ჩემი დაიკო კი არსად ჩანდა. ის, რომ მათ გვერდით ყოფილიყო, შეიძლება ასე არ მომხდარიყო… მაგრამ არსად ჩანდა, ვერ ვხედავდი და ამიტომ უფრო მიტყდებოდა ესეთი სიტუაციის შენარჩუნება.

არ ღირს ასეთ პონტში დაბრედვა…

წვიმებისგან დატოვებული გუბეები და ცივი ნიავი დრო და დრო შეგვახსენებდა, რომ ნაღდი გაზაფხული ჯერ არ დამდგარიყო. ასეთ “ხანდახანობას” და “დროდადროობას”, ჩვენც საგაზაფხულო უცნაური ჩაცმულობით ვუპირისპირდებოდით. ქუჩაში შეიძლება პალტოიანიცა და თხელპიჯაკიანიც გენახათ. მინი-ში ან კოჭებამდე შალის კაბაში გამოწყობილიც. მოკლედ ზოგს ციოდა, ზოგს ცხელოდა, მაგრამ ნორმალურად არავის ეცვა. ეს, ხომ ქალაქური გაზაფხულის ნამდვილი სახე იყო.

სკოლაში ჩვეულებრივ წავედი. გზაში „ჩაინიკა“ დამემგზავრა. ჩემი სახლის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობდა და ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. მას ზომაზე ოდნავ მოკლე შარვალი ეცვა და წითელი წინდები მოუჩანდა. იღლიაში, ორად დაკეცილი, რვეულივით თხელი სასკოლო ჩანთა გაეჩხირა. წიგნები არასდროს დაჰქონდა, თავს იმით იმართლებდა, რომ გრიჟა ჰქონდა და მისთვის სიმძიმის ტარება არ შეიძლებოდა. თუმცა არც არავის აინტერესებდა და არც არავინ  ეკითხებოდა, თუ რატომ არ დაჰქონდა წიგნები. “ჩაინიკას” იმიტომ ვეძახოდით, რომ მუდმივად გადახოტრილ თავზე ერთი ყური, მართლაც ჩაიდანის სახელურივით ჰქონდა აპრეხილ – გამოშვერილი. ჭორაობდნენ, რომ ეს მამამისის ბრალი იყო – “იმ მხეცმა, სანამ ციხეში ჩაჯდებოდა, მანამდე დაამახინჯა შვილიო”.

ამ კაცმა, “სროკიდან – სროკამდე”, ორ თვეში – ერთი ძარცვა, ორი ყაჩაღობა, მშობელთა საერთო კრებაზე დასწრება, სასკოლო ექსკურსიაზე რესტორანში ყველას დაპატიჟება – გამასპინძლება და იქვე სასმელისაგან ზედმეტად ახვანცალებული, სკოლის დირექტორის “გატყეპვა”, შვილის ჭადრაკზე და ბოქსზე შეყვანა, ცოლის დაორსულება და ძველი ბინის გარემონტებაც კი მოასწრო… დიდი “ჩაინიკა” რეცედივისტი იყო… და შვილსაც შთამომავლობით გადმოჰყვა ეს სახელი. არანაირ “ყურის აწევას” სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია.

 მამაჩემი ბანდიტია! ხანდახან ყაჩაღიცაა! ხულიგნობს კიდეც, მაგრამ ქურდი არაა და არც არასოდეს ყოფილა! ნარკომანია ეზიზღება! დედა კი დაბალი ტემპერატურების ლაბორატორიაში მუშაობს, უფროს მეცნიერ თანამშრომლად! – რიხიანად განაცხადა, როცა ახლად დანიშნული დამრიგებელი, მშობლების შესახებ გვეკითხებოდა ბავშვებს.

“ჩაინიკა” ჩემი კარგი მეგობარი იყო, მაგრამ  მისთვის არ მომიყოლია ის თუ როგორ გავატარეთ მე და ანანომ წინა პარასკევი…

ამის შესახებ ლაპარაკი, და ტრაბახი არაკაცურად მივიჩნიე. სინამდვილეში კი – შემრცხვა, რადგან სიტუაციის სწორად აღსაწერად საჭირო სიტყვები ვერ გამოვნახე.

