გეგონოს!

უცებ  ანანოს ხმა ჩამესმა და მეგონა მომეჩვენა მეთქი, მაგრამ “ჩაინიკამ” მხარი გამკრა:

  “ეე, შეხედე შეჩემა!”

… და მეც ზევით ავიხედე. დავინახე მისი ცრემლიანი თვალები, აწითლებული სახე.  ანანომ ღრმად ჩაისუნთქა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა დაიყვირა:

  დეგენერატო, არაფერს შეგარჩენ!

 შენ, ხომ არ გააფრინე, გოგო?! – გაოგნებულმა შევძახე და სკოლის კარისკენ გავიქეცი… პირველი სამი გაკვეთილი გამალებით ვეძებდი ანანოს, მაგრამ ვერ ვიპოვე. გოგონები ალმაცერად მიყურებდნენ.  ბიჭები კი პერიოდულად გამოაპარებდნენ ჩემსკენ დამცინავ მზერას. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ერთს მთელი ძალით ვხიე ზურგში და თვალები ეგრევე ყველას დ ა ე წ მ ი ნ დ ა. მოკლედ, “ძალა აღმართის დედას ხნავს”.

“ჩაინიკა”, კი მაინც დაძაბული მიყურებდა… დაძაბული, მაგრამ თანამგრძნობის სახით… მეორე გაკვეთილის მერე, “მასწი” როგორც კი გავიდა კლასიდან, გარეთ არავინ გავუშვი, კარებში ჩავდექი და მთელ კლასს მივაძახე:

  შიგ ხომ არა გაქვთ თქვეჩემა! იმ სისულელის მართლა გჯერათ!

  რა სისულელის? – იკითხეს გოგონებმა.

  ანანოს მონაჩმახი სისულელის!

  რაში დაჭირდა ვინმეს რაიმის მოჩმახვა, თუკი ეს სიმართლე არ არის?

  რა არის სიმართლე? – ვიკითხე, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე, – დედას გეფიცებით ვერაფერს ვხვდები… თუ ვინმეს რამეს გაგება გინდათ ან რამე იცით, მკითხეთ, ან მითხარით!

არავის არაფერი უკითხია და არც არაფერი მოუყოლია.

არავის. “ჩაინიკაც” კი დუმდა. თუმცა დარწმუნებული ვარ, მას იმ მონაჩმახიდან, რომ რაიმე დაეჯერებინა აუცილებლად მეტყოდა, ისე კი არ უყვარდა სხვისი სისულელეების ფოსტალიონი ყოფილიყო. და ალბათ ამიტომაც დუმდა…

 რა ვიცოდი მე?

– ვიცოდი მხოლოდ ის, რომ ანანო რატომღაც დამცირებულია, შეურაცხყოფილია, განადგურებულია, გადარეულია, და ამაში მე ვარ დ ა ნ ა შ ა ვ ე.

– რა იყო სიმართლე?

– თუ დამნაშავე ვინმე იყო, მაშინ ო რ ი ვ ე ვიყავით… მაგრამ მარტო მე არ ვიყავი დამნაშავე. მ ა რ ტ ო ს, არაფერი დამიშავებია.

–  მაგრამ ეს ვის ესმოდა?

– მათ განაჩენი ჰქონდათ უკვე გამოტანილი…

– რატომაა გადარეული? რატომაა დამცირებული? რატომაა  შეურაცხყოფილი? რატომაა განადგურებული? რაში ვარ დამნაშავე?..

…მეჩვენებოდა, თითქოს  შეკითხვები გასროლილი ტყვიებივით გარს მერტყა და საკმარისი იყო მოვდუნებულიყავი, ყველა მომხვდებოდა და დამბრიდავდა… თან ის მაგიჟებდა, რომ პირდაპირ არავინ არაფერს ამბობდა. ეს “ა რ ა ფ რ ი ს ო ბ ა   თ უ ა რ ა ფ ე რ ო ბ ა” აკვარიუმში მათავსებდა. გარედან კი ათასი თვალი მითვალთვალებდა, აკვირდებოდა ჩემს ყოველ მოძრაობას, გამოხედვას, ჟეტს, ისმენდა ჩემს ლაპარაკს, აანალიზებდა სიტყვებს, ინტონაციებს, ემოციებს და მაინც მე მადანაშაულებდა.

 რაში? რაში? რატომ? რატომ?

