“რას ეუბნება ერთი კედელი მეორე კედელს?” – მაგრამ ამ შეკითხვის გაფიქრებისთვის, დროც კი არ მეყო.

“უოო” – თითქოს დაიძახა ვიღაცამ და ატყდა, მაგრამ რა ატყდა. მიმიქარავს “ლუბოი” ვესტერნი: – “მუშტების და ტლინკების ქნევით. მოკლე, ყრუ შეძახილებითა და ისტერიკაში ჩავარდნილი ტიპების აქეთ-იქით სირბილით…”

… ამ დროს, როცა ვიღაცის ხელი გხვდება – არ გტკივა. როცა შენ ურტყამ, რა ძალითაც არ უნდა იყოს მოქნეული, შედეგი მინიმალურია…  იმედგაცრუელბული ხვდები, რომ ძალისხმევა მსუბუქი ან ნახევრადმსუბუქი ხელისკვრის ტოლფასია და მეტი არაფრის.

ასეთ ჩხუბში, მთავარია არ დაეცე. თუ წონასწორობა დაკარგე და გაიშხლართე, სერიოზულად გაქვს დარხეული. “შენიჩემისებიც” და “არაშენიჩემისებიც” აუცილებლად გადაგივლიან. ამიტომ ჯგუფურ”თრახში”, ხელები “ვენტილიატორივით” უნდა იქნიო, ყურადღებით იყო, შემთხვევით ვინმეს “დრინი” არ მოგხვდეს  და ფეხზეც მყარად უნდა იდგე.

ჰოდა მეც ვიდექი.

მოვუქნიე “ჟენიხას”. მოხვდა. ჩემთვის ზურგში უნდოდა ვიღაცას წიხლის ჩარტყმა, მაგრამ მობრუნება მოვასწარი, მოქნეულ ფეხს ქვემოდან ავკარი ხელი და ნაძვს მივაჯახე. მერე კვანტის ერთი გამოსმით წონასწორობა დავაკარგინე და მიწაზე გავშხლართე.

ვახ ჩემი!- წამოიკნავლა “იმჩემისამ” გადმობრუნებული ტარაკანასავით აახვანცალა საცეცები.

უცებ უკან ვიღაცამ ქალივით დაიკივლა. მოვბრუნდი. მკაფიოდ დავინახე, გაცვეთილი კეტები, სპორტული შარვალი და ლაქებიანი პულოვერი, იდაყვებამდე აკაპიწებული სახელოები. ტიპს თეთრი ქათქათა კანი და თხელი თითები ჰქონდა.

გავიფიქრე, – “ეს ქალოია აქ საიდან გაიჩითა მეთქი?”

ხელში გრძელი, წვრილი და ამავე დროს ბრტყელი დანა ეჭირა. ზედაპირი სარკესავით უბზინავდა. თითქოს მოცისფერო – მოვერცხლო პერლამუტრით ანათებდა, ცივად ელვარებდა. დანა ძალიან მომეწონა. დაჰიპნოზებულივით მივაჩერდი მის ბასრ ზედაპირს. მინდოდა მეკითხა:

შეჩემა, ეგ დანა საიდან დაითრიე?

მაგრამ, კითხვის დასმა ვერ მოვასწარი… არ დამაცალა…

  აი! – დაიწიკვინა დანის პატრონმა და მოკლე, სწრაფი მოძრაობით გულში დამკრა. დარტყმის და შერჭობის ძალა კი ეყო ამ ჩემისას, მაგრამ უკან ვეღარ გამოიღო.

 ვაიმე, შეჩემა! – ისევ დაიკივლა იმ სირმა.

ამ ჩემისას მართლაც გოგოსავით ხმა ჰქონდა. უფრო სწორად “წაიმამლაყინწა”. უკან დაიხია, ხელები გაასავსავა და გაიქცა. სახის დამახსოვრება ვერ მოვასწარი. წაშლილი ჰქონდა ნაკვთები. ალბათ შიშისგან… მხოლოდ ხელებს ვუყურებდი. გრძელ და თხელ თითებს.

არ მტკენია. გარჭობილ დანას კიდევ ერთხელ  დავხედე და გ ა მ ი კ ვ ი რ დ ა:

“ამას აქ რა უნდა?” თუ “რატომ არ ვარდება ესა? ნეტა რაზეა მიმაგრებული?”, თუ “დანა, რატომ დამიტოვა? მაჩუქა?”- მეთქი… რომელიღაც ამ შეკითხვათაგანი ნამდვილად გავიფიქრე…

მერე დანის ტარს  წავეპოტინე და უცებ გამოვიღე. ერთი ციცქნა და საკმაოდ მსუბუქი იყო… ჩემი დაიკოს ფრჩხილების ქლიბს ჰგავდა… ღია ცისფერი ტარი ჰქონდა. ალბათ ძვლის.

აუ ჩემი, დაბრიდეს! – იღრიალა ვიღაცამ და ამ სიტყვამ ექოსავით გადაუარა ჩვენი სკოლოს “ჭვავის ეზოს” და ჩხუბის ყოველ მონაწილემდე მიაღწია.