თან ჩავთვალე, რომ ის რაც ჩემს სახლში, შატალოზე ყოფნისას მოხდა… “ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი”,  აბსოლუტურად ყველაფერი სინამდვილეში “ა რ ა ფ ე რ ი” იყო. თუმცა ჩემთვის მაინც წარმოადგენდა – საოცრად სათუთს, ფაქიზს და ძვირფასს. “ი ს  ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი” უბრალო ფრაზებით აღუწერელი უნდა დარჩენილიყო და არ უნდა დაქვემდებარებოდა ბანალურ სიტყვებს, რომლებსაც შეიძლება ყველაფერი წაებილწა, ან არასწორი სარჩული, მოტივაცია დასდებოდა. ჰოდა, ამიტომ კრინტიც არ დამიძრავს.

თან მე და “ჩაინიკას” ისედაც ბევრი სხვა, სალაქლაქო და საღადაო თემა გვქონდა.

სახლსა და სკოლას შორის ჩვენს საყვარელ “ტოჩკაზე” შევუხვიეთ… ის, სამხედრო ჰოსპიტალის ღობესა და ბუჩქებს შორის უცხო თვალისგან მოფარებული ადგილი იყო. ადრე, როცა პატარები ვიყავით და ომობანას თამაში ჩვენი ძირითად გართობას წარმოადგენდა, აქ საიდუმლო შტაბი გვქონდა. ახლა კი, ის ოფიციალურ “კურილკა”-ს წარმოადგენდა… გადავწვებოდით უზარმაზარ გაუკრეჭავ ბუჩქებზე, ზამბარასავით დრეკადი ტოტოები აგვიტაცებდნენ და აქეთ-იქეთ გვაქანავებდნენ. აქეთ-იქეთ. აქეთ-იქეთ. ჩვენც ვნარნარებდით. დავტაატობდით… ხან ჯუნგლებში, ლიანებზე გაჭიმულ ჰამაკებში, ხან კარიბის ზღვის პირას მოცურავე ნავებში, ხან ღრუბლებში ან სტრატოსფეროში და ვაბოლებდით “მტკვარს“, “კოსმოსს”, “მზიურს”, “ლუქსს” და ზოგჯერ “როდობის”-აც კი.

მოკლედ მე და “ჩაინიკა” უკვე კარგა ხნის დაძმობილებულებმა, მივიღეთ ჩვენი დოზა ნიკოტინი და ხითხითით გავუყევით განათლებისაკენ მიმავალ გზას. წინ შემოგვხდა უზარმაზარი, მანქანებით გადატვირთული “ტრასა”. რა უნდა გვექნა? ყველაზე ვიწრო ადგილას გადავჭერით გამზირი, და მილიციონერის სტვენის მიუხედავად სირბილით დავაწექით სკოლისკენ.

ჩვენი სკოლა ყველაზე დიდ და წარმატებულ საგანმანათლებო დაწესებულებად ითვლებოდა მთელს ქალაქში. მას ორი შესასვლელი ჰქონდა. პირველი – ცენტრალური, ოფიციალური, ლამაზი, ნათელი, მაგრამ შორი გზიდან მოსავლელი და მეორე – “ზადნი”, პოპულარული და ადვილად მისასვლელი…

მაღალი, თეთრად შეღებილი აგურის ღობეში, ვიღაც ჯიგარს ფართე ხვრელი გამოენგრია. სკოლის მხრიდან ის არ მოჩანდა, რადგან ფარავდა ბედნიერი პიონერებითა და “დე მუდამ იყოს მზე!” წარწერით მოხატულ-გაფორმებული უზარმზარი პლაკატი. ქუჩის მხრიდან კი “დირკა”, ორ დაჟანგულ ავტოფარეხს შორის იმალებოდა.

