მეორე სცენა

 

(ანრის ბინის საძინებელი ოთახი. საწოლზე ანრი და მედიკო ჩამომსხდარან. ანრის მედიკოს მხარზე თავი ჩამოუდვია. მედიკო ხელზე ეფერება).

 

მედიკო – სად იყავი მაშინ, როცა ეს მოხდა?

ანრი – სამსახურში…

მედიკო – რა ჯანდაბა გინდოდა სამსახურში, ანრი?..

ანრი – არ ვიცი… გათენდა და წავედი.

მედიკო – არ იცოდი, იმ დღეს ხიდის აფეთქებას რომ გეგმავდნენ?

ანრი – ვიცოდი. ტელევიზორში თქვეს.

მედიკო – ისიც ხომ იცოდი, ნანა და ლიზიკო ქუჩაში გასვლას და აფეთქების ნახვას რომ აპირებდნენ?..

ანრი – ვიცოდი… (მიაყურადებს) ხომ არ წავიდნენ?.. ჩამიჩუმი არ ისმის…

მედიკო (პაუზის შემდეგ) – არა. მერს ელოდებიან. (პაუზა) იმ საღამოს ლიზიკო ხომ ამბობდა, ხვალ ხიდის აფეთქება უნდა ვნახოო?..

ანრი – კი. ამბობდა…

მედიკო – რატომ არაფერი უთხარი?.. რატომ არ დაუშალე?..

(ანრი მედიკოს მკერდზე ეფერება. მედიკო პერანგის ღილებს ჩაიხსნის და ძუძუებს გამოაჩენს. ანრი მკერდზე დაეწაფება).

ანრი (მძიმედ სუნთქავს) – ნანა და ლიზიკო ლაპარაკობდნენ იმ საღამოს, ხვალ ყველა მეზობელი აპირებს ხიდის აფეთქების ნახვასო… ჩვენც წავიდეთო… (მედიკო სიამოვნებისგან კვნესის) მე სამზარეულოში ვიჯექი და ვჭამდი… (ხელს, მედიკოს, ფეხებშუა, კაბის ქვეშ შეუყოფს) საფლავებისთვის ღობე 2-3 დღეში მზად იქნება და შემოვღობავ… მერე შევღებავ… (მედიკოს ძუძუებს თავს ანებებს და ლოგინზე მოწყვეტით გადავარდება) ყველას თეთრად აქვს შეღებილი ირგვლივ და მეც ალბათ თეთრად შევღებავ…

მედიკო (ანრის მუხლებზე ეფერება. ოთახისკენ აყურადებს) – მართლა რა ჩუმად არიან?.. (პაუზა) მერის ნახვა ძალიან უნდათ…

ანრი – სამსახურიდან ალბათ წამოვალ. რეზოს კერამიკის საამქრო აქვს და ჭურჭელს აკეთებს. იცი, რა ლამაზია?..

მედიკო – მერი იმიტომ მოდის, რომ მოგისამძიმროს. თან რაღაც საქმეც აქვს მგონი შენთან…

ანრი – რეზომ მითხრა, ჩემთან გამუშავებო. თიხასთან და კერამიკასთან მუშაობას მასწავლის. მერე ერთად გავყიდით ჭურჭელს. (პაუზა. უცებ წამოხტება) ახლავე გადი და ყველას უთხარი, რომ წავიდნენ… ახლავე წავიდნენ!..

მედიკო – არ წავლენ…

ანრი – რას ნიშნავს, არ წავლენ?..

მედიკო – სანამ მერი არ მოვა და არ ნახავენ, ფეხს არ მოიცვლის არავინ… ანრი – რა უნდათ ამ მერისგან?..

მედიკო – გაცნობა უნდათ…

ანრის – ყველას?..

მედიკო – თითქმის… ის მალე მოვა და შენს ნახვას მოინდომებს… რას აპირებ?..

ანრი (გარდერობს გამოაღებს) – ახლავე წავალ აქედან!.. (ტანსაცმელს ეძებს).

მედიკო – ვერსად ვერ წახვალ… მერი რომ მოვა, გახვალ ოთახში, ხელს ჩამოართმევ და სამძიმარს მიიღებ…

ანრი (უცებ ჩერდება) – ეს რას ნიშნავს?..

მედიკო – რა-ეს?..

ანრი – აი, ეს ბრძანებითი ტონი. რატომ გგონია, რომ იმას გავაკეთებ, რასაც მეუბნები?..

მედიკო – კი არ მგონია – დარწმუნებული ვარ…

ანრი – თქვენ რაღაც ჩაიფიქრეთ… ყველამ ერთად… (გარდერობიდან ტანსაცმლის გადმოყრას აგრძელებს. ხელები აუკანკალდება და შარვლის ჯიბეებში ჩამალავს).

მედიკო – ხვალვე თუ ექიმს არ ეჩვენები, თვალით არ დაგენახვები…

ანრი – ექიმი და წამალი ვერ მიშველის… ხელები სხვა მიზეზით მიკანკალებს…

მედიკო – ექიმის გარდა, ვერავინ გიშველის, ანრი. დამიჯერე.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15