მედიკო (აწყვეტინებს) – სად უნდა იყოს?! აბაზანაში იქნება!!! (ხათუნა წამოხტება და აბაზანისკენ გარბის. ანრი მედიკოს ხელს უხეშად მოიშორებს. პირს და პერანგს სავარძლის გადასაფარებლით გადაიწმენდს და საძინებელში შევარდება. კარს მოიჯახუნებს და ლოგინზე მიეგდება. ოთახში ხათუნა შემოდის – ტაშტით და ცოცხით ხელში. ანრის საძინებლის კართან მიდის. მორიდებით აკაკუნებს. ანრის რეაქცია არ აქვს. მედიკო თავს გააქნევს და ხათუნას ტაშტს გამოართმევს, ნარწყევთან დააგდებს და აბაზანაში შედის).

ხათუნა – შეიძლება შემოვიდე?.. (ანრი ლოგინზე გაუძრევლად წევს. ხმას არ სცემს) ანრი…

რეზო – შებრძანდით, ხათუნა დეიდა. რად უნდა ამდენი კითხვა-პასუხი? თქვენი შვილი არ არის?.. თუ გნებავთ, შემოგყვებით… ხო, მართლა… (ჯიბიდან დაკეცილ ბილეთს იღებს) აიღეთ თქვენი ბილეთი… არ დაგრჩეთ…

ხათუნა (ბილეთს უხეშად გამოსტაცებს. გაშლის და ათვალიერებს. კარზე ისევ აკაკუნებს) – ანრი, მივდივარ და დამშვიდობება მინდოდა…

ანრი (ლოგინზე ნელ-ნელა წამოჯდება) – შემოდი…

(ხათუნა საძინებელში შედის. მედიკოს ტილო და აქანდაზი შემოაქვს და ნარწყევის ასუფთავებას შეუდგება. ლაურა სიგარეტს მოუკიდებს და აივანზე გადის. რეზო სკამზე ჩამოჯდება და სახეს ხელებში ჩარგავს).

ხათუნა (აღელვებული) – იცოდე, შენ თუ რამე მოგივა, მეც მოვკვდები…

ანრი (სახეს ისრესს) – კარგი, დედა…

ხათუნა – რატომ აყიდვინე ბილეთი რეზოს?..

ანრი – მანდ წყლის ბოთლი აგდია და მომაწოდე…

ხათუნა (წყლით სავსე ბოთლს პოულობს და ანრის გაუწვდის) – რატომ ტრიალებს მედიკო შენს სახლში დიასახლისივით?.. ვინ მიგდია?!

ანრი (მძიმედ სუნთქავს) – წადი დღეს საღამოს… შენს სახლში… რეზო გაგიშვებს ტაქსით…

ხათუნა (დაკეცილ ბილეთს აჩვენებს. აცრემლებული) – მართლა შენ აყიდვინე ეს ბილეთი?!

ანრი – თუ გინდა, სადგურში გამოგყვება…

ხათუნა (ცრემლებს იწმენდს) – ვერსად ვერ წავალ…

ანრი – რატომ?..

ხათუნა (მკაცრად) – იმიტომ!..

(ხანგრძლივი პაუზა. აივნიდან ოთახში ლაურა შემოდის. მედიკომ იატაკი უკვე მოწმინდა და სავარძელზე ჩამომჯდარი სულს ითქვამს. რეზო ბოლთას სცემს).

ლაურა (თავისთვის) – სამი დღე არაფერი უჭამიაო, და რა აღებინა ამდენი?..

რეზო (ცინიკურად) – თქვენდამი სიძულვილი, ჩემო ქალბატონო…

(ლაურა, მოულოდნელად, მაგიდაზე დადგმულ ღვინის ცარიელ ბოთლს ხელს დაავლებს და რეზოს თავზე გადაამსხვრევს. რეზო იატაკზე ეცემა. სისხლი თქრიალით მოსდის. ლაურა ძირს დაგდებულ რეზოს წიხლებს ურტყამს, სანამ მედიკო არ შემოვარდება. მედიკო ლაურას მთელი ძალით სავარძლებისკენ მოისვრის. ლაურა სავარძლებს შუა, იატაკზე ენარცხება).

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15