უაზროდ ბევრი ვიცინეთ. მერე, ცოტა ხანს ჩუმად ვიჯექით და ქარისგან მოფრიალე ფარდას ვუყურებდით. თეთრი და ოქროსფერი ძაფებით ნაქარგი სიფრიფანა ნაჭერი, ხან ერთ ტოტს აიქნევდა და ზევით ჭერისკენ აფრიალდებოდა, ხან მეორეს, მერე კი ნარნარით დაეშვებოდა ქვევით, გზად კი მაგიდის კუთხეს გადაევლებოდა.

  ხომ დაგაჯერე?

  ძაან დამაჯერე! – “არ გამიტეხა”, – ზედმეტიც კი მოგივიდა!

  ხო მაგარი ვარ?

 კი – კი!  – თავი მხარზე ჩამომადი და ამოიხვნეშა, – ადამიანებს რაც უფრო დიდ ტყუილს და სისულელეს ეტყვი მით უფრო დაიჯერებენ! განსაკუთრებით გოგონები!

ამომხედა. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, უსუსურ ბავშვს რომ აქვს ხოლმე. მომეჩვენა, თითქოს ტირილს აპირებდა. არ მიყვარს, ცრემლები. ვერ ვიტან. და მით უმეტეს არ მინდოდა ანანოს ჩემთან, ჩემს მხარზე ეტირა. ამიტომ ახალი თემა შემოვაგდე…

  სამსახიობოზე მინდა ჩავაბარო! შენ ვინ გინდა გამოხვიდე?

  ს წ ე რ ვ ა!

  ს წ ე რ ვ ა? მიმართულება რა გექნება?

კანიბალიზმი – კაციჭამიზმი! შენნაირები უნდა შევჭამო! მიამიტებს, ყველაზე გემრიელი ხორცი გაქვთ! – კბილები დაკრიჭა, მერე ააკაწკაწა.

  მე არა ვარ მიამიტი! ალალი ვარ!

  ალალი, ჰარი ჰარალი! – და  უცნაურად გ ა ი ც ი ნ ა.

მეც გავიცინე.

 – აუ, რა სასაცილო იყო, როცა… ლიკვიდირება “ისა” გეგონა?

– არაფერიც არ მეგონა!

  გეგენა! გეგონა! კაჟდი პანიმაეტ ვ მერუ სვოეი ისპორჩენოსტი!

  კაჟდი პანინიმაეტ  ვ მერუ სვოეი ისპორჩენოსტი! – ამოიხვნეშა მან, და თმები მომწიწკნა, – იცოდე, სამაგიეროს გადაგიხდი! პირველი შენ იქნები ვისაც შევჭამ!

  სცადე და ვნახოთ რა გამოგივა!

  გამოწვევა მიღებულია! კარგი ვცდი… მაგრამ მანამდე ერთ რომანტიულ ზღაპარს მეც მოგიყვები!

ორივემ ერთმანეთს შევხედეთ. გულში უსიამოვნოდ მომხვდა ანანოს თვალებში გამომკრთალი ნაპერწკალი. თაფლისფერ თვალებში შავმა ნაპერწკალმა გაიელვა…

“მაგრამ რაა მერე… ვის არ უკრთის თვალებში და ტვინში… რა მერე?!”

მერე ისევ გავიცინეთ.

 სადმე, ხომ არ წავიდეთ, თუნდაც კინოში?

  არ მინდა, აქ მომწონს! – თქვა მან და იატაკზე ჩასრიალდა, – ტელევიზორი ჩართე და იქ ვუყუროთ რაიმეს!

  კარგი! – მხრები ავიჩეჩე და ჩავრთე. გრიგის მუსიკას უკრავდნენ.

იკითხავთ – “საიდან იცის ამდენიო?”.  ყველაფერი მარტივადაა. უნდა წაიკითხო ეკრანის მარჯვენა ქვედა კუთხეში რაც წერია, ესაა და ეს.

გვერდით მივუწექი. ასე იდაყვდაყრდნობილები ვუყურებდით. ფრაკებსა და შავ კაბებში გამოწყობილი მუსიკოსები, წვალობდნენ ჩვენთვის და ალბათ გრიგისთვისაც.

