რეზო – საერთოდ, რატომ მობრძანდით, ქალბატონო ლაურა?.. ვინ დაგპატიჟათ?..

ხათუნა (ტირილს წყვეტს) – რეზო, გაგიჟდი?!

ანრი (რეზოს. ხმადაბლა) – ძალიან გთხოვ…

რეზო – მე მაპატიეთ… მაპატიე, ანრი…

ხათუნა – ლაურა, გადმოჯექი ჩემთან. რაღაც უნდა გითხრა…

ლაურა – აქაც მშვენივრად ვზივარ. (რეზოს ამრეზით უყურებს)

მედიკო (ანრის. ხმადაბლა) – წადი, დაისვენე… ესენი აქ დიდხანს იქნებიან…

ანრი (ღვინით სავსე ჭიქას აიღებს და წამოდგება. მხიარულად) – დიდხანს ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ თავი აღარ მოვიკლა!..

ხათუნა – რა თქვი?!

რეზო (თავისთვის ტაშს უკრავს) – ბრავო…

ხათუნა (მედიკოს) – რა თქვა?! თავი უნდა მოვიკლაო?!

მედიკო – აღარ უნდა მოვიკლაო…

ხათუნა – ვაიმე…

ანრი – ვინ სვამს ჩემთან ერთად?..

რეზო – მე.

ანრი – ჰოდა, მოდი სიცოცხლეს გაუმარჯოს!

რეზო – გაუმარჯოს!

(ერთმანეთს ჭიქებს უჭახუნებენ)

ლაურა (თავისთვის) – ეს რომ მცოდნოდა, აქ რა მომიყვანდა?..

რეზო – მე, მთელი ჩემი არსებით, მოულოდნელობა ვარ, ქალბატონო ლაურა…

ლაურა – რა გეტყობათ, რომ გლოვობთ და მეგობარს გულშემატკივრობთ?..

რეზო – თქვენ რა გეტყობათ, ქალბატონო ლაურა?..

ლაურა – მე? მე რა შუაში ვარ?..

რეზო – საქმეც მაგაშია, რომ არაფერ შუაში ხართ და ეტენებით იქ, სადაც არაფერი გესაქმებათ…

ხათუნა – რეზო! ღმერთო ჩემო!.. (სახეზე ხელებს აიფარებს).

ლაურა – რომ შემეძლოს, დაუფიქრებლად მოგკლავდი…

რეზო – მაგრამ არ შეგიძლია, ხომ?.. (ცინიკურად) საქმეც ეს არის…

ლაურა – ქვა მინდა თავში ჩაგცხო…

რეზო – რატომ იძაბებით, ქალბატონო ლაურა?..

(ხანგრძლივი პაუზა. ყველა ხათუნას მიჩერებია, რომელიც დივანზე წამომჯდარა და მძიმედ სუნთქავს).

ანრი – როგორ ხარ?..

ხათუნა (თავზე ხელებს წაივლებს) – თავი მტკივა… საშინლად…

ლაურა (რეზოს) – ცალკე დაგელაპარაკები… ახლა ამის დრო არ არის…

ხათუნა (რეზოს და ლაურას) – რა გჭირთ?.. გული უნდა გამიხეთქოთ?.. რეზო, არ გრცხვენია?..

რეზო (ანრის) – გაიყვანე დედაშენი აქედან… ნერვები არ მყოფნის…

ხათუნა (ანრის) – გაგიჟდა, მგონი, ეს ბიჭი… (ტირის).

ანრი (ხათუნას) – წამო, ჩემს ოთახში დაგაწვენ…

ხათუნა (ისტერიკულად) – არა! (პაუზა. უცებ მშვიდდება. ხმადაბლა) არა.

რეზო (მედიკოს. ხმადაბლა) – მალე მერი მოვა…

ანრი – ვინ მოვა?..

(პაუზა. ხათუნას სახეზე ხელები აუფარებია და ზლუქუნებს).

მედიკო – მერი… (სუფრიდან დასვრილ თეფშებს იღებს).

ანრი – მერი ვინ არის?..

ლაურა (ანრის) – სიგარეტს მომაწევინებ?..

ანრი – აქ ნუ მოწევთ, ლაურა დეიდა… (სიგარეტის კოლოფს გაუწვდის).

ლაურა – რატომ?..

ანრი (კომოდისკენ ანიშნებს) – კანდელი ანთია…

რეზო (ლაურას. ცინიკურად) – თქვენ, მგონი, მორწმუნე ხართ, არა?..

ლაურა – დიახ… და სიგარეტის მოწევა მინდა ოთახში. პრობლემაა?

რეზო (მხრებს აიჩეჩავს) – არავითარი. უბრალოდ, კანდელი ანთიაო, ანრიმ შეგახსენათ… ბარემ კანდელიდან გადაგეკიდათ…

ლაურა (რეზოს მისამართით ხელს ჩაიქნევს) – ფუჰ… თუ ესეც სალაპარაკო გახდება, აივანზე მოვწევ… (აივანზე გადის).

ხათუნა – ნანა და ლიზიკო ვნახე…

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15