მეოთხე სცენა

 

(ანრის ბინის დიდ ოთახში ქელეხის სუფრა ისევ გაშლილია. ანრის გარდა, მაგიდასთან ყველა ზის და მიირთმევს. ანრი საძინებელში დაბორიალობს და ჩანთაში თავის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს ალაგებს).

 

ხათუნა (დანარჩენებს) – ეს თევზი გასინჯეთ?..

ლაურა (გამოტენილი პირით) – სად იყიდეთ?.. ძალიან გემრიელია.

ხათუნა (ძალიან ხმამაღლა ამოიოხრებს) – ვაიმე, დედა!..

მედიკო (ცინიკურად) – რამე ხომ არ გიჭირთ, ხათუნა დეიდა?..

ხათუნა (მედიკოს შეკითხვას არაფრად აგდებს. რეზოს) – რას აკეთებს ოთახში ამდენი ხანი?.. (რეზო ტუჩებს აიბზუებს და მხრებს აიჩეჩავს) იქნებ შეაკითხო?..

რეზო (უხალისოდ) – არა მგონია, ახლა ჩემი დანახვა გაუხარდეს… იქნებ თქვენ თვითონ შეხვიდეთ?..

ხათუნა (ჩურჩულით) – არავის დანახვა არ უნდა და როგორ შევიდე?!

რეზო – თუ არავის დანახვა არ უნდა, ჩემი დანახვა როგორ ენდომება, ხათუნა დეიდა?..

ხათუნა (ჩურჩულით და ისტერიკით) – შედი!!! შედი!!! შედი!!! (მაგიდაზე მუშტს ურტყამს. თეფში ტყდება და ხათუნას ხელი გაეჭრება).

რეზო (შეშინებული წამოხტება) – ახლავე შევალ… დამშვიდდით.

(უეცრად საძინებლიდან ანრი გამოდის. ჩანთებს გვერდზე მიყრის და სავარძელზე ჩამოჯდება).

ლაურა – საით, ანრი?..

ანრი (პაუზის შემდეგ) – მივდივარ. გიტოვებთ ჩემს ბინას, ყველაფერს, რაც აქ არის, და რაც მთავარია – ფულს.

(კომოდიდან გარდაცვლილი მეუღლის და ქალიშვილის ფოტოებს, კანდელს აიღებს და ჩანთაში მოათავსებს).

ხათუნა (გაჭრილი ხელი ლაურასთვის მიუშვერია, რომელიც ჭრილობას დოლბანდით უხვევს) – ხვალ დილით აქ მურაზი მოვა…

ანრი – მურაზი ვინ არის?..

ლაურა – ქალაქის მერი.

ანრი – მერე ჩემგან რა გინდათ?..

ხათუნა – პასუხი უნდა დაახვედრო, ანრი.

ანრი – რა პასუხი?..

მედიკო – იღებ თუ არა საკომპენსაციო თანხას.

ანრი – არ ვიღებ-მეთქი, ხომ ვთქვი?

ხათუნა – რატომ, დედა?..

ანრი – პასუხიც თქვენ დაახვედრეთ და ფულიც თქვენი იყოს…

ლაურა – ასე არაფერი გამოვა, ანრი… პასუხი შენ უნდა დაახვედრო, იმიტომ, რომ ფული შენ გეკუთვნის. ჩვენ რა გვესაქმება შენს ფულთან? პასუხი ჩვენ როგორ უნდა გავცეთ?

რეზო (ლაურას მისამართით. ცინიკურად) – რა უნდა გვესაქმებოდეს შენს ფულთან, ანრი?..

ანრი (პაუზის შემდეგ) – ბატონ მურაზს გადაეცით, რომ უარი ვთქვი ფულზე… და უკან გაატანეთ თანხა.

ხათუნა – ასე არაფერი გამოვა, ანრი…

ანრი – რატომ?..

ლაურა – იმიტომ, რომ თუ უარს გადავცემთ, ფულს წაიღებენ…

ანრი – ჰოდა, წაიღონ… და ყველაფერი დამთავრდება.

მედიკო (დანარჩენებს გადახედავს) – ხო, მაგრამ ჩვენ რომ არ გვინდა ასე დამთავრება?..

ანრი – მაშინ პირდაპირ მითხარით: ფული გინდათ?..

მედიკო – ხო. ფული გვინდა.

ხათუნა – ოღონდ შენთვის, დედა.

ანრი – მე არ მინდა ფული, დედა.

ლაურა – ჩვენ გვინდა, რომ შენ გინდოდეს…

რეზო (თითქოს ლაურას სიტყვებს ასრულებს. ცინიზმით) – დედა…

ლაურა (რეზოს) – რომ შემეძლოს, ნაკუწებად გაქცევდი…

რეზო – მაგრამ არ შეგიძლია… ეს არის ყველაზე მთავარი.

ლაურა – ყველაზე მთავარი ჯერ წინაა…

რეზო – ჩემთვისაც… (ლაურას თვალს ჩაუკრავს).

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15