გიყვარს მუსიკა?

 ზოგადად კი!

ორივე ლამის ერთდროულად გადავბრუნდით. ჭერს მივაცქერდით და რაც უფრო დიდხანს ვუყურებდით, მით უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა მისი თეთრი, ქათქათა ზედაპირი.

 რა კარგი იქნებოდა, რომ მართლა მაროკოდან ყოფილიყავი!

 რატომ?

 იმიტომ, რომ საინტერესოა, როგორ გამიკეთებდი ლიკვიდაციას!

  ჰო-ო! მართლა! – მივხვდი სინამდვილეში რას გულისხმობდა, პირი გამიშრა, მისი ჭიქიდან მოვსვი წყალი. ანანო თვალდახუჭული იწვა, სახეზე ეშმაკური ღიმილით, მისი გრძელი თითები მუსიკის ტაქტში აკაკუნებდნენ აიატაკზე… ღრმად სუნთქავდა და… წარმოვიდგინე, არა ანანოსეული მრავალმნიშვნელოვანი“ლიკვიდაცია”, არამედ გვამის დანაწევრების სცენა და ლამის გული ამერია. თავი ძლივს შევიკავე.

“თუ რამე უნდა თვითონ გადადგას პირველი ნაბიჯი!” – გავიფიქრე და მეც თვალები დავხუჭე. ჩვენი თავები ერთმანეთს ეხებოდა.

ორივე ღრმად ვსუნთქავდით. მუსიკა არ წყდებოდა. გარედან მანქანების და ხალხის ხმა ისმოდა. წარმოვიდგინე, თითქოს სადღაც კუნძულზე ვიყავით. აი, ისე “ცისფერ ლაგუნაში” რომ არის. დელფინები, კუები, მაიმუნები, ქოქოსი, ანანასი, ალბათ ფინიკიც და… რაღაც დამეწვეთა. მეგონა მომეჩვენა, მაგრამ მერე მეორე წვეთი დამეცა. თვალები გავახილე. ანანო ზემოდან დამყურებდა. ის ძალიან ახლოს იყო. ძალიან ახლოს. და ტიროდა. იღიმებოდა და ისე ტიროდა. ჩვენი ბაგეები ლამის ერთმანეთს ეხებოდნენ. არ მიყვარს ცრემლები, არ მიყვარს. სუნთქვა შემეკრა. მოულოდნელობისგან მკვეთრად წამოვიწიე და “ბა-ბახ” შუბლით მის ცხვირს “ვხიე”. და თან ძაან მაგრედ “ვხიე”.

სისხლი და სიცილი ერთდროულად წასკდა. შეშინებული მაცივარს ვეცი, ყინული არ იყო და გაყინული ქათამი გამოვიტანე. ცხვირზე მივადე. სისხლი მაინც მოსდიოდა, იატაკზე ეწვეთებოდა. არ უნდოდა ადგომა, მაგრამ მაინც ვაიძულე ტახტზე წამომჯდარიყო და თავი უკან გადაეწია. ამ გაწამაწიაში პერანგზე ღილები ასწყდა და სისხლის რამოდენიმე წვეთი მკერდზე დაეცა. მიუხედავად ამისა ანანო იცინოდა, ტიროდა, იცინოდა, ტიროდა და აქეთ მამშვიდებდა და დამცინოდა კიდეც.

არაფერია! არაფერი! რომ იცოდე როგორი სახე გაქვს?!

როგორც იქნა სისხლი შეუწყდა. ეს ყველაფერი რაღაც სამი წუთი გრძელდებოდა, მაგრამ ჩემთვის თითქოს დრო საათზე მეტ ხანს გაიწელა.

მაპატიე, მაპატიე, მაპატიე! – ამ ას ოთხმოცი წამის მანძილზე ალბათ ათასჯერ მაინც ვთქვი ეს ფრაზა.

 დამშვიდდი!

 მაპატიე, მაპატიე, მაპატიე!

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14