობამ და გაუგებრობამ ასაფეთქებელი მექანიზმივით გამხადა. ერთი სული მქონდა “ბა-ბახს”- როდის დავიძახებდი და გავანადგურებდი ყველაფერ გაუგებარს ჩემს ირგვლივ.
– ჰოო, ვერავინ ვერაფერი ვერასდროს ვერ გაიგებს! – “ჩაინიკამ” არასწორად გადაიწერა პირჯვარი და წამოდგა, – დროა დავიძრათ ჭვავის ეზოსკენ!
– ჭვავის ეზოსკენ, ჰერიო! – ისე ძაან მინდოდა ჩხუბი, მაგარი “თაქი”, რომ ხელისგულები საშინლად მექავებოდა…
…დიდი ხნის შემდეგ ჩვენ კვლავ შევხვდით ერთმანეთს. მე და ანანო.
ეს არ მომხდარა ჩემი ინიციატივით. აღმოგვაჩნდა ერთი საერთო ნაცნობი სახელად – ესმა, რომელმაც ერთობლივი საქმიანობიდან გამოდინარე, ე.წ. ახლობელი იყო, ანუ პროფესიულ-სამსახურებრივი მეგობარი და მან მოიყვანა ჩემთან შეხვედრაზე.
– ჩვენ გვყავს საერთო ახლობელი, რომელსაც ძალიან უნდა თქვენთან შეხვედრა! – ეშმაკური ღიმილით მითხრა მან.
– ვინ არის?
– “სიურპრიზი უნდა იყოსო”,- ასე გამაფრთხილა – მოდი, არ გაგიმხელთ, კარგი?
– ის მაინც მითხარით, ქალია თუ კაცია?
– ჩემი დიდზე-დიდი დაქალია!
ინსტიტუტის კაფესთან შევხვდით ერთმანეთს.
-ვაა! ანანო? – გულწრფელად გავიკვირვე და გადაკვოცნე.
-ჰოო, მე ვარ! – დაიმორცხვა, და ნაღვლიანად და გაიღიმა.
– ქარტეხილებმა გადაიარეს, და ჩვენ დიდი ხანია აღარ გვინახავს ერთმანეთი! -პათეტიკურად წარმოვთქვი და ორივემ კვლავ გავიცინეთ.
ხეებს შორის ბევრი ცარიელი მაგიდა იდგა და ერთ-ერთს მივუჯექით. მზიანი დღე იყო. სტუდენტებს გამოცდები ახალი მორჩენილი ჰქონდათ. შესაბამისად, პოპულარულ კაფეში ამჯერად სიხალვათე და სიმშვიდე სუფევდა. მიმტანმა შეკვეთილი ყავა მოგვიტანა, ღიმილით დაგვიქნია თავი და ფანჩატურში სხვა უსაქმოდ მყოფ ოფიციანტებს შეუერთდა.
ხომ იცით არის ასეთი გამოხედვა როცა უყურებ, მაგრამ ვერ, ან არ ხედავ იმას რისი და ვისი დანახვაც არ გინდა… ბევრი ვილაპარაკეთ და უფრო მეტი ვიცინეთ, თუმცა შეხედვას ვერიდებოდით… ანუ ერთმანეთს მხოლოდ ასე ერთმანეთის დაუნახავად ვუყურებდით.
ჩვენი საერთო ნაცნობი სიხარულისგან ცაში დაფრინავდა.