ვინ დაბრიდეს? დაბრიდეს არა ისა! ეს!… ეს! – ამოვილუღლუღე და რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი. ჩხუბის, ქალაქის, ნაბიჯების, სამყაროს ხმები სადღაც ჩაიკარგა. აღარაფერი მესმოდა,  სიჩუმემ ყველაფერი დააყრუა და გააშეშა. 

ეს, სირი! ეს, სირი! ქალაჩუნა და ჩმორი ესა! – მგონი ვთქვი, დანა მოვისროლე, რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ცა თავზე ჩამომემხო.

დანარჩენი მოვლენები ნაგლეჯებად ჩამრჩა მეხსიერებაში.

ცარიელი ტაქსი, რომელიც თითქოს ჩვენ გველოდა….

ჩაჯდომამდე, გავიხედე და მომეჩვენა, თითქოს ქუჩის მოპირდაპირე მხარეს… ანანოს გაფითრებული სახე მითვალთვალებდა. ის, სადარბაზოს სიბნელიდან იხედებოდა და ტიროდა….

 ამის დედა ვატირე! – ყვიროდა ტაქსისტი, – არ მოკვდეს, თორემ ძაღლობა მე მიტირებს ყოფას!

 გეყო! ბიძაჯან, იცოდე ამ საქციელისთვის სამოთხეში მოხვდები! – ვუთხარი და აი, სწორედ მაშინ ამტკივდა. “ჩაინიკას” სიმწრისაგან, ხელი მოვუჭირე.

  არ წახვიდე შეჩემა! – მეხვეწებოდა ის. სახე, ჭუჭყიან და დაკუჭულ ცხვირსახოცს მიუგავდა.

 ჩაინიკ, ანანო დაინახე, იქ დგას?

  ვიინ? აბა, საადა ეგ დედარღნიანი? – ჯერ დაიბნა, მერე სახე შეეცვალა, მოეღრიცა და აბღავლდა, – იბრიდება ტო! ბოდავს! ტოო, ბოდავს და იბრიდებააა!

– ნუ ჩმორდები! – ამის თქმა მინდოდა, მაგრამ მგონი ძალა არ მეყო. გავიღიმე და ეგრევე გავითიშე…

მანქანის ძრავის ღმუილი, ქარისამ შეცვალა.

ქარი უზარმაზარ შენობაში ქროდა. აქ თეთრად შეღებილ კედლებში უამრავი ხალხი ფუსფუსებდა. არც ფანჯრები ჩანდა სადმე და არც ნათურები ენთო, მაგრამ ირგვლივ თვალისმომჭრელი სინათლე იდგა.

 რა მოხდა და რატომ მოხდა?  – ვმღეროდი ამ სიმღერას. ძაან მარგად ვმღეროდი. ჩემი დაიკოს საყვარელი სიმღერაა. როცა სახლში მარტო თამაშობს და კარგ ხასიათზეა, სულ ამას მღერის. –  რა მოხდა და რატომ მოხდა?

თუმცა მგონი იქ ტექსტი ცოტა სხვანაირად ჟღერს და ჩემი დაიკოც სხვანაირად მღერის:

 “რა ხდება და რატომ ხდება? ჩემს სიზმრებში ვიღაც ჩნდება…”

მე კი  ასე მევასებოდა და ასე ვმღეროდი…

  რა მოხდა და რატომ მოხდა?  ცხოვრებაში ასე ხდება, რომ არავინ არაფერი არ იცის…

ზოგი ოხრავდა, ზოგი ხვნეშოდა, მაგრამ უმეტესობა ტიროდა… ანუ მაგარ “იზმენებში” იყვნენ  და მე კი ვიცინოდი. ათასი ადამიანი დამტრიალებდა თავს და რაღაც სისულელეებს ჩალიჩობდნენ. მე კი ვიწექი და ვმღეროდიიი…

  რა მოხდა და რატომ მოხდა?  ჩათლახობა მუდამ ხდება, და არავინ არაფერი იცის…

“პროსტო” ერთი რამე მაგრა ტეხავდა… მშობლები არ უნდა ყოფილიყვნენ ისე, როგორც ამ დროს იყვნენ… რაღაცნაირად დაჩმორებულებივით ისხდნენ და… მიუხედავად იმისა, რომ “სტოპრო” ადეკვატურად იქცეოდნენ, მაინც ძალიან მრცხვენოდა მათი საქციელის. ძალიან გატეხილში ვიყავი. რაც უფრო დიდხანს ვიწექი და ვმღეროდი, და რაც უფრო გადიოდა დრო, დედაჩემ-მამაჩემი მით უფრო  პატარავდებოდნენ. და ბოლოს პუჭურებად იქცნენ!.. არა ასაკით, არამედ ზომით და ლამის ერთი ციცქნები გახდნენ.

ხო ნაღდად მურდალი რამეა, როცა იბრიდები და შენი მშობელები კი დაპუჭურებულები არიან?

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14