ანრი – ბებიაჩემს ხელებზე მწვანილის და მიწის სუნი ასდის, ტანსაცმელი კიდევ დამწვარი ბალახის ბოლით აქვს გაჟღენთილი…

რეზო – რაც სათქმელი იყო, ითქვა. რაც სანახავი იყო, გამოჩნდა. რაც მოსახდენი იყო, აღსრულდა… ცოდვათა ჩვენთა გამო…

ანრი (ცარიელ ბოთლს მაგიდის კიდეზე ჩამოამსხვრევს. ნატეხს მაჯასთან მიიტანს. ჩურჩულით) – ცოდვათა ჩემთა გამო, რეზო…

რეზო – თუ მოკვდები, ისინიც შენთან ერთად გაქრებიან…

ანრი – ისინი უკვე გაქრნენ, რეზო…

რეზო (ცრემლები მოსდის) – მათი ხსოვნა შენთან ერთად დაიმარხება, ანრი…

ანრი – სანამ სისხლისგან დავიცლები, მაგიდამდე უნდა მივაღწიო, რომ 18 ათასი ცოდვა და სიბინძურე მოვხვეტო, და ფანჯრიდან გადავუძახო…

რეზო (აკანკალებულ ხელს მაჯაზე დაადებს) – მითხარი: ვინ უნდა შეინახოს ნანას და ლიზიკოს ხსოვნა?..

ანრი – ბებიაჩემის ბოსტნის სურნელი ვიგრძენი… (რეზოს მაჯას გამოსტაცებს და ზედ შუშის ნატეხს გადაისვამს. სისხლი იფეთქებს. ფეხზე წამოდგება, მაგრამ მუხლები მოეკვეთება და ეცემა).

რეზო (თავზე დააცხრება) – ანრი… ანრი… შე დაუნდობელო!!! (პერანგს გაიხდის, გახევს და ჭრილობაზე შემოუჭერს) ნუ გეშინია… ნუ გეშინია… (გონდაკარგულ ანრის იატაკზე დააწვენს) ბებია… მოხუცი ბებია გელის სოფელში… ბებია გიშველის… ნუ გეშინია… არ მოკვდე…

(ანრი მკერდში ბავშვივით ჩაუხუტებია და არწევს. სცენა თანდათანობით ბნელდება).

 

მეექვსე სცენა

 

(სცენა სუსტადაა განათებული. ცენტრში მურაზი დგას. მის ირგვლივ ჩართული ტელევიზორია, ტელევიზორის წინ – ბავშვის საწოლი, სკამი, ზედ გადაკიდებული სისხლიანი ტანსაცმლით, სკამის გვერდით – ნანას და ლიზიკოს გადიდებული ფოტოები, ფოტოების წინ – ანთებული კანდელი).

 

დიქტორის ხმა ტელევიზორიდან: ქალაქის გარეუბანში, ძველი ხიდის აფეთქებას ტრაგედია მოყვა! (სცენაზე ჭერიდან ბანკნოტების ცვენა იწყება, რომელიც დიქტორის ტექსტის დასრულებამდე ცვივა) ქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულმა ძველი ხიდის დემონტაჟმა ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა! არასწორად ორგანიზებული აფეთქების შედეგად, რკინის და ბეტონის ნამსხვრევები შორ მანძილზე გამოიტყორცნა, რომელიც 32 წლის ქალსა და მოზარდს მოხვდა. მიღებული ტრავმებისგან ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მოგვიანებით, ჰოსპიტალში დაიღუპა გარდაცვლილის 9 წლის ქალიშვილი, რომელიც დედასთან და გარეუბნის სხვა მცხოვრებლებთან ერთად, ხიდის აფეთქების სანახავად, ქუჩაში იყო გამოსული…

 

 

(დიქტორის ხმა თანდათანობით იკარგება. სცენა ნელ-ნელა ბნელდება).

ფარდა

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15