ის ჯერ უხმოდ დადიოდა ოთახში. ყველაფერს დიდხანს და დეტალურად ათვალიერებდა. ზოგჯერ გაჩერდებოდა და თვალებში მომაშტერდებოდა… ამ დროს სარგადაყლაპულივით ვიდექი, ან ვიჯექი, ან ვიწექი და ვიღიმებოდი… ამოიხვნეშებდა, გაიცინებდა და ასე უხმოდ – უსიტყვოდ მიყვებოდა რაღაცას, რაზეც ძალიან ტკიოდა გული, რაზეც ხმამაღლა ვერ ლაპარაკობდა… ალბათ რცხვენოდა, ან სიტყვები არ ყოფნიდა და იმიტომ.
ერთი-ორჯერ მის გამოხედვაში იმდენ ზიზღი და ბოღმა გამოსჭვიოდა, რომ ვერ გავუძელი და თვალი ავარიდე.
ზოგჯერ კი ისე მიყურებდა, როგორც ფიროსმანის დახატულ შველი. ის დადიოდა და დადიოდა. ეს გრიგის მუსიკაც აღარ თავდებოდა…
– მგონი გაშრა და ჩემი წასვლის დროც მოვიდა! – უცებ თქვა.
– რა გაშრა?
– პერანგი გაშრა და შენი კინოსეანსიც მორჩა! – ჩამიკრა თვალი.
– რა კინოსეანსი?
უკვე პერანგს იკრავდა.
არ ვიცი, როგორ გადავადგილდით სივრცეში. ის უკვე ჩემს წინ იდგა. ჩვენს შორის კი თითქოს მანძილი აღარ არსებობდა.
– მაპატიე! – ისევ იგივე სიტყვები ვუთხარი, მაგრამ ისინი უკვე სხვანაირად ჟღერდნენ. ყოველი ბგერა განსხვავებულად გაისმა. მთლიანი სიტყვის არსი და მნიშვნელობაც ბევრად უფრო მეტს იტევდა, ვიდრე მხოლოდ ბანალურ პატიების თხოვნას.
– შენ მაპატიე! – მითხრა და ჩამეხუტა.
მეც ჩავეხუტე. და… ჩვენს შორის საზღვრები წაიშალა. ეს მოძრაობა, მოქმედება ნამდვილად ის იყო, რაც მხოლოდ ერთადერთხელ ხდება და აღარ განმეორდება. ის, რაზეც წიგნებში სწერენ და რაც ალბათ ცხოვრების არსის, ურთიერთობების სიღრმის ახალ ჰორიზონტებს ხსნის.
– მერე? – იკითხა ათრთოლებული ხმით.
– რა მერე?
– მერე! მერე!
საჭირო სიტყვები ვერ მოვძებნე და ვაკოცე. მთელი ვნებით, მთელი ძალითა და წყურვილით. ეს აღარ იყო მიამიტი – ბავშვური. ეს აღარ იყო ვნება ახუნტრუცებული – ბიჭური… ეს სხვა რამ იყო. ძალა, გამბედაობა, გალაქტიონის “ირმების ჯოგის” წყურვილი და სურვილი… სადღაც გადავიკარგეთ, თუ ავფრინდით, თუ დავტრიალდით… არ ვიცი, მაგრამ… ინსტიქტურად და უაზროდ წამოვიძახე:
– კიდე, მაპატიე!
– რაა?
– მაპატიე!
– დეგენერატო!
სილა გამაწნა. გოგოს ამდენი ძალა თუ ჰქონდა ვერასოდეს წარმოვიდგენდი.
– მეზიზღები! მეზიზღები!
სანამ აზრზე მოვიდოდი და მივხვდებოდი რა მოხდა, ჩემი სახლის შემოსასვლელში მარტო ვიდექი და ირგვლივ ჩამიჩუმიც კი არ ისმოდა.
ფანჯარას ვეცი, დავინახე ანანო ტაქსში როგორ ჯდებოდა.
– მომიცადე! მოიცადე!
მან კი სამი თითის კომბინაცია მიჩვენა და ძალიან ხმამაღლა და ძალიან თეატრალურად, ძალიან “ანჟელიკასავით” იყვირა:
– დეგენერატო! იცოდე, ამას არ გაპატიებ!
მანქანაში ჩაჯდა და…
ეს იყო პარასკევს.
ორშაბათს კი…
ჩხუბი დიდ შესვენებაზე დაიწყო.
უფრო სწორად ორი სიტყვის წამოძახების შედეგად მოხდა. ერთი იმან მითხრა, ანანოს “ჟენიხმა”, ერთი მე ვუთხარი და ეგრევე ვაწეპე.
შევცდი. მუშტი ცხვირში უნდა მეხია, გავუტეხავდი გრძელ “შნობელს”, ბევრ სისხლსაც დაღვრიდა, და რაღაც დრო ხელის განძრევის საშუალება არ ექნებოდა, მაგრამ ანანო მართალი გამოდგა, მიამიტი დეგენერატი ვიყავი.
ვიფიქრე ამ ოცი, თუ ოცდახუთი წლის ბებერ ჩოყლაყს უფრო მეტად დავაჩმორებ, ანუ უფრო მეტ შეურაცხყოფას მივაყენებ თუ სილას გავაწნი მეთქი. თან იცით რა მაგარი სილაქანი ვიცი?!
“მტყლააშ!”.
ფართე ხელის მტევნები მაქვს და მოწინააღმდეგეს ლოყაზე თუ მოხვდა, ექო ისეთი იქნება, კედლებს ზანზარს დააწყებინებს.
ჰოდა, როგორც კი მომახალა:
– შენ, ბიჭო! ანანოზე, როგორ გაიწიეო!
შ ე ც დ ა.
მართალი იყო თუ მტყუანი, “ბიჭო”-ს დაძახება მაგრა “ტეხავდა” და თავმოყვარე კაცი არავის შეარჩენდა ასეთ შეურაცხყოფას.
მერე, რას ნიშნავს”გაიწიეო”? რა გავიწიე და რა გამოვიწიე?! გავიწიე, არა ჩავიჩოჩე! ამას თავში ფეხი ხომ არააქვს მეთქი?!
ჰოდა, მაგრა გავიგიჟე თავი.
– ე, “კლეოპატრა”, ვინაა შენი “ბიჭი”! ბიჭმა გირჭო მეთქი! ჩემსა და შენს შორის ანანოზე გაწეულის და გამოწეულის დედაც მეთქი და…
“მტყლაშშშ!”.
“როჟა” მოულოდნელობისაგან გადაქანდა, ლამის წონასწორობა დაკარგა და პომიდორივით გაწითლდა. ლოყაზე ხელი იტაცა, მაგრამ აზრზე მოსვლა არ დავაცალე და მეორეც მივაყოლე.
ის, ისეთი მაგარი არ გამომივიდა, მხოლოდ “ტლაშანის” ხმა ჰქონდა და არა “მტყლაშშშანის”…