ლოლა:

ხოდა იმას, ვამბობდი,რომ  ჩემი ცხონებული ქმრის- ბიჭიკო   ყარანგოზაშვილისგან მხოლოდ სამი წერილი მივიღე.  ერთში მწერდა,  ლოლა,  ვერ ვივარგე, როგორც ქმარმა. უშვილძიროდ  დაგტოვეო.  მეორეში: ფულს მთხოვდა, მშიაო.  არ ვიცოდი, რა  გამეკეთებინა.  ფულს ვინ გამაგზავნინებდა. ჰოდა,   ავიღე მაგარყდიანი ბლოკნოტი,  გავჭერი ყდა და შიგ  ასმანეთიანები ჩავდე. მერე საგულდაგულოდ შევაწებე. წერილი რუსული მიმართვით  დავიწყე: дорогой  кдашипулия!  გაჭრა. ვერაფერი შენიშნეს.  რამდენიმე თვეში   მისგან უკანასკნელი წერილი მივიღე…

იცინის.

ახლა კი მეცინება, თუმცა მაშინ შიშისგან ლამის ვიფსამდი.  ვინმეს რამე  საეჭვოდ არ ჩაეთვალა. შენც ჩემზე უკეთ იცი, როგორ ასო-ასო ამოწმებდნენ  წერილებს. ამანათებზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

  შვილი მაინც  მყოლოდა მისგან. ვერ მოასწრო.  არადა, როგორ უნდოდა. ბიჭი თუ მეყოლა  ბეჟანს დავარქმევო.   ბეჟანი ბაბუამისს ერქვა, პატიოსანი კაცი იყო, ქირურგი.

ერთხან დუმს.

ლენინის შარვლის ტოტებს  წმენდს.

 

ლენინის კუბოსკენ უფრო ჩაიხრება:

ისე,  მაგ ამბებში მორცხვი იყო. იცი, შენ რასაც ვგულისხმობ. არ უნდა მაგას დაზუსტება.  ამასავით  ( სტალინს გახედავს)  გადარეული კი არ იყო.   ის პირველი სიგიჟემდე უყვარდა და როგორც მითხრეს,  დასაფლავების დროს   სამარეშიც კი ჩაუხტაო. მეორეს,  სტუმრების თანდასწრებით მანდარინის თუ ფორთოხლის მოკუჭული  ქერქი ესროლა. რაღაც უადგილო თუ ქალისგან მოულოდნელ თამამ რეპლიკას  გაუღიზიანებია ვაჟბატონი. ხოდა, დილით მკვდარი უპოვიათ, საწოლში.  ფუ, მხეცი,  ნადირი. რომ შეეძლოს, ცოცხლად შეგვჭამდა, დაგვღეჭავდა. ისედაც სტრესული გარემო იყო. 5 წელი შიშში ვიცხოვრე. ჩემოდნებიც კი მქონდა გამზადებული:  ნებისმიერ დროს შეეძლოთ წავეყვანე.  ქალად მე არ ვვარგივარ.  აგე, ხელები როგორ მიკანკალებს.

სტალინის კუბოსთან გადაინაცვლებს

იცით, საერთოდ შიში რა არის? არამგონია.  დიდი სიამოვნებით დაგიპყორჭნიდით მაგ ნაყვავილარ სახეს. დედა, შორიდან როგორი მომნუსხველი  იყავით და აქ  რანაირი დაგვაჯული ხართ, იოსებ  ბესარიონოვიჩ.  არ გაჭმევენ?  მთხოვეთ და სუხარს მაინც მოგიტანთ.   არ შეიძლება ეგრე.  დაავადმყოფდებით.

იცინის.

რამ გამომაშტერა.  მკვდარს რომ ველაპარაკები ნეტა ჩემ ქმართან მელაპარაკა ამდენი. მარა ცოცხალივით როა?

ლენინს საყელოს უსწორებს.

უეცრად  ლოლა აცემინებს.

 

სტალინი:

სიცოცხლე!

 

ლოლა:

მადლობა!

( იაზრებს  სიტუაციის ალოგიკურობას. დაფეთდება)

დედა, ჩემი სიკვდილი.  მომესმა?  ვბოდავ მგონია.

არა, მაინც რანაირი აკუსტიკაა. ბიჭებმა იმაიმუნეს ალბათ.  19 წლის ლაწირაკებს რომ აყენებ ყარაულად, აბა რა მოლოდინი უნდა გქონდეს.  ყრიან უსაქმურად და ჩემნაირ  ბედდამწვარებს  უმწარებენ ცხოვრებას.

კივის.

 გამოდი, ერთი, რომელი ხარ!

მიწა დაგაყარეთ გულზე!

კუბოებს გახედავს

თქვენ არა. თქვენთვის ეგ  მადლია.

გადის.

პაუზა.

სტალინი გაიზმორება.

 

სტალინი:

ადე,  წავიდა.

ლენინი   თვალს ახელს. წამოჯდება.

( ამრეზით ცხვირზე იჭერს ორ თითს)

 

ლენინი:

მწამლავენ მე ესენი. აღარ შემიძლია ამ სუნის ატანა.  ავქოთდი.

 პაუზა.

სუნი არ გცემს?

 

სტალინი:

( ჩიბუხს ტენის. გაუკიდებს.  მოქაჩავს)

 მე მითხარი რამე?

 

ლენინი:

არა, პარანოია დამეწყო და კედლებს ველაპარაკები.

 

სტალინი:

ისევ გაღიზიანებული ხარ ჩემზე.

 

ლენინი:

არ უნდა ვიყო?

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16