“რაკი თვალში არ გხვდება, ესე იგი  ა რ ა ლ ი ს!” – შესაბამისად მისი არსებობა არავის აწუხებდა, პირიქით აწყობდათ კიდეც. სკოლის სახურავზე ამძვრალებს, ხშირად დაგვინახავს იქიდან შემოპარულ-გაპარული მასწავლებლებიც და სასწავლო ნაწილის გამგეებიც.

აი, სწორედ აქ მივხვდი, “რაღაც ვერ არის ისე, როგორც უნდა იყოს”… „დირკასთან“ სადაც ყოველთვის თავს იყრიდა სკოლის „ბლატნოი ელიტა“ ახლაც ზედახორა დაგვხვდა…

 ეეე, ნახე რასპუტინა მოვიდა?! – ჩვენს დანახვაზე წამოიძახა ვიღაცამ. ერთად შექუჩული “ სასატავი” ეგრევე გაიყო, და „პაჩოტნი“ ყარაულივით ჩაეწყო. თვალებდაჭყეტილები და პირდაღებულები მიგვაცილებდნენ განათლებისკენ მიმავალი ხვრელისკენ. ზარიც გაისმა. გაკვეთილები იწყებოდა და თუ დროზე არ შევაღწევდით სკოლაში, კარებს ჩაკეტავდნენ და პრობლემებიც შეგვექმნებოდა.

 ე, რა ხდება თქვეჩემა?- ვიკითხე და პასუხს არც კი დაველოდე ისე გავძვერი ხვრელში, პლაკატს გვერდი ავუარე და ბალახებს შორის გატკეპნილ, საცალფეხო ბილიკზე გავედი.

ჩაინიკა არ გამომძვრალა, ღობის იქიდან ხმადაბალი ლაპარაკი და ჩოჩქოლი მესმოდა… ვაგვიანებდით და ამიტომ დავუძახე:

შეჩემა სადა ხარ, არ მოდიხარ?

  ჰო-ჰო! მიდი ტოო, ჰო. მიდი და მოვალ, ტო!

მხრები ავიჩეჩე და გავუყევი ბალახებს შორის გაკვალულ ბილიკს. ფიზკულტურის დარბაზის უკან გაშლილ ამ მოუთიბავ მინდორს მთელი “სასტავი” სელინჯერისა და მისთანა ჯიგრების პონტში „ჭვავის ეზოს“ ვეძახდით…

ცოტა ხანში “ჩაინიკაც” დამეწია. სულ აწითლებული იყო. როგორც კი მომიახლოვდა, ჩამჩურჩულა:

  ფრთხილად იყავი! ისე არიან ავარდნილები, მგონი შენი დაბრედვა უნდათ!

  ეეე! – აღმომხდა მე, – ვიის?

 იმათ, ტო! – უკვე ჩემს წინ მიდიოდა და შპიონივით აქეთ-იქით იხედებოდა. მგონი ჩასაფრებულ სნაიპერებს ეძებდა.  

   რატო, ტო?

 ვითომ არ იცი?! – ხელი მკრა.

  გამოქლიავიდი შეჩემა! – დავიბენი და მხრები ავიჩეჩე, – ვის იმათ? რატომ?

  ანანოს უთქვამს ყველაფერი! შენ ვინა ყოფილხარ, ტო !

  ანანოს?! რა უნდა ეთქვა? – გავოგნდი, – რა მოყვა?! როგორ მოყვა?

… გამახსენდა პარასკევის შატალო – პაემანი. ჩემი სახლი. ანანოს თვალები. მაროკო. გრიგის მუსიკა. ჩესტერფილდი…

მაგრამ, ეს ხომ საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო?! ამ ყველაფრის სიტყვებად გადაქცევა შეუძლებელი იყო… რანაირად უნდა დალაგებულიყო “ის” წინადადებებებად. აზრებად… გამოუთქმელ, აღუწერელ საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო… სიტყვები და ბგერები, ხომ კლავენ ასეთ რაღაცეებს?!…

  ტყუილია! ანანო არაფერს მოყვებოდა!

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14