მედიკო (ანრის) – კარგად დაფიქრდი და ყველაფერი აწონ-დაწონე…

ხათუნა – ყველას ის გვინდა, რომ კარგად იყო და თავი არ დაიღუპო.

ლაურა – მე რომ შენს ადგილას ვიყო, ამ ფულზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი.

მედიკო – ნუ იტყვით უარს იმაზე, რასაც სახელმწიფო თქვენი ბედნიერებისთვის გჩუქნით…

ანრი – ეს ფული სახელმწიფომ გასაბედნიერებლად მაჩუქა?!

ლაურა – ეს ფული სახელმწიფომ ახალი ცხოვრების დასაწყებად მოგცა. რასაკვირველია, ეს თანხა საამისოდ საკმარისი არ არის, მაგრამ მერწმუნე, თუ ახალ ცხოვრებას დაიწყებ და სულით არ დაეცემი, სახელმწიფოს კიდევ გაახსენდები და უსათუოდ დაგეხმარება. თანაც – უფრო გულუხვად, ვიდრე ახლა!

ხათუნა – ცხოვრება გრძელდება, დედა…

მედიკო – ბანალურად ჟღერს, მაგრამ ძნელია, არ დაეთანხმო.

ანრი – ხო, რა თქმა უნდა…

ლაურა – ჩვენ სრულიად სერიოზულად გეუბნებით, ანრი.

მედიკო – და არცერთი არ ვართ ხუმრობის გუნებაზე.

ანრი – რა გინდათ ჩემგან?..

(ხანგრძლივი პაუზა).

ხათუნა – ფული უნდა აიღო, ანრი.

ლაურა – მკურნალობა გჭირდება, ანრი.

მედიკო – საფლავები და ღობე გასაკეთებელია…

ლაურა – მათი სულების საცხონებლად ფულის ნაწილს ეკლესიას შეწირავდი…

ანრი (წამოდგება და ჩანთებს დაწვდება) – ყველას გემშვიდობებით… (გასასვლელ კართან შედგება და მობრუნდება) ბატონ მურაზს დიდი მადლობა გადაეცით… და ბოდიში, რომ თანხის აღებაზე უარი ვთქვი. (კარის გაღებას დააპირებს, მაგრამ კარი ჩაკეტილია) რა ხდება?..

მედიკო – კარი ჩვენ ჩავკეტეთ, ანრი…

ანრი – რატომ?..

რეზო (ცინიკურად) – იმიტომ, რომ ვერსად გაგვექცე…

ანრი – რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რეზო?..

ლაურა (წამოდგება და ანრის უახლოვდება) – იმას ნიშნავს, რომ შენს გადაწყვეტილებას ან ახლა იტყვი, ან ჩვენ გათქმევინებთ…

ანრი – რაო?!

მედიკო (წამოდგება და ანრის უახლოვდება) – ჩვენ სულელები კი არ ვიყავით, მთელი დღე აქედან ფეხს რომ არ ვიცვლიდით…

ანრი – ხო… ეგ ვიცი…

ლაურა – ყველას თავისი გაჭირვება აქვს, ანრი… მარტო შენ კი არ ხარ ცუდ დღეში?..

ხათუნა (წამოდგება) – ფული უნდა აიღო, დედა… სხვა გამოსავალი არ არის.

ანრი – კარი გამიღეთ…

(ხანგრძლივი პაუზა. ყველანი, რეზოს გარდა, ანრის თავზე დადგომიან და დაჩერებიან. ანრი ჩანთაზე ზის).

მედიკო – მალე მურაზი მოვა… მოამზადე…

ანრი – რეზო, გასაღები მომეცი. უნდა წავიდე.

რეზო – მე არ მაქვს გასაღები…

ხათუნა – გასაღები ჩვენ გვაქვს…

ლაურა – და არ მოგცემთ…

ანრი – მაინც რისთვის იყავით მთელი დღე და ღამე ჩემთან?..

მედიკო – იმისთვის, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია, გინეკოლოგთან არ ვყოფილვარ… (ხელებს მუცელზე მოისვამს) აქ მაინც და მაინც კარგად არ მაქვს საქმე…

ლაურა – საჩუქრად კი არ გვინდა შენი ფული… გვასესხე და დაგიბრუნებთ… ცხოვრებაში არავისი ვალი არ დამრჩენია და არც დავიტოვებ. (პირჯვარს გადაიწერს) ღმერთია მოწამე…

ხათუნა – ახალ ცხოვრებას დაიწყებ, დედა… მეც მინდა მოხედვა. სამკურნალო ვარ, შვილო.

ანრი (აღელვება ეტყობა) – გასაღები მომეცით…

მედიკო (დანარჩენებს) – შეხედეთ… ხელებზე დახედეთ, რას უგავს…

ლაურა – ფული უნდა აიღო, ანრი…

ხათუნა – და ჩვენც როგორ მოგვეშველები…

მედიკო (დანარჩენებს) – სად არის ფული?..

ხათუნა – სადაცაა, მურაზი მოვა…

ლაურა – ფული გადავთვალეთ… მე და ხათუნამ… ლამაზად შევფუთეთ და შევინახეთ…

მედიკო – სად?..

ლაურა (კომოდისკენ ანიშნებს) – იქ…

რეზო – რა გადაწყვიტე, ანრი?..

ანრი – კარგი…

მედიკო – რა, კარგი?..

ანრი – თანახმა ვარ. ავიღებ ფულს…

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15