სტალინი:

ვასომ ყველაზე უფრო მიერთგულა თუ საერთოდ შეიძლება  ბელადს  ერთგული  თანაშემწე ყავდეს.  ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად ჩაივლის.

 

მოშკოვი:

კი ბატონო.

 

სტალინი

( ჩაის მოსვამს)

წადი.  ვიძინებ.

 

მოშკოვი:

კი ბატონო. შუქები ჩავაქრო?

 

სტალინი:

არა ჯერ. წავიკითხავ.  წადი.

 

მოშკოვი:

ღამე მშვიდობისა!

გასვლისას ლენინის კუბოს გახედავს. დგას.

 

მოშკოვი:

ლენინი არ არის.

 

სტალინი:

ვიცი.   ძილში მოვგუდე და გვამი გადავმალე.

მოშკოვს ფეხები აუცახცახდება.

 

მოშკოვი:

დამინდეთ, ამხანაგო სტალინ!  სახლში ცოლი მელოდება, ორი შვილი,   ყრუ-მუნჯი დედაც მყავს. უჩემოდ დაიხოცებიან.

 მოშკოვი  უკან-უკან, გასასვლელისკენ იხევს.

უეცრად  ლენინი გამოხტება.

 

ლენინი:

ბუუუუუ!

მოშკოვი შეხტება და  გული მისდის.

 

ლენინი ისტერიულად იცინის. შუა სიცილი ხველებაში გადაეზრდება.

 

 

სტალინი:

დეგენერატი!

ჩაის მოსვამს

( იჭყანება)

ყინულია.

კუბოდან გადმოიხრება და  ფინჯანს ბუკეტებთან დებს.

ლენინი  მოშკოვთან მიდის, ეჭყანება.

 

სტალინი:

( თავისთვის)

 მეცოდები: მე   უნდა მიმადლოდე, შენი ჩანასახოვანი იმპერია სისტემად ვაქციე. ბუნებრივია არც მართვის დროს და არც ახლა გამოვრიცხავ იმ ფაქტს,რომ  ძალაუფლება  შიშის გარეშე  რთულად მოსახელთებელია.  თან ამხელა მასის მართვა ამათ მარტივი ჰგონიათ?  არაკაცები.  თავისი ჭკუით,  ,,ბორჯომში’’ ვირთხის წამალი ჩამიყარეს, ბიოლოგიურად დამაუძლურეს, საკუთარ შარდში  ვბანაობდი, თურმე. მე არ მახსოვს,  სხვებმა მითხრეს. ჰაჰაჰაჰ.  ნაბიჭვრები! ყველანი ნაბიჭვრები არიან!  იდეალური  სახელმწიფო დავუტოვე.  კი ბატონო, ვაღიარებ, სისტემა გვამებზე დგას, სხვანაირად არ შეიძლება. მეც ამ სისტემის ნაწილი ვარ. არა, იმის თქმა კი არ მინდა, რომ ჩემ გამო  დაიხვრიტა და გაუბედურდა ამდენი ადამიანი… არა, მე მონსტრი არ ვარ. მონსტრები ეგენი არიან.   ეგ ნეხვით გატენილი კასრი, ეგ  ანატომიური აბსურდი.

ყველაფერი ჩემთვის  ისედაც ნათელია. მე ხომ სულელი არ ვარ.  2 წელიწადში ეტირა დედა შიშის და პროპაგანდის მეშვეობით შექმნილ სისტემას, მაგრამ ახლა სხვა რამ უფრო მაღელვებს:  ამ ბოლო დროს  რაღაც ვერ ვისვენებ.  თავიდან   კუბოს ბრალი იყო, მერე გავადიდებინე, ჩავწექი და  მთელი ღამე ვიწრიალე. არადა, არ არის ეს  ერთი ან ორი კვირის ამბავი. 3 წელია ეგრე ვარ.  ხანდახან კი ვფიქრობ,  უარს ვიტყვი  ამ იდიოტურ თამაშზე, ავდგები და  დედას ვუტირებ   ამათ მეთქი, მაგრამ  ღიირს?  მიღირს საერთოდ  ახალ რეალობაში ჩართვა?   მე მგონი, ამათი  მუდმივი პრობლემა ისაა,რომ  დროის კონტექსტს აცდენილები არიან.  მე  მექანიზმივით აწყობილი, მათემატიკური სიზუსტით გაანგარიშებული იმპერია მქონდა, ახლა  ესენი აღარ მართავენ- სიმულირებენ.  ასე იქნება ხვალაც, ზეგაც, მუდმივად. (პაუზა)  რაღაცნაირ უწონადობაში ვარ.  დავმძიმდი.  მგონი, არსებული რეალობის მიუღებლობის პრობლემა მაქვს, მაგრამ  არამგონია საქმე ასე მარტივად იყოს.

 

ლენინი:

პარანოია გაქვს?

 

სტალინი:

შენგან განსხვავებით, არა.  როცა გძინავს, სხვა გზა არ მაქვს.

 

ლენინი:

მე რა ვაკეთო.

 

სტალინი:

წიგნი წაიკითხე.

 

ლენინი:

უარესად მეძინება.

 

სტალინი

( დაამთქანრებს)

 თვის ბოლოს  გავყავარ.

ლენინი კუბოში წვება.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16