მჟავანაძე

(წყინს)

მადლობა. ამის დროა ახლა? ისედაც ნევროზი მაქვს.

 

ვიქტორია:

მოიცდის ნევროზი. გამარკვიე რა რვეულია ეს.   ვკითხულობდი და თვალებს არ ვუჯერებდი.   ყველაფერთან ერთად საშინლად უნიჭო მატყუარა ყოფილხარ.

 

მჟავანაძე:

სიმულაციაა ეგ.

 

ვიქტორია:

ადამიანურად ამიხსენი.

 

მჟავანაძე:

ჩემი დღიურია ეგ. ოღონდ  როგორც უკვე მიხვდი, თავიდან ბოლომდე ყალბი. როგორ ვტყუოდი, ეგ უკვე სხვა საკითხია, მაგრამ მე შემიძლია, გითხრა, რატომ ვაკეთებდი ამას, თანაც 10 წლის განმავლობაში. იმედია, გამიგებ.   არც ერთი დღე ჩემს რეალურ ცხოვრებასთან თანხვედრაში არ იყო.  ასე ვთქვათ,  ახალი, ჩემგან განსხვავებული ორეული შევქმენი,  სრული ფალსიფიკაცია.

 

ვიქტორია:

შეშლილი ხარ.   10 წელი   არარსებულ  ცხოვრებას აღწერდი?

 

მჟავანაძე:

მე კი არა – კონტექსტი იყო  შეშლილი.  ხან ვის იჭერდნენ-ხან ვის. სრულიად უდანაშაულო კოლეგები  გამიქრეს, საკუთარ დაწესებულებაში. წარმოგიდგენია?   ჰოდა,  შიშები მქონდა. იძულებული ვიყავი ყალბი დღიური მეწარმოებინა.  ვთქვათ, დავეჭირე, ხომ გადაჩიჩქნიდნენ შენსავით ყველაფერს?  დღიურით მაინც შევძლებდი თავის გადარჩენას.  საუბარში რაღაც სისულელეს დააბრეხვებ, ვთქვათ პოლიტიკურ ანეგდოტს და მერე  მარტივია დაბეზღება, მაგრამ დღიურში საკუთარ თავს ხომ ვერ მოვატყუებდი, არა? ჩახედავდნენ- პატიოსანი კაცია- არ ილანძღება, პარტია უყვარს.  მარტო  ჩემზე კი არა- შენზეც ვიზრუნე, სხვათაშორის.  ვერ წარმოიდგინე  რა სიგიჟეა  გამოგონილი  ბიოგრაფიით ცხოვრება.  გეფიცები,  პარანოიის ზღვარზე ვიყავი.

 

ვიქტორია:

საცოდავო. შეგეძლო თავის დროზე გეთქვა.

 

მჟავანაძე:

არ შემეძლო, ვიკა. არა. იმ დროს შენ კი არა, საკუთარ თავსაც ვერ ვენდობოდი.  14 რვეული გავავსე. წარმოგიდგენია?  მაგრამ შენ ჩემზე კარგად იცი-  რა პირობებში  ვცხოვრობდით. ახლა  ნაკლები დაშინებაა.  მართალია, ნიკიტა დებილია, მაგრამ  ვერ მოატყუებ.  (პაუზა)   მე დამავალა  სტალინის გამოსვენება.  მამცირებს, ქართველი რომ ვარ.

 

ვიქტორია:

სტალინი მკვდარია, ვასა.    გაიყვანე, არ გიკიბენს.

 

მჟავანაძე:

მკვდარიც საშიშია, ვიკა.   არ ვბოდავ, მართლა.

 

ვიქტორია:

სტრესებში ხარ, გადაიღალე. არ გინდა შვებულებაში გახვიდე?

 

მჟავანაძე:

კრემლის დავალებაა. მომხსნიან, გამაქრობენ.

 

ვიქტორია:

ჰოდა, მიხედე.

 

მჟავანაძე:

მთრგუნავს.

 

ვიქტორია:

 მაშინ უთხარი ხრუშჩოვს და მოასვენეთ  ის კაცი მავზოლეუმში. რას დაათრევთ აქეთ-იქით.

 

მჟავანაძე:

სტალინი მოკვდა, მაგრამ იდეა ცოცხალია.

 

ვიქტორია:

რას ბოდავ, რა იდეა?

 

მჟავანაძე:

სისტემა, ვიკა, სისტემა. მარადიულია ეგ.  თავით შეასკდი თუ გინდა-არ დაინგრევა. არ წვები? რთული დღე მაქვს.

 

რეკავს ტელეფონი.

 

მჟავანაძე:

მე ვუპასუხებ.

დგება. გადის.

პაუზა.

 

ვიქტორია:

(აგდებით)

პანიკიორი!

შუქს აქრობს და იძინებს.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16