გამოვიდა მესამე გაკვეთილი, მერე მეოთხე… დრო გადიოდა. დაძაბულობა ჩემს ირგვლივ და პროტესტი ჩემს შიგნით სულ უფრო მწვავდებოდა და ხურდებოდა. მთელი მეოთხე გაკვეთილი გულში ვიგინებოდი. ვიგინებოდი ძალიან ბევრს. ენერგია, მხოლოდ ამისთვის მყოფნიდა. არც კი მიცდია სერიოზულად მომეტვინა მთელი სიტუაცია და თავი არ გამეპამპულებინა, არ მიმეცა ვინმესთვის, ჩემი უსაფუძვლოს დადანაშაულების, უსინდისოდ აგდების, გაუგებარ და ბინძურ ინტრიგაში ჩათრევის საშუალება…

სამწუხაროდ ამის არც ჟილკა, არც გამოცდილება და არც ეშმაკობა არ მყოფნიდა… მხოლოდ თხუთმეტი წლის ვიყავი… მხოლოდ თხუთმეტი წლის მიამიტი  ჩ ო ყ ლ ა ყ ი. რომელსაც ყველა დაუპირისპირდა, ისე რომ არაფერი ჰკითხეს და მხოლოდ ერთ მხარეს მოუსმინეს, დაუჯერეს, რადგან ის გოგონა იყო, რადგან მან მოყვა, მან დამასწრო და მან ყველაფერი სიყალბის ცრემლით “გააპრავა”…

არადა იმ დღეს, ყველაფერი ზღაპარივით დაიწყო და დასრულდა.

პარასკევს, ასე დილის თერთმეტ საათზე, უკვე მეორე გაკვეთილის დაწყების წინ, ანანომ შემომხედა და გამიცინა. მესიამოვნა, წამოვწითლდი და ფანჯრისკენ გავიხედე, საიდანაც მოჩანდა კორპუსის ნაწილი, სკოლის ღობე, თეთრი “ზაბორის” და ბალახ-ბულახით დაფარული მინდორი, რომელსაც როგორც ადრე ვთქვი სკოლაში “ჭვავის ეზოს” ვეძახოდით.

ამ პარასკევამდე, ანანო ზედაც არ მიყურებდა. ეს მარტო მე არ მეხებოდა, ეს ეხებოდა მთელი კლასის ბიჭებს და გოგონების დიდ ნაწილსაც. “ქედმაღალი” ბრძანდებოდა. ჩვენნაირი “პუჭურები” მისთვის არ იყვნენ საინტერესო.

 დაქალდა, ტო და იმიტომ!,  ამიხსნა ჩაინიკამ.

ჩვენ რა არ დავკაცდით!

მამაჩემმა ასე მითხრა, რომ გოგონები ეგრევე ქალდებიან… ბიჭები კი სანამ ქალებს არ უნდათ ვერ კაცდებიანო, ტო! ამიტომ ჩვენ ჯერ კიდევ ბავშვები ვართ, ტო!

  ბავშვი? ტეხავს!

  კი ტეხავს, მაგრამ თავისი პლუსებიც აქვს!

  მაინც? – ვკითხე და თავში წამოვარტყი.

  აქვს, ტო! პლუსი ყველაფერს აქვს დაჟე მინუსსაც!

  ეგ, მამაშენმა გითხრა?

  არა, დედაჩემმა.

მე და “ჩაინიკას” კიდევ ერთი საყვარელი ადგილი გვქონდა, სადაც მარტონი ვაბირჟავებდით, ეს იყო სკოლის სახურავი. წამოწვებოდი იქ და ვუყურებდი ცას, ღრუბლებს, თვითმფრინავებს, ერთხელ საჰაერო ბუშტიც კი დავინახეთ. ქვემოთ კი სკოლელები ფუსფუსებდნენ და განათლების ახალ სიღრმეებში იძირებოდნენ. მზის სხივებზე მიფიცხებულებს, ზოგჯერ ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს ფუტკრების სკაზე ვიწექით, რადგან  სახურავი რეალურად ზუზუნებდა.

 ეს ტვინის ნეირონების რხევებია! ვიბრაციას კი ჩვენ აქ ვგრძნობთ! – მიხსნიდა “ჩაინიკა”, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის არაფერს გრძნობდა. უბრალოდ არ მიტეხავდა. ჩვენ ხომ ძმები ვიყავით.

“ზზზზზ ზუზუნებდა სკოლის სახურავი! ცაში კი ღრუბლები დაქროდნენ და ეძებდნენ მიწაზე დასაბრუნებელ ბილიკებს!” – “ჩაინიკამ” შეთხზა. “პახოდუ, მეჟდუ ნამი გავარია” პოეტობდა…

ეი! – დამიკაკუნა ზურგზე ანანომ, – წამო სადმე გავიპაროთ, არ გინდა?

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14