“აააუუუუუუუოოოო!” – სკოლის ბუფეტში გული კინაღამ ფეიერვერკებად გაიშალა.

-”ანანო მთავაზობდა პირადად მე! მარტო მეეე!!! მასთან ერთად შატალოზე წასვლას!!!!!” 

ეს იცით რას ნიშნავდა? თქვენ ვაბშე არა ხართ აზრზე ეს რას ნიშნავდა!

ეს “სვიდანია” იყო. პაემანი – “პაჩწი” ისეთი რაა… “18+”, რომ აწერია კინოს. ვაუუუუ!!!

სუნთქვა შემეკრა და… ტვინში ნეორონები გამხეცდნენ და საშინელი ვიბრაცია გამოწვიეს, რადგან… “ანანო იყო “ტოტა” ანანო იყო “შხვართი” ანანო იყო “ვოუუუ”!!!

ანანო ყველა მეცხრეკლასელის საოცნებო-სექსუალურ პროგრამაში იყო.

ანანოზე ყველა იბნიდებოდა ”ვაფშე” ყველა ვისაც კი ოდნავი ღინღლი ჰქონდა სახეზე.

ვინც ღამ-ღამობით “ჩოჩარას” ან “დეკამერონის” მხოლოდ იმ გვერდებს კითხულობდა სადაც ქალი არ იყო მხოლოდ ქალი იმ გაგებით როგორც ამას სკოლაში გვასწავლიდნენ.

ანანოს დანახვაზე ქალს იდუმალებით მოცული საფარი ეხსნებოდა და ბელმონდო-დელონი-რედფორდის სატრფიალო სამყარო თვალის პაჭუნით გვიხმობდა და ვნებიანი ღიმილით გვიზიდავდა.”

ის, იყო ძაან მაღალი კლასის გ ო გ ო ნ ა.

ანანო ბოლო ორი წელია, რაც ჩვენთან გადმოვიდა. ადრე სადღაც “დედისმხვნელ” ქვეყანაში, და არანაკლებ “დედსმხვნელ” სკოლაში სწავლობდა. ახლა კი,  ჩემს კლასში “გამორიყა ცხოვრების უსამართლობამ” და ყველა ჭკუიდან გადადგა… ისე იცვამდა, ისე დადიოდა, როგორც ას პროცენტიანი ქ ა ლ ი.

როგორია 100% ქალი? – “ესაა ვნებიანი ლამაზმანი, რომელიც გაჩვენებს იმას, რასაც ვითომდა მალავს და მალავს იმას, რისი ჩვენებაც ვითომდა უნდა და რისი დანახვისკენაც კეკლუცად გითითებს და  გიბიძგებს, მაგრამ “ძაან” რცხვენიან!

მაგრამ მიუხედავად ამისა… ანანოს “ეკიდა” თანატოლები, შესაბამისად კლასელებიც… გარდა ამისა, ანანოს არ აინტერესებდა მოკლე კაბაში გამოუჩნდებოდა თუ არა რაიმე.

ანანო იყო ახალი სტილის დამფუძნებელი, რომელსაც ერქვა მისივე სახელი “AnanO”. ეს ნიშნავდა ქცევის განსაკუთრებულ ნორმას. სხვებთან ურთიერთობის მკაფიოდ განსაზღვრული ფორმას.

Made In AnanO! აააუუუოოო!

მაინტერესებს, ხომ არ იცით ვინმემ ერთი კედელი რას უებნება მეორე კედლს? – ეს იყო პირველი შეკითხვა, რაც ანანომ კლასში პირველად შემოსვლის მერე დასვა.

 ცერცვი შეგაყარე. კედლეს ჩხირი… ორივე ბეტონისა ვართ! – აზუზუნდნენ ბავშვები, მაგრამ სწორი პასუხი მარტო მე ვიცოდი… თუმცა ხმა არ ამომიღია. გაკვეთილების მერე მივედი და ყურში ჩავჩურჩულე:

  კუთხეში შევხვდებით!

  რაა? – მოულოდნელობისგან შეხტა.

  ერთი კედელი უებნება მეორე კედლს, კუთხეში შევხვდებით!

  შენ რა გქვია?

  კოკა!

  ანანო! – გამომიშვირა ხელი და როცა ჩამოვართვი, ღიმილით დაამატა, – სასიამოვნოა!

ამის მერე მეგონა, დავმეგობრდებოდით, მაგრამ ნურას უკაცრავად. ლამის ერთი წელი დასჭირდა იმას, რომ ჩემს ზურგზე დაეკაკუნებინა და რაიმე შემოეთავაზებინა…

ვოუ ანანო!!!

ანანოს გრძელი ფრჩხილები ჰქონდა. ანანოს გრძელი ფეხები ჰქონდა. ანანოს გედივით გრძელი კისერი ჰქონდა. თლილი თითები. თეთრი, გამჭვირვალე და ნაზი კანი. მუდამ მათრობელ სურნელს აფრქვევდა, რომლის მასწავლებლებსაც კი შურდათ… შურდათ, მაგრამ არავინ აძლევდა შენიშვნას და არავინ უკრძალავდა ასეთ “ანანოდ” ყოფნას… დიახ, ყველაფერთან ერთად, ანანო არ იყო უბრალოდ მოზარდი, მზარდი გოგონა. ანანო იყო მითი და ეპოსი. ანანო იყო ზევსებისა და ზეადამიანების ოჯახიდან. ანანო იყო მაგარი ვინმეების შვილი და “მაგარი” მაშინ სულაც არ ნიშნავდა ილიას, ვაჟას, გალაქტიონს, კონსტანტინეს ან შოთა რუსთაველს. “მაგარი” ნიშნავდა დიპ-კორპუსს, კგბ-ს, მვდ-ს და ცეკას. ანუ ლამის მთელი “სესერეკას ვერხუშკას”.

(აი, ეგეთი მისტიფიკაციით, ლეგენდებითა და ზღაპრებით ვიყავით გაჭყეპილი.)

ჰოდა მთელმა ამ იდეოლოგიურმა, პარტიულმა და ძალოვანმა ინდუსტრიამ ზურგზე დამიკაკუნა და ეშმაკური ღიმილით შემომთავაზა:

 ეი, წამო სადმე გავიპაროთ, არ გინდა?

 სად? კი! – მივაყარე ერთდროულად.

 სადმე! – აიჩეჩა მხრები და ეშმაკურად გამიღიმა, – ამომივიდა ყელში სკოლა. აქედან მინდა შენთან ერთად  გავიპარო!

კლასში არაოფიციალური ღონისძიებების, ანუ სკოლიდან ჯგუფური გაპარვების საუკეთესო ოგანიზატორად ვითლებოდი. ეს იმას ნიშნავდა, რომ “შატალო”, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი იყო საინტერესო, მხიარული, ზოგჯერ ინტელექტუალურიც, და რაც მთავარია – სახალისო და უსაფრთხო, ე.ი. ვერავინ დაგვიჭერდა.

ყველაზე ცნობილი “შატალო”-ს შემთხვევა, რომელმაც სახელი გამითქვა, მოხდა მაშინ, როცა მთელ ქალაქში, სკოლიდან გაპარულ მოსწავლეებზე “აბლავები” ინტენსიურად ტარდებოდა. კინოებში, პარკებში, ქუჩებში, სტადიონებზე დაჭერილი “უდისციპლინო” მოსწავლეებით იყო ბავშვთა ოთახები გადატენილი … ჩვენ კი ვერავინ დაგვიჭირა… პირიქით, შოკოლადის ქარხნის დირექციისგან მიღებული სიგელით და მთელი ტომარა შოკოლადებით დასაჩუქრებულები წამოვედით უკან…

შატალო! კინოში გინდა?

ოოო, კინოში არ მინდა! ფანტაზია არ გყოფნის?

 მყოფნის, როგორ არ მყოფნის! – მეწყინა და თავში ერთადერთი რაც მომივიდა ის ვუთხარი, – პარკში წავიდეთ!

 პარკი არა ისა! მოდი შენთან დამპაიჟე!

 ჩემთან?! ჩემთან სახლში?! – გამაჟრჟოლა როცა ჩვენი ოთახნახევრიანი პაწაწკინტელა ბინა გამახსენდა. სადაც ოთხი ადამიანი ძლივს ვეტეოდით, იქ უნდა წამეყვანა ანანო. ყველაზე მაგარი გოგონა მთელს სკოლაში, ქალაქში, ქვეყანაში… “ტოტა”, რომელიც ზაფხულობით მხოლოდ საზღვარგარეთ ისვენებდა და ახალ წელს თბილისში არასოდეს შეხვედრია. გოგონა-ჩოჩარა, გოგონა – დეკამერონი, გოგონა – “შიშველი მახა”, გოგონა – კლოტილდა, რომელიც ფეხით მხოლოდ ლიფტამდე მიდიოდა, დანარჩენი ან ტაქსით, ან მამამისდედამისის სამსახურის მანქანით დააქროლებდნენ.

ჩემთან? – ჩავეკითხე.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14