ვლაპარაკობდით ხელოვნებაზე, პოლიტიკაზე, აქტუალურ თემებზე, ბევრს ვხალისობდით სატელევიზიო გადაცემებსა და სერიალებზე.

მოკლედ სითბოთი გაჯერებული, ღრმა მეგობრული გრძნობები გამოვავლინეთ და გადმოვაფრქვიეთ… მაგრამ წარსულზე კრინტიც არ დაგვიძრავს.

ერთი კედელი რას ეუბნება მეორე კედელს? – ვიკითხე.

ანეგდოტია? – დაინტერესდა ჩვენი ესმა.

არა! – წამოწითლდა ანანო, და ჩემი დასმული შეკითხვა გაიმეორა.

არ ვიცი, ალბათ ეუბნება რა გლუვი ხარ. ან რა ცივი ხარო! – დაიბნა გოგონა.

 ესმამ არ იცის პასუხი ამ შეკითხვაზე?

ესმას არ სცოდნია! – ამოვიოხრე და ლამის ერთდროულად ავხარხარდით. იმდენად გულღიად და ხმამაღლა ვიცინოდით, რომ ჩვენზე ორჯერ უმცროს – ესმას, რომელსაც სელინჯერი საერთოდ არ ჰქონდა წაკითხული, ან თუ ჰქონდა იმდენად ზერელედ, რომ ამ შეკითხვისთვის არც კი მიუქცევია ყურდღება, თვალზე ცრემლიც კი მოადგა:

 ეს რა ახლობლები ყოფილხართ და აქამდე რატომ ვერ ან არ შეხვდით ერთმანეთს?

არის კარგი მოგონებები, რომლებიც სიკვდილზე უარესია!..

ას პროცენტიანია!

მის სიტყვებზე გამეცინა. ანანომაც გაიცინა. ესმასაც გაეღიმა.

ესაა და ეს…

იმის მერე აღარ შევხვედრივართ. ესმა ჰლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად, აღარც ანანო გამოჩენილა ჰორიზონტზე…

იმ დღეს არაფერი გვიკითხავს და არც არაფერი გაგვირკვევია…

ცხოვრება იმიტომაა მიმზიდველი და საინტერესო, რომ მასში არსებობს კითხვები, რომლებზეც ვერასოდეს გაიგებ პასუხს… და  შ ე ს ა ძ ლ ე ბ ე ლ ი ა, არც უნდა ეცადო მათი გარკვევა და სიმართლის დადგენა.

ა ლ ბ ა თ, უპასუხო შეკითხვები ახალნგრძლივებენ სიცოცხლეს.

“ა ლ ბ ა თ” და “შ ე ს ა ძ ლ ე ბ ე ლ ი ა” მართლაც არასასიამოვნო სიტყვებია, არა?

თქვენ როგორ გგონიათ?

გაზეთიდან ამოჭრილი ეს ჩანაწერი კი დღესაც მიგდია საწერ მაგიდის ერთ-ერთ ყუთში და ვფიქრობ დავწვა და ფერფლი ქარს გავატანო, თუ ეგდოს იქ სადაც გდია?

“საჯარო სკოლის უკანა ეზოში, რომელსაც არაფორმალურად “ჭვავის ყანას” ეძახიან, სკოლის მოსწავლეებსა და დაუდგენელ მოზარდებს შორის მოხდა სისხლიანი ინციდენტი, რომლის დროსაც დაიჭრა ერთი არასრულწლოვანი და მძიმედ დაშავდა სამი ახალგაზრდა. ისინი გადაყვანილია საავადმყოფოში. გამოძიება დაწყებულია,. როგორც თვითმხილველები ამბობენ შეტაკება მოხდა სპონტანურად, ორ დაჯგუფებას შორის. დამნაშავეებისა და მონაწილეების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. კონფლიქტის მიზეზი ამ ეტაპზე გაურკვეველია.”

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14