დორა ლაზურკინა

ისე, ქალს რას ვერჩით. დროზე ადრე  დაიხალა ტყვია, თორემ მერე  კლიმაქსი გატანჯავდა.

იცინიან.

 

ხრუშჩოვი

თავისუფალი ხარ, ამხანაგო ლაზურკინა. პარტიის სახელით მადლობას მოგახსენებ.

 

დორა ლაზურკინა

 და პენსია?

 

ხრუშჩოვი

ეგ საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება. გპირდები.

 

დორა ლაზურკინა

თუ მოკვდი, რაღათ მინდა.

 

ხრუშჩოვი

სამაგიეროდ, პარტია დაგაფასებს. ნახვამდის.

დორა ლაზურკინა გადის.

პაუზა.

ხრუშჩოვი  ყურმილს იღებს. ნომერს კრეფს.

პაუზა.

ამხანაგ  მჟავანაძესთან შემაერთეთ!  (პაუზა) ჰო, მე ვარ. (პაუზა)    რა გადაწყვიტე?   ნუ ბავშვობ,  ცოცხალი კი არ გაგყავს. (პაუზა) გვამის გეშინია?   მან ყველა გვიხმარა, ვასილ პავლოვიჩ. (პაუზა)  მერე? ასე რთულია ამ  ოპერაციის შესრულება? (პაუზა)  რა ასთმა, კაცო. ასთმა როდის გქონდა. ბოდავ? (პაუზა)  ნუ ჩქარობ. იფიქრე.  31 მდე დიდი დროა (პაუზა) იცოდე, საქმე  პარტიის ბედს ეხება. აბა, შენ იცი. (პაუზა)

ყურმილს კიდებს.

მაგრად  გვიხმარეთ, ამხანაგო სტალინ!   მკვდარსაც ვერ გთმობენ!

ისტერიულად ხარხარებს.

 

 

 

მეორე  სცენა.

1961 წლის 23 ოქტომბერი.  ლენინის და სტალინის მავზოლეუმი.

ყვავილებში ჩაძირული ბელადები ერთმანეთის გვერდით წვანან.

ასაკ დაუდგენელი  ქალბატონი ვინმე ლოლა ყარანგოზაშვილი  ლენინის  მუმიას  სპეციალური ხსნარებით წმენდს.

 

 

ლოლა ყარანგოზაშვილი:

(ჩიფჩიფებს)

მეტის ღირსი ხართ. აბა, რა გეგონათ:  ჯერ    ჩემი ცხონებული და გამიკულაკეთ.   ოჯახში ლუკმა პურის შემომტან  ერთადერთ ძროხას  კბილებით იცავდა.  კუდზე ექაჩებოდა, არ თმობდა-შვილები დამეხოცებაო. შენ არ გემახსოვრება და პრინციპში არც უნდა გახსოვდეს,  მიგზავნილები დაპყორჭნა ლამის .რკინის მკვნეტავი იყო. მეტი საქმე არ ქონდა, თქვენნაირებისთვის გაეყადრებინა  თავი.

ჩოთქით ფეხსაცმელს უპრიალებს.

მერე,  ეგერ იმან ( სტალინის  კუბოსკენ იშვერს ჩოთქს)ჩემი  ქმარი დააჭერინა. დედას გეფიცები, ეგეთ პატიოსან კაცს სანთლით რომ ეძებო მაინც ვერ ნახავ. არ გამიჩერეს, რაღაც უაზრო  ბრალდება შეუთითხნეს- ბომბეიდან  ლონდონამდე გაყავდა საიდუმლო გვირაბიო და კონტრევოლუციის  ბრალდებით დახვრიტეს.  თქვენ ნორმალურები თუ ხართ, რა ბომბეი. კაცი მთელი თავისი ცხოვრება  ტყიბულს ვერ გაცდა და თქვენ კიდე- კონტრევოლუციონერიო, დაგიჩემებიათ.

(ლენინს   კუბოში ჩახედავს)

რა მიკვირს, იცი?  37-ში ჩემი  ბიძაშვილის ქმარიც დაიჭირეს,    სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით მგონი,  აბსურდი, ნუ.  ხოდა,   შარშან გამოუშვეს. ეგ ყვებოდა,  53-ში  სტალინი   დავიტირეთო, ციხეშიო.  გისოსებს  ვეჯაჯგურებოდითო, წარმოგიდგენია?  მამაჩემზე არ მიტირია იმდენი, რამდენიც სტალინის გარდაცვალებაზეო.  გადამრევს ეს ხალხი. რა შარმი გქონდა ასეთი.  პირველად მესმის,  მონამ თავისი ბატონის სიკვდილი ასე განიცადოს. სიგიჟეა, მე მოვკვდე.  ეტყობა, ცემდნენ და გააფრინა, მარა ყველას,  კაცო?  სხვებიც იგივეს ყვებოდნენ, გადარჩენილები, უკან დაბრუნებულები… არ ვიცი, რაც არ ვიცი არ ვიცი.

პაუზა.

სხვათაშორის,  დახვრეტის ამბავი აგერ ახლა, ორი წლის უკან გავიგე.  ამხანაგი  ხრუშჩოვის რომ არა, მაგ ამბავს გადავყვებოდი. გვიშუამდგომლა. მარტო მე კი არა,  ყველა ჩემნაირ უქმრო, უშვილო, ათას გზის გაუბედურებულ და ცხოვრება დანგრეულ ქალებს.

(ჩურჩულით, ლენინს)

სხვათაშორის, ყველაფრის მიუხედავად მაინც ნეხვის გროვაა. პენსია არ დამინიშნა. კაპიკებით ვცხოვრობ. შეიკვეხოს  ეგ ოქმი  უკან, არადა ბრილიანტი ცოლი ყავს!  გენიალური! ჩემი  მამიდაშვილის გარებიძაშვილია. იზა კანცელარიაში მუშაობს მაგათთან, კრემლში, ჰოდა, ისევ  მაგან  შეაფუცხუნანინა და  ბედის ირონიით,  აქ შემოაკვეხებინა ჩემი თავი. კიდე კაი, დასარჩენი ადგილი მაინც მაქვს, თორემ  აქამდე გავფშიკავდი ფეხებს.

(სტალინს  გახედავს)

გირტყას უნდა კაცმა ეს ჩოთქი თავში.

ვერც კი წარმოიდგენ რა გამოვიარე.    ჩათვალე, რომ33 -დან37 წლამდე  არ ვარსებობდი.  განა მარტო მე?   ზოგის  მამა ძმა და მამამთილი  ერთდროულად იჯდა და კაციშვილს არ ქონდა წარმოდგენა, ცოცხლები იყვნენ თუ მკვდრები. არა, სისტემა კი გვაიმედებდა,   ცოცხლები არიანო და წერილს-წერილზე ვწერდით, ისტერიულად, მაგრამ როგორც კი ,,პრავა ბეზ პერეპისკა’’ მივიღე,  გულმა ცუდი მიგრძნო. მეთქი, აქ დავმთავრდი. მორჩა. უნდა შეეგუო.

სპეციალურ ხსნარს აშხურებს ლენინს სახეზე. მერე კი ტილოთი აპრიალებს.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16