მჟავანაძე:

საქმეზე გადავიდეთ, ამხანაგო მოშკოვ, საქმეზე.  სადაცაა დაგვათენდება. წადით, ბიჭებს დაუძახეთ.

მოშკოვი გადის.

 

მჟავანაძე

(ოფლს იწმენდს)

კოშმარი ყოფილა.

გასასვლელისკენ მიდის.

სტალინი თვალს ახელს. წამოდგება.

 

სტალინი

( იცინის)

მარტო მტოვებ,  შე  ვირიშვილო?

მჟავანაძე ძირს იშხლართება

 

მერვე სცენა 

ფსიქიატრის კაბინეტი. მაგიდასთან   შუა ხნის ასაკის ფსიქიატრი ზის. მაგიდის მეორე მხარეს- მჟავანაძე.

 

ფსიქიატრი:

განაგრძეთ.

 

მჟავანაძე:

რაც გამახსენდა ყველაფერი მოვყევი, მაგრამ  უცნაურად მიყურებთ. ჩემი არ გჯერათ?

 

ფსიქიატრი:

თქვენი აზრით, რამდენად ლოგიკურია  მკვდართან დიალოგი.

მჟავანაძე დუმს.

 

ფსიქიატრი:

მიპასუხეთ.

მჟავანაძე დუმს.

 

ფსიქიატრი:

ვცდილობ, გაგიგოთ. თქვენ კი არ მეხმარებით. ასე როგორ შეიძლება.

 

მჟავანაძე:

მე მას რეალურად ველაპარაკე. ცოცხალია.

 

ფსიქიატრი:

ვინ? ნუ გადამრევთ, კაცო.

 

მჟავანაძე:

ორივე.

 

ფსიქიატრი:

მოიცა, მოიცა, თქვენ არაფერი გითქვამთ ლენინთან დაკავშირებით. მასაც ესაუბრეთ?

 

მჟავანაძე:

არა,   უბრალოდ სტალინმა მითხრა-ძინავსო.

 

ფსიქიატრი:

(ჩურჩულით)

სტალინი  1953 წელს გარდაიცვალა.

 

მჟავანაძე:

ვიცი. უფრო სწორად,  აქამდე მეც მასე მეგონა.

(ჩურჩულით)

ცოცხალია, ისევ ჩვენით მანიპულირებს. აღარ შემიძლია. დამიჯერეთ, გთხოვთ, თორემ  ფანჯრიდან გადავხტები.

 

ფსიქიატრი:

( იცინის)

პირველი სართულია.

 

მჟავანაძე:

 ყელს გამოვიჭრი.

 

ფსიქიატრი:

აქ  ბასრი საგნები არ გვაქვს.

 

მჟავანაძე:

არც ჩანგალი?

 

ფსიქიატრი:

არა.

 

მჟავანაძე:

შეიძლება წავიდე?

 

ფსიქიატრი:

პალატაში კი. სახლში-  ჯერჯერობით- არა.

 

მჟავანაძე:

როდის  გამიშვებთ სახლში?

 

ფსიქიატრი:

ეგ თქვენზეა დამოკიდებული და თერაპიის  ხანგრძლივობაზე. ჩვენთან უნდა ითანამშრომლოთ.

 

მჟავანაძე:

არ ვარ მე გიჟი.  მენდეთ!

გადის.

 

ხანგრძლივი პაუზა

 

 

ფსიქიატრი:

არის აქ ვინმე ნორმალური?

                                                           ფარდა.

2019-2020 წ.ნოემბერი-თებერვალი

 

 

 

 

